გადაწყვეტილება №25097/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.05.2025
№ დოკუმენტი 25097/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25097/2/2025

21 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----------“ (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ს 19.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №------/2/2025).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.02.2025 წლის №024-1 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.03.2025 წლის №5855 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 90 841.95 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 58 254

ჯარიმა - 29 127

საურავი - 3 460.95

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა. კომპანიის დაფუძნებისა და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2023 წლის პირველი აგვისტო.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2024 წლის აპრილის, ივლისისა და აგვისტოს საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 22 იანვრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ შესამოწმებელ პერიოდებში კომპანიის მიერ გამოწერილი და დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხა განსხვავდება დეკლარირებულისგან (აღემატება). საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე, 164-ე, 166-ე, 167-ე, 168-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 თებერვლის №1319 ბრძანება და 4 თებერვლის №024-1 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციისგან გათავისუფლების თხოვნით გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 28.03.2025 წლის №5855 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, აღნიშნა, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების შედეგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ დარღვევად ჩათვალა ის ფაქტი, რომ დეკლარაციები არ ქონდა, შესაბამის თვეებით, დროულად წარდგენილი/დაზუსტებული. 2024 წლის 9 მაისს, კომპანიამ მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა შპს ---------თან (ს/ნ ----------), მის საკუთრებაში არსებული ფართის გარემონტებაზე, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ლისის ქ. №14-ში. სადაც უნდა გახსნილიყო კომპანიის ერთ-ერთი სავარჯიშო დარბაზი.

ხელშეკრულების თანახმად, საქმის დასრულების შემდეგ, შედგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, დამკვეთს უნდა გადაეხადა მომსახურების საფასური. შესრულდა სამუშაო, შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, აიტვირთა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სადაც ასევე ჩანს, რომ შეგნებულად არ უცდია დღგ-ის დამალვა, ან არ გადახდა ბიუჯეტში). მაგრამ, დამკვეთმა არ შეასრულა პირობა და თანხა არ ჩაურიცხა. ამის გამო, შეექმნა დიდი პრობლემა დაქირავებულ პირებთან, რომლებმაც შეასრულეს საქმე (სარემონტო საქმის შესასრულებლად ხელშეკრულებით აყვანილი ყავდა ხელოსნები) და თანხას ვერ აძლევდა.

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ატვირთვის დროს, დამკვეთის მიერ ჩარიცხული იყო თანხის ნაწილი, რომელიც სრულად წარმოადგენდა მხოლოდ მასალების ღირებულებას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კომპანია არის ახალი შექმნილი და მას არ გააჩნდა თავისი დამოუკიდებელი ფინანსური რესურსი რითაც შესაძლებლობა ექნებოდა გაესტუმრებინა მიმდინარე საგადასახდო ვალდებულები, სანამ ჩაირიცხებოდა შესრულებული სამუშაოს თანხა. ამიტომ, სრულად დამოკიდებული იყო მისაღებ თანხის დროულად ჩარიცხვაზე, ხოლო რადგან დამკვეთის მიერ არ მოხდა დროული ანგარიშსწორება, რომ არ მომხდარიყო ორგანიზაციის დაყადაღება და ანგარიშების სრული პარალიზება, ვერ მოხდა დეკლარაციის დროული დაზუსტება ფინანსური სახსრების არ არსებობის გამო.

მიუხედავად ყველა ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა, არ უცდია საბიუჯეტო თანხების დამალვა. სანამ აუდიტის დეპარტამენტიდან მიღებულ წერილს (დეტალურ შემოწმებაზე ზარის შემდეგ გახსნა წერილი) გაეცნობოდა, მანამდე ჩარიცხული ქონდა დღგ-ის თანხის ნაწილი, 22 000 ლარი შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე (არსებული ფინანსური რესურსის შესაძლებლობის ფარგლებში). ხოლო, ჯარიმის დარიცხვის დროისთვის, დღგ-ის სრული თანხიდან უკვე გადახდილი იყო 48 956.46 ლარი. ასევე, სხვა კონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, დღგ 8 060.34 ლარი გადახდილი აქვს 2024 წლის 17 ივლისს. ყოველივე მიუთითებს იმაზე, რომ კომპანია ყველანაირად ცდილობდა კეთილსინდისიერად და დროულად მოეხდინა ბიუჯეტთან ანგარიშსწორება.

არ ქონდა ინფორმაცია, რომ დეკლარაციის დაუზუსტებლობა გამოიწვევდა დღგ-ის გადასახდელი თანხის ნახევარის ტოლ საჯარიმო სანქციას და ასევე საურავებს. დღგ-ის დეკლარირების საკითხი მათთვის ახალი იყო. ამჟამად, ეს საკითხი შეისწავლეს და მსგავსი შეცდომა აღარ განმეორდება (ორგანიზაციის ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა (მდგრადობა) არ იძლევა შესაძლებლობას, რომ მიიღოს კვალიფიციური იურიდიული და ბუღალტრული მომსახურეობა).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, ახალი და გამოუცდელი კომპანიის მდგომარეობის გათვალისწინებას და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, დამატებით დარიცხული ჯარიმა/საურავის მოხსნას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელებისათვის.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2024 წლის აპრილის, ივლისისა და აგვისტოს საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ შესამოწმებელ პერიოდებში კომპანიის მიერ გამოწერილი და დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხა განსხვავდება დეკლარირებულისგან (აღემატება). საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე, 164-ე, 166-ე, 167-ე, 168-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №1319 ბრძანება და №024-1 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციისგან გათავისუფლების თხოვნით გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №5855 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);