ბრძანება N 9081

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.04.2024
№ დოკუმენტი 9081
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9081

19 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 12 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №41) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №89061/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 აპრილის №025-6 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ პურის წონის მიხედვით ხდება, როგორც საფუარის ასევე მარილის ოდენობის განსაზღვრა, კერძოდ, უფრო დაბალი წონის პურში გამოიყენება უფრო მეტი ოდენობის მარილი და საფუარი. აღნიშნული აიხსნება, იმით რომ საფუარი უფრო დიდ ვიზუალს ანიჭებს, ხოლო მარილი კი გემოვნებიან თვისებებს აძლევს. ვინაიდან, ფქვილის ღირებულება იყო ძალიან გაზრდილი ფიზიკურად შეუძლებელი იყო ერთ ცალ გრძელ პურზე 700 გრამი ფქვილის გახარჯვა, ამდენად, 2022 წლის სექტემბრიდან ერთ ცალ გრძელ პურზე ჩამოიწერებოდა მხოლოდ 540 გრამი ფქვილი, ხოლო იმისთვის რომ პურს შენარჩუნდებოდა იგივე ვიზუალი და გემოვნებიანი თვისებები, მარილის და საფუარის ოდენობა დარჩა უცვლელი. პურის წონის დაკლება განპირობებული იყო ფქვილის ფასების კატასტროფული მატებით. მყიდველი მხარე უყურებდა ვიზუალურ მხარეს, რომელიც საფუარის წყალობით პურს ჰქონდა შენარჩუნებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 დეკემბრის №32681 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის №025-2 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით: „1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის პროცესში საჩივრებზე თანდართული დოკუმენტები/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 დეკემბრის №32681 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 22 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 12 აპრილის №025-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

კომპანიის მიერ საჩივარზე დართულია ლაბორატორიის (შპს „-------“) ოქმი, რომელიც დათარიღებულია 2023 წლის 5 ივლისით, ნიმუშის დასახელებაა გრძელი პური, წონა: 893 გრამი, ფორიანობა 71.1%, მარილის წილი 0.3%. ასევე წარმოდგენილია ვიდეო მასალა, სადაც ხდება ორი პურის აწონვა, ერთის წონაა 582 გრამი, მეორის 902 გრამი. დამატებით რაიმე სხვა სახის მტკიცებულების წარმოდგენა არ მომხდარა.

წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ იძლევა იმის დასაბუთებას, რომ 2022 წლის სექტემბრამდე კომპანიის მიერ ხდებოდა 900 გრამიანი გრძელი პურის ცხობა და ამის გამო ხდებოდა 700 გრამი ფქვილის ჩამოწერა ერთ ცალ პურზე, მაშინ როცა არ ხდება სხვა მასალის (მარილი, საფუარი) და სარეალიზაციო ფასის ცვლილება. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ იძლევა იმის დასაბუთებას, რომ 2022 წლის სექტემბრამდე კომპანიის მიერ ხდებოდა 900 გრამიანი გრძელი პურის ცხობა და ამის გამო ხდებოდა 700 გრამი ფქვილის ჩამოწერა ერთ ცალ პურზე, მაშინ როცა არ ხდება სხვა მასალის (მარილი, საფუარი) და სარეალიზაციო ფასის ცვლილება.

ამდენად, საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 დეკემბრის №32681 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის №025-2 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 დეკემბრის №32681 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 22 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 12 აპრილის №025-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

აქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)