გადაწყვეტილება №19558/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.07.2023
№ დოკუმენტი 19558/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№19558/2/2023

06.07.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 30.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19558/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 12.12.2022 წლის №31309 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №006-42 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8438 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 153 278,04 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 86 486

დღგ - 27 273

მიწა არასასოფლო - 446

საშემოსავლო გადასახადი - 44 655

ქონების გადასახადი - 14 112

ჯარიმა - 42 117,3

საურავი - 24 674,74

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და რეალიზაცია ბინებისა და კომერციული ფართის სახით.

სადავო დარიცხვა განხორციელებულია აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის შემოწმების აქტით. შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2022 წლის №006-305 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 12.12.2022 წლის №31309 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვით გაიმიჯნება მიწოდებული ბინების მდგომარეობა;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული მასალები) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება საიჯარო მომსახურების საბაზრო ღირებულება;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 12.12.2022 წლის №31309 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 39 305 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 26 015 ლარით და ჯარიმა 13 290 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 9.02.2023 წლის №006-42 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8438 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საქმეზე არსებულ მტკიცებულებებზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნაზე და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიამ კორპუსის მშენებლობა დაასრულა 2019 წელს. როგორც ბინები, ასევე კომერციული ფართი გამიზნული იყო გასაყიდად. თუმცა კოვიდ პანდემიიდან გამოწვეული კრიზისული სიტუაციის გამო ვერ მოხერხდა კომერციული ფართის რეალიზაცია. კომპანიის არსებობისთვის საჭირო ფულადი სახსრების მოზიდვის მიზნით გადაწყვიტა გასაყიდი კომერციული ფართის გაქირავება, შედეგად კომერციული და სარდაფის ნაწილი 2020 წლის აგვისტოს თვიდან იჯარით გადასცა სს -------. დარიცხული 2019 წლის ქონების გადასახადი სრულად უნდა იქნეს ანულირებული (7 056 ლარის ოდენობით), ვინაიდან ამ პერიოდისათვის კომერციული ფართები კომპანიისთვის წარმოადგენდა სასაქონლო მარაგს და არა საინვესტიციო ქონებას/ძირითად საშუალებას, შესაბამისად, 2019 წლის საანგარიშო პერიოდში კომპანიას ზემოაღნიშნულ აქტივზე ქონების გადასახადის დეკლარირების და გადახდის ვალდებულება არ ჰქონდა. რაც შეეხება 2020 წლის ქონების გადასახადის დარიცხვას, როგორც საწარმოსა და სს ------- შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან ირკვევა, სს „--------“ 2020 წლის აგვისტოს თვიდან იჯარით აქვს აღებული კომერციული ფართი 163,20 კვ.მ და სარდაფი 80 კვ.მ, ჯამში 243.20 კვ.მ-ის ოდენობით. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ კომპანიის საკუთრებაშია ჯამში 698,69 კვ.მ ფართობი ერთი კვადრატული მეტრის თვითღირებულება კომპანიის საბუღალტრო მონაცემებით შეადგენს 623,56 ლარს. აქედან გამომდინარე, 2020 წლის ქონების გადასახადი არასწორადაა დარიცხული; ქონების გადასახადი უნდა დაკორექტირდეს და განისაზღვროს 4 356,79 ლარის (698,69*623.56*1%) ოდენობით.

მეორე სადავო საკითხი დარიცხული საურავია. ახალი საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით იგი გაიზარდა 5 480,72 ლარით. რაც მოცემულ სიტუაციაში არამართლზომიერია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 12.12.2022 წლის №31309 ბრძანების აღსრულების მიზნით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 2.02.2023 წლის დასკვნიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები), რომლის მიხედვითაც გაიმიჯნა მიწოდებული ბინების მდგომარეობა. საბაზრო ფასზე ნაკლებ ფასად რეალიზებულ ფართებთან დაკავშირებით, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, რის შედეგადაც დაკორექტირდა (შემცირდა) აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც განისაზღვრა საიჯარო მომსახურების საბაზრო ღირებულება. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე დაკორექტირდა (შემცირდა) ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 12.12.2022 წლის №31309 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია არსებითი მნიშვნელობის რაიმე მტკიცებულება, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 12.12.2022 წლის №31309 ბრძანება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

შემოსავლების სამსახურის 12.12.2022 წლის №31309 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოსავლების სამსახურის 12.12.2022 წლის №31309 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 39 305 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 26 015 ლარით და ჯარიმა 13 290 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 9.02.2023 წლის №006-42 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8438 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(1"გ").