ბრძანება N 3996

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.03.2023
№ დოკუმენტი 3996
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3996

02.03.2023

შპს „------“ (ს/ნ------)

(მის.: ქ. ------)

2022 წლის 15 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს ,,-----------” (ს/ნ ------------) №76463/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 ოქტომბრის №007-290 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ: არ ეთანხმება არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ როდესაც შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არაგონივრულ ნაშთად განსაზღვრული თანხა დეკლარირებულია ხელფასად, 24 თვის შემდეგ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეში, მეთოდური მითითების თანახმად, დროებით არსებული არაგონივრული ნაშთი არ უნდა ჩაითვალოს სესხად დეკლარირების პერიოდამდე. მიაჩნია, რომ თუ შესამოწმებელ პერიოდში სალაროს ნაშთი მცირდება და ხმარდება აქტივის შეძენას, სალაროს ნაშთის სესხად განხილვა აქტივის შეძენის პერიოდამდე არალოგიკურია და უსამართლოა. განმარტავს, რომ საწარმომ მიწა შეიძინა 2021 წლის თებერვალში, ხოლო სალაროს ნაშთი სესხად განხილულია განვლილ თვეებში. შესაბამისად, დარიცხული მოგების გადასახადი მცირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, მაგრამ რჩება განვლილ თვეებში დარიცხული ჯარიმა (50%). თუ გადამხდელის მსჯელობა არასწორია, ითხოვს მეთოდური მითითების მე-9 დანართის მე-4 მუხლის შესაბამისად, სალაროს ნაშთის სესხად დაკვალიფიცირებას აქტივის შეძენამდე რამდენიმე დღით ადრე, რადგან მეთოდური მითითება საშუალებას აძლევს ნაშთის სესხად დაკვალიფიცირება მოითხოვონ შესამოწმებელი პერიოდის ნებისმიერ თვეში. განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას არ ჰქონია სესხი და სალაროს ნაშთის დიდი ნაწილით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეძენილია აქტივი, რაც შემოწმებითაც დასტურდება. ასევე, ითხოვს მიეცეს საშუალება წარმოადგინოს მომწოდებლისათვის გადახდილი ფულადი სახსრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რადგან აღნიშნულის დადასტურება ვერ მოხერხდა მომწოდებელთან კომუნიკაციის გაძნელების გამო.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 მაისის №12133 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №007-608 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 29 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

,,1. შპს ,,------" (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროს ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.’’

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 მაისის №12133 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 18 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 41 598 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 20 799 ლარით და ჯარიმა 20 799 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 25 ოქტომბრის №007-290 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

აუდიტის დეპარტამენტის მიერ სალაროს ნაშთის (არაგონივრული ნაწილის) უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად. კერძოდ, გადაანგარიშების პროცესში, სალაროში არაგონივრული ნაშთის განსაზღვრის მიზნით გათვალისწინებულ იქნა საწარმოს 2019-2021 წლებში არსებული საკასო ხარჯები და საკასო შემოსავლები და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და სალაროდან ბანკში შეტანილი თანხების შესაბამისად, მიწის შესაძენად მომწოდებლისათვის გადახდილი თანხების ოდენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, საწარმოს შეუმცირდა საშემოსავლო და მოგების გადასახადების ნაწილში დარიცხული თანხები სულ 20 799 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა - 5 457 ლარით, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა - 15 342 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხი შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად. კერძოდ, გადაანგარიშების პროცესში, სალაროში არაგონივრული ნაშთის განსაზღვრის მიზნით გათვალისწინებულ იქნა საწარმოს 2019-2021 წლებში არსებული საკასო ხარჯები და საკასო შემოსავლები, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და სალაროდან ბანკში შეტანილი თანხების შესაბამისად, მიწის შესაძენად მომწოდებლისათვის გადახდილი თანხების ოდენობა. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2019 წლის იანვრის თვიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე სალაროში უფიქსირდება მუდმივად მზარდი ნაშთი 200 000 - 403 411 ლარის ფარგლებში. გადამხდელმა 2022 წლის 29 იანვარს შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ საჩივარში განმარტა, რომ შემდგომ პერიოდში მიწის შეძენის მიზნით სალაროში ნაღდი ფულის აკუმულირება კომპანიამ 2020 წლის მარტის თვიდან დაიწყო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშების შედეგად, სალაროს არაგონივრული ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა აღნიშნული მიწების შესაძენად მომწოდებლებისათვის გადახდილი თანხები, 2020 წლის მარტის თვიდან. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული მეთოდური მითითება ითვალისწინებს სალაროში არაგონივრული ნაშთის განსაზღვრას ყოველი თვის ჭრილში. შესაბამისად, გადამხდელის მითითება, რომ კვალიფიკაციის მინიჭებამდე (მიწის შესაძენად თანხის გადარიცხვამდე) 2 დღით ადრე განხორციელდეს უპროცენტო სესხად განხილვა - უსაფუძვლოა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ,,------” (ს/ნ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 მაისის №12133 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №007-608 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 29 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროს ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275 ;

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითება