ბრძანება N 18841-3

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.06.2019
№ დოკუმენტი 18841-3
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 18841

11/06/2019

შპს -----------------------

(მის: ქ. ----------------- )

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 6 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N37) განიხილა შპს ----- ს საჩივარი, რომლითაც გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 28 დეკემბრის №094-285 „საგადასახადო მოთხოვნის“ გაუქმებას.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში გამოყოფს შემდეგ სადავო საკითხს:

სესხის პროცენტის დაკაპიტალიზება.

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 13 აპრილის N 8522 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა

შპს --------- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით 2018 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი,რის საფუძველზეც გამოიცა 2018 წლის 27 დეკემბრის N38931 ბრძანება და 2018 წლის 28 დეკემბრის N094-285 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა სულ 325867,13 ლარით, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 178726 ლარი, ჯარიმა 99569 ლარი, ხოლო საურავი 47572,13 ლარი.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საჩივარში დასმულ საკითხთან მიმართებაში საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შპს ----- მ 2015 წელს დაიწყო საკუთარი კლინიკის მშენებლობა და 2017 წლის აპრილის თვეში ექსპლუატაციაში შეიყვანა საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 10 181 432 ლარი და იმავე თვეში დღგ-ით დაბეგრა. აღნიშნული მშენებლობისათვის გადამხდელმა ----- ბანკიდან აიღო სესხი, სესხზე დარიცხულმა პროცენტმა 2016-2017 წლებში შეადგინა 386 947 ლარი, გადამხდელს შენობა ნაგებობის ღირებულებაში შეყვანილი არ აქვს ბანკის პროცენტის თანხა.

"სსკ-ის 161-ე მუხლის 1 ნაწილის დ) ქვეპუნქტის მიხედვით დასაბეგრი ოპერაციაა საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება აქტივის ღირებულებით, რომელშიც შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟის და დადგმის ხარჯები, აგრეთვე სხვა ხარჯები(დანახარჯები), რომელიც ზრდის აქტივების ღირებულებას.

შემოწმების მიერ სესხზე დარიცხული (გადახდილი) პროცენტები დაემატა დაუმთავრებელი მშენებლობის ღირებულებას, შესაბამისად 386 947 ლარი დაემატა შენობა ნაგებობის ღირებულებას და დღგ-ით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა 386 476 ლარით.

საკითხის განხილვისას შემოსავლების სამსახურმა მიუთითა:

სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად: დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

დ) საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება, რომლის დროსაც: დ.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება აქტივების ღირებულებით, რომელშიც შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის აქტივების ღირებულებას;

დ.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში მიღების მომენტი;

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან დადგენილია, რომ შპს ----- ს მიერ მოხდა საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება, რომლის დროსაც საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით ოპერაციის თანხა განისაზღვრება აქტივების ღირებულებით, რომელშიც შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის აქტივების ღირებულებას, სესხზე დარიცხული (გადახდილი) პროცენტებით შენობა ნაგებობის ღირებულების და დღგ-ით დასაბეგრი ბაზის გაზრდა მართებულია. ამდენად ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება, განსახილველ საკითხთან მიმართებაში განსაზღვრული სანქციის საკითხს შემოსავლების სამსახური მიუთითებს, სსკ-ის 270-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით „საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“

სსკ-ის 291-ე მუხლის თანახმად: „პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, - იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით“.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად „საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით“.

შემოსავლების სამსახური საქართველოს უზენაესი სასამართლოს (საქმე Nბს-222-219 (კ-14)) განჩინებაზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვით იმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახურმა განსახილველ ნაწილში გაიზიარა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივანი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, რაც გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით.

საქმეში წარმოდგენილი მასალების გათვალისწინებით და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს ----- სსკ-ის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ღირებულების სესხის პროცენტით გაზრდის და აღნიშნულის საფუძველზე დღგ-ით დასაბეგრი ბაზის არასწორად განსაზღვრის შედეგად დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმისა და საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული საურავისგან.

ამასთან, შემოსავლების სამსახური საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებულ სანქციასთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და 2¹-ე ნაწილებზე, რომელთა თანახმად:

„2. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.

„2¹. თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანოვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა“.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 1 იანვარს) შესაბამისად სსკ-ის 272-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 2¹ ნაწილი: „2¹. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.“

სსკ-ის 275-ე მუხლის (2019 წლის 1 იანვრამდე მოქმედი) მიხედვით: „2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.3.პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ითვლება დეკლარაციაში გადასახადის შემცირებად და იწვევს ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“ საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 1 იანვარს) მიხედვით სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად: „2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 2 და 2² ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, -იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2¹. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2². საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი-2² ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას“.

 

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან დავის პერიოდში სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ახალი ნორმებით შემსუბუქებულია სანქციები ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 269-ე მუხლის მე-2¹ ნაწილის გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება);

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს -------------- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შპს ------------- სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ღირებულების სესხის პროცენტით გაზრდის და აღნიშნულის საფუძველზე დღგ-ით დასაბეგრი ბაზის არასწორად განსაზღვრის შედეგად დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმისა და საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული საურავისგან.

3. სსკ-ის 269-ე მუხლის მე-2¹ ნაწილის გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება);

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხვ. მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება სესხის პროცენტის კაპიტალიზებას

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საწარმომ ქსპლუატაციაში შეიყვანა საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობა და იმავე თვეში დღგ-ით დაბეგრა. აღნიშნული მშენებლობისათვის გადამხდელმა ბანკიდან აიღო სესხი, გადამხდელს შენობა ნაგებობის ღირებულებაში შეყვანილი არ აქვს ბანკის პროცენტის თანხა.

შემოწმების მიერ სესხზე დარიცხული (გადახდილი) პროცენტები დაემატა დაუმთავრებელი მშენებლობის ღირებულებას, შესაბამისად გაიზარდაა დღგ-ით დასაბეგრი ბაზა, შედეგად გადამხდელს დაერიცხა ძირითადი გადასახადი, ჯარიმა და საურავი.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური მიიჩნევსს, რომ სესხზე დარიცხული (გადახდილი) პროცენტებით შენობა ნაგებობის ღირებულების და დღგ-ით დასაბეგრი ბაზის გაზრდა მართებულია. ამდენად ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სსკ-ის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გადამხდელი უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმისა და საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული საურავისგან.

ამასთნ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება დაკისრებული სანქციები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება);

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(21); 272; 275

01.01.2021 წლამდე მომქედი: 161(1,,დ“).