გადაწყვეტილება №24260/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.01.2025
№ დოკუმენტი 24260/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24260/2/2024

20 იანვარი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ს 5.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24260/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 8.07.2024 წლის №16090 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.09.2024 წლის №081-193 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.10.2024 წლის №22384 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 204 904,85 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 116 566

დღგ - 59 844

საშემოსავლო გადასახადი - 56 722

ჯარიმა - 55 325

საურავი - 33 013,85

 

ფაქტების აღწერ

გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ელექტრონული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით სპეციალიზებულ მაღაზიებში. გადამხდელად რეგისტრირებულია 2007 წლის 3 მაისს, დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2007 წლის 16 აგვისტოს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 თებერვლის №3714 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის პირველი იანვარიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე პერიოდის სრული, კამერალური საგადასახადო შემოწმება (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 14 მარტის ჩათვლით). შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ელექტრო საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების იმპორტს/ადგილობრივ შეძენას და ახდენს რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე, ქ. -----. იჯარით აღებულ ფართში, ასევე ახორციელებს აღნიშნული პროდუქციის დამონტაჟება/შეკეთებასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებას.

საზოგადოების ბუღალტრული პროგრამით სრულყოფილად ვერ დადგინდა დაბეგვრის ობიექტი. მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 14 მარტის №5532 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი. ინვენტარიზაციის შედეგად სმფ-ის დანაკლისი/ზედმეტობა არ გამოვლინდა.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ: შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ურთიერთშეპირისპირებით დადგინდა რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი (90%), რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის გათვალისწინებით მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი. დადგინდა ფულის ნაშთი 295 264 ლარი (აგროსვით - 369 080 ლარი). საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, აღნიშნული თანხა შემმოწმებელთა მიერ ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 29 მაისს გამოიცა №12584 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 30 მაისის №081-120 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 18.06.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.07.2024 წლის №16090 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ინვენტარიზაციით დადგენილ სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტობრივ ნაშთსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობაზე გაევრცელებინა დოკუმენტური ფასნამატი, შესაბამისი პერიოდების მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განეხორციელებინა ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 8.07.2024 წლის №16090 ბრძანება დავების განხილვის საბჭოში არ გასაჩივრებულა.

შემოსავლების სამსახურის 8.07.2024 წლის №16090 ბრძანების აღსრულების მიზნით 13.08.2024 წელს შედგა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმადაც შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დამატებულ ღირებულების გადასახადის ნაწილში შემცირდა 17 697 ლარის ოდენობით (გადასახადი 10 413 ლარი და ჯარიმა 7 284 ლარი), ხოლო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 25 642 ლარის ოდენობით (გადასახადი 17 094 ლარი და ჯარიმა 8 548 ლარი).

დასკვნის საფუძველზე 2024 წლის 4 სექტემბერს გამოიცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №19824 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 5 სექტემბრის №081-193 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 2024 წლის 30 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 ოქტომბრის №22384 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართვლოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნის და აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, ინვენტარიზაციით დადგენილ სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტობრივ ნაშთსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობაზე გავრცელებული იქნა საშუალო დოკუმენტური ფასნამატი 46% პერიოდების მიხედვით, რის საფუძველზეც შემცირებას დაექვემდებარა შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხები, კერძოდ, დღგ სულ 17 697 ლარი და საშემოსავლო გადასახადი სულ 25 642 ლარი, ასევე ჯარიმა სულ 15 831 ლარი.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტორის მიერ დაწუნებული იქნა გადამხდელის ბუღალტრული პროგრამა და აფასებს მას, როგორც გადასახადის გადამხდელის გადასახადების განსაზღვრისთვის არასაკმარისს (რატომ მიზეზი არ არის მითითებული).

წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის საფუძველზე დადგენილ იქნა რეალიზაცია, რის საფუძველზეც განხორციელდა დღგ-ის დარიცხვა, საშემოსავლო და ქონების გადასახადებში დეკლარირებულსა და პროგრამით ფიქსირებულ მაჩვენებლებს შორის სხვაობა არ გამოვლენილა, ინვენტარიზაციის შედეგად სხვაობა არ გამოვლენილა, მაშინ რა არ მოეწონა აუდიტორს პროგრამაში უცნობია.

აუდიტორის განმარტებით სხვაობა აღმოჩნდა საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის ფინანსურ ნაშთსა და საინვენტარიზაციო აღწერილობითი დაფიქსირებულ ფინანსურ ნაშთს შორის - სხვაობა რომლის მიმართაც პირვანდელი შემოწმებით გამოიყენა ფასნამატი - 90 პროცენტი, დასკვნით არ დგინდება გამოყენებული ფასნამატის სიდიდე. თუ გადაანგარიშებებს დავეყრდნობით გამოყენებულ იქნა 46,1 % ფასნამატი, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს შემოწმების პერიოდის განმავლობაში მიღებულ დოკუმენტურად დადასტურებულ საშუალო ფასნამატს. აუდიტორებმა თვითნებურად ნებისმიერი სამართლებრივი და ეკონომიკური მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად მოცემული ფასნამატით ფაქტიურად განახორციელეს ყოველთვიური რეალიზაციის ცვლილებების პროცედურებიც. აუდიტორის მიერ მხედველობაში საერთოდ არ არის მიღებული ის ფაქტი, რომ გადამხდელი ფაქტიურად მუშაობს პროდუქციის რეალიზაციაზე, რომელიც საქართველოში არ მზადდება, შესაბამისად შემოწმების პერიოდი მთლიანად მოიცავს პერიოდს, რომლიც ხასიათდება ეროვნული ვალუტის კურსების გაუფასურებაგამყარებით, რაც შესაბამისად ისახებოდა გასაყიდ ფასებზე და რაზეც ნათლად მეტყველებს აუდიტორის მომზადებული ცხრილი, სადაც ერთ წელში ფაქტიურად ფასნამატი 80% -საც აღემატება, რაც საბოლოო შედეგებზეც აისახა.

საგადასახადო ვალდებულების ეს მეთოდი საერთოდ უცნობია მომჩივნისთვის, ეწინააღმდეგება სსკის მოთხოვნებს. თუ ჩატარდა ინვენტარიზაცია და იყო ფულადი დანაკლისი, მაშინ უნდა ასახულიყო საგადასახადო შემოწმების აქტში, ან საინვენტარიზაციო აღწერილობის მასალებში, აღნიშნული არ არის ასახული, რაც მომჩივნის მიერ პირველივე სხდომაზე იქნა დასმული. აუდიტორი დასკვნით არ განმარტავს, რამ განაპირობა ცვლილებების შეტანა, თუ გამოყენებული იქნა ფასნამატი, რა სიდიდის მიმართ და საიდან მოდის ეს სიდიდე, (ინვენტარიზაციის მასალებში არ ფიქსირდება რაიმე მაჩვენებელი, არც საგადასახადო შემოწმების აქტშია ამის შესახებ რაიმე ნათქვამი, იქ წერია, რომ ინვენტარიზაციის შედეგებით სხვაობები არ გამოვლენილა) და რატომ ფასნამატის საშუალო შეწონილი სიდიდე, აუდიტორი თვითნებურად, ნებისმიერი განმარტების გარეშე უკორექტირებს გადამხდელს შემოწმების პერიოდზე ყველა თვის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს, რაღაც გადაანგარიშებების საფუძველზე.

აუდიტორი ცდილობს დარიცხვა მიაბას საბუღალტრო პროგრამაში არსებულ სმფ-ს ღირებულებას და ინვენტარიზაციის პროცესში ნაშთზე გაანგარიშებულ ღირებულებას შორის სხვაობას, რაც აქტით არ ფიქსირდება და წარმოადგენს არსებული ნორმატიული დოკუმენტაციის გვერდის ავლით გადამხდელის დამატებითი საბიუჯეტო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძველს.

თუ დანაკლისზეა საუბარი, მაშინ უნდა ემოქმედა სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით.

ამასთან ფასნამატად უნდა გამოეყენებინა 26.7% (ბოლო თვეს დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატი). თუ ფულადი სახსრების დანაკლისია, მაშინ სალაროს საინვენტარიზაციო აღწერილობაში უნდა ჩანდეს.

დავის საგანს წარმოადგენს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად აუდიტორის მიერ გამოთქმული მოსაზრებები უნდა ეხებოდეს საგადასახადო შემოწმების აქტში ფიქსირებულ ფაქტობრივ მოვლენებს და არა სხვა რაიმე ფაქტებს. ზემოთხსენებულიდან გამომდინარე კი საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე მოცემულ თავში განხორციელებული დარიცხვები თავისი ქმედებებით სრულად ეწინააღმდეგება სსკ-ის 267-ე მუხლის (საგადასახადო შემოწმება) მოთხოვნებს, ამასთან არის სამართლებრივად და ეკონომიკურად დაუსაბუთებელი და ექვემდებარება გაუქმებას, რადგან პირველ რიგში დარიცხვის საფუძველი არ არის ფიქსირებული არც შემოწმების აქტში და არც დასკვნის კონკრეტულ თავში.

რაც შეეხება გადამხდელისთვის დამატებით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების ტექნოლოგიას, სამწუხაროდ არც აუდიტორიდან და არც დავის განმხილველი ორგანოსგან სამართლებრივი დასაბუთება არ მიუღიათ.

გაუგებარია აბსურდული ფასნამატით დამატებით განსაზღვრული ბრუნვის სალაროს ნაშთად აღიარების, მისი ხელფასად მიღებულად ჩათვლის და შემდგომ ამ მაჩვენებლის აგროსვა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შემდეგ გარემოებათა გამო:

აქტში მითითებული არ არის, მაგრამ მათთვის ცნობილია, რომ ხელფასის სახით განსაზღვრული თანხის აგროსვა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით. მოცემული ბრძანების მიხედვით საბიუჯეტო გადასახადების განსაზღვრა ეწინააღმდეგება სსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილს, რომლის თანახმადაც რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. ამ დებულებით იკვეთება, რომ თითქოს გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი გადამხდელისათვის (ფიზიკური პირისათვის) არ წარმოადგენს ხარჯებს, ანუ გამოდის რომ ხარჯები აღნიშნული ბრძანებებით გამოყენებული სიდიდეა, რაც ეწინააღმდეგება სსკ-ის ფუნდამენტურ დებულებებს.

იურიდიულმა პირმა, რომელსაც განუსაზღვრეს აბსტრაქტული შემოსავალი, იგი სრულად მიღებულად აღიარდა აუდიტორის მიერ და ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, ამასთან გადამხდელისთვის აბსურდული ციფრის ზემოთ დარიცხული საშემოსავლო გადასახადი რომ გადაიხადო, უნდა მიიღო, აღრიცხო დაარიცხო და შემდეგ გადაიხადო ბიუჯეტში, როგორ უნდა აღრიცხოს, როცა გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის (დამატებული აბსტრაქტულად განსაზღვრულ ციფრზე) შემოსავლის წყარო არ ჩანს, ანუ გამოდის, რომ ის უნდა ჩამოიწეროს საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან (სხვა გატარების ვარიანტი არ არსებობს) ანუ გამოდის, რომ გადამხდელი ბიუჯეტში იხდის იმაზე მეტ გადასახადს, რაც სსკ-ის მოთხოვნებითაა განსაზღვრული. რაც მომჩივნის მოსაზრებით წარმოადგენს საბიუჯეტო გადასახადების განსაზღვრული ნორმების ფარული ზრდის მაგალითს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის მოთხოვნებს.

საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები (გარდა პირველი საკითხისა) სრულად ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს, არ პასუხობს ამ კოდექსის 267-ე მუხლით განსაზღვრულ წესებს.

ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მეტიც მან თავისი საპროექტო შედეგები დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურის 8.07.2024 წლის №16090 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივ ნაშთსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობაზე გაევრცელებინა დოკუმენტური ფასნამატი, შესაბამისი პერიოდების მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), როგორც დამატებული ღირებულების გადასახადში ასევე საშემოსავლო გადასახადში.

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 ნოემბრის №----- წერილის თანახმად, საჩივრის განხილვის შედეგად გამოცემული შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №16090 ბრძანების აღსრულების მიზნით, შესწავლილი იქნა საჩივარში მითითებული სადავო საკითხები და გამოვლენილ სხვაობებზე გავრცელებული იქნა დოკუმენტური საშუალო ფასნამატი 46% პერიოდების მიხედვით, რამაც გამოიწვია დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადებში ვალდებულების შემცირება. 2024 წლის 13 აგვისტოს შედგენილი დასკვნით განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება, კერძოდ, შემცირდა დამატებით დარიცხული თანხა სულ 43 338 ლარი, მათ შორის გადასახადი 27 507 ლარი და ჯარიმა 15 831 ლარი. კერძოდ, დღგ შემცირდა სულ 17 697 ლარით, მათ შორის გადასახადი 10 413 ლარი და ჯარიმა 7 284 ლარი, საშემოსავლო გადასახადი შემცირდა სულ 25 642 ლარით, მათ შორის გადასახადი 17 094 ლარი და ჯარიმა 8 548 ლარი.

შემოსავლების სამსახურის 8.07.2024 წლის №16090 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტისთვის დავალებული იყო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივ ნაშთსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება შესაბამისი პერიოდების მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), როგორც დამატებული ღირებულების გადასახადში, ასევე საშემოსავლო გადასახადში. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 ნოემბრის №105822-21-14 წერილის თანახმად, აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა, როგორც დამატებული ღირებულების გადასახადში ასევე საშემოსავლო გადასახადში.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 8.07.2024 წლის №16090 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს, რომელზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 8.07.2024 წლის №16090 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

საბჭოს მიაჩნია, რომ დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადებში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შემცირება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის 8.07.2024 წლის №16090 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს შემოსავლების 16.10.2024 წლის №22384 ბრძანების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 8.07.2024 წლის №16090 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 ნოემბრის №105822-21-14 წერილის თანახმად, საჩივრის განხილვის შედეგად გამოცემული შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №16090 ბრძანების აღსრულების მიზნით, შესწავლილი იქნა საჩივარში მითითებული სადავო საკითხები და გამოვლენილ სხვაობებზე გავრცელებული იქნა დოკუმენტური საშუალო ფასნამატი 46% პერიოდების მიხედვით, რამაც გამოიწვია დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადებში ვალდებულების შემცირება. 2024 წლის 13 აგვისტოს შედგენილი დასკვნით განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება, კერძოდ, შემცირდა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადებში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შემცირება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის 8.07.2024 წლის №16090 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს შემოსავლების 16.10.2024 წლის №22384 ბრძანების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(21);