გადაწყვეტილება №20319/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20319/2/2023
13 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------- 20.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20319/2/2023).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის დაკისრებული ჯარიმა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის №CB1485096 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 19.07.2023 წლის №17597 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 5 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 16 875 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის (პლასტმასის მილები, ბადეები, კარბიდი) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის №CB1485096 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.07.2023 წლის №17597 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 286-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72- ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, მისი მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის განზრახვა აზრს კარგავს, გამოწერილ ზედნადებზე მხოლოდ რიცხვის არასწორად მითითების გამო, რადგან საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვალდებულების მიზანი: გადამხდელმა აღრიცხოს მისი საქმიანობის მიმდინარეობა, ოდენობა და ოპერაციის შინაარსი უკვე მიღწეული იყო. მას გამოწერილი ჰქონდა შესაბამისი ზედნადები, თუმცა მისი გააქტიურების დრო მითითებული აღმოჩნდა არასწორად.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დაშვებული შეცდომით ზიანი არ მიუყენებია სახელმწიფო ბიუჯეტისადმი. აღნიშნავს, რომ მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, − იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.07.2023 წლის №72191-21-12 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ 30.06.2023 წელს სატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომრით -------) გადამოწმებისას დადგინდა, რომ ------- (პ/ნ -------) ახდენდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (16 875 ლარის ღირებულების (პლასტმასის მილები, ბადეები, კარბიდი)) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.
მომჩივნის განმარტებით, გამოწერილი ჰქონდა შესაბამისი ზედნადები, თუმცა მისი გააქტიურების დრო მითითებული აღმოჩნდა არასწორად. ამასთან, დაშვებული შეცდომით ზიანი არ მიუყენებია სახელმწიფო ბიუჯეტისადმი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისგან გათავისუფლებას.
მომჩივნის განმარტებით, გამოწერილი ჰქონდა შესაბამისი ზედნადები, თუმცა მისი გააქტიურების დრო მითითებული აღმოჩნდა არასწორად. ამასთან, დაშვებული შეცდომით ზიანი არ მიუყენებია სახელმწიფო ბიუჯეტისადმი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისგან გათავისუფლებას.
საბჭოს სხდომაზე, საკითხის ზეპირი განხილვისას საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სასაქონლო ზედნადები შექმნილია 29.06.2023 წელს, თუმცა მისი აქტივაციის თარიღად პროგრამულად ფიქსირდება 30.06.2023 წლის 20:00 საათი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ სატრანსპორტო საშუალების გადამოწმება მოხდა 30.06.2023 წლის 16:15 საათზე და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილ იქნა 30.06.2023 წლის 16:38 საათზე.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს მართლზომიერად შეეფარდა ჯარიმა და არ არსებობს მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის დაკისრებული ჯარიმა.
ფაქტობრივი გარემოებები
სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.07.2023 წლის №17597 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს მართლზომიერად შეეფარდა ჯარიმა და არ არსებობს მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(2); 269(7)