გადაწყვეტილება №22180/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22180/2/2024
10 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ -ის “ 7.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22180/2/2024).
დავის საგანი:
1. საბანკო ანგარიშიდან გატანილი/გადარიცხული 21 000 ლარის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
2. 4 ფიზიკურ პირზე საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დადგენილი შეღავათის გამოყენების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის №035-10 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 17 იანვრის №568 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 24 018 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 13 217
მოგების გადასახადი - 317
საშემოსავლო გადასახადი - 12 900
ჯარიმა - 6 609
საურავი - 4 192
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 სექტემბრის №23016 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის №32713 ბრძანება და №035-10 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 24 018 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 9 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 17 იანვრის №568 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საბანკო ანგარიშიდან გატანილი/გადარიცხული 21 000 ლარის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
საწარმოს საბანკო ამონაწერის შესწავლით დგინდება, რომ 2020 წლის აპრილის თვეში საბანკო ანგარიშიდან დირექტორის მიერ გატანილია 21 000 ლარი, ხელფასის დანიშნულებით. ამავე პერიოდში კი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული და დეკლარირებულია მხოლოდ 3 000 ლარი. კომპანიის მიერ 18 000 ლარის ხელფასის დეკლარირება და დაბეგვრა არ მომხდარა. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, ზემოაღნიშნული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 101-ე, 154-ე, 82-ე, 43-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 391 მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- კომპანიის საბანკო ამონაწერის შესწავლით დადგინდა, რომ 2020 წლის აპრილის თვეში საბანკო ანგარიშიდან დირექტორის მიერ გატანილია 21 000 ლარი, ხელფასის დანიშნულებით. ამავე პერიოდში კი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული და დეკლარირებულია მხოლოდ 3 000 ლარი. საწარმოს მიერ ხელფასის სახით გაცემული 18 000 ლარის დეკლარირება და დაბეგვრა არ მომხდარა.
- საწარმოს დაქირავებული ჰყავდა ფიზიკური პირები, რომლებიც სარგებლობენ საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დადგენილი შეღავათით. შემოწმებით დადგინდა, რომ 4 ფიზიკურ პირს ("------","-------","------","-------") ხელფასის მიღების დროს არ გააჩნდათ შეღავათის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც რეგისტრირებული იქნებოდა შემოსავლების სამსახურში. შეღავათის დამადასტურებელი ცნობა შემოსავლების სამსახურში წარდგენილია ზემოაღნიშნული სახელფასო განაცემების მიღების შემდეგ. შესაბამისად, შემოწმებამ დაბეგრა გადასახადის გადამხდელის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი განაცემები შესაბამისი პერიოდების მიხედვით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2020 წლის 13 მაისს მომჩივნის მიერ საბანკო ანგარიშიდან გატანილი იქნა 21 000 ლარი. განატანის დანიშნულება შეცდომით დაკვალიფიცირდა სახელფასო დანიშნულებით. აღნიშნული თანხის ნაწილი - 3 000 ლარი მართლაც გაიცა სახელფასო ანაზღაურებად, ხოლო დარჩენილი 18 000 ლარი იმავე წლის 13 მაისამდე ინახებოდა საწარმოს სალაროში და არ გამოყენებულა სხვა მიზნებისთვის. აღსანიშნავია, რომ 13 აპრილიდან 13 მაისამდე სალაროში აღნიშნული თანხის დაყოვნების მიზეზი იყო სასაქონლომატერიალური ფასეულობების შეძენის საჭიროება საწარმოს საქმიანობისთვის ნაღდი ანგარიშსწორების გზით, თუმცა პანდემიის გამო ვერ განახორციელეს აღნიშნული ოპერაცია. რადგან ვერ ხერხდებოდა მასალების შეძენა, 2023 წლის 13 მაისს საბანკო ანგარიშზე დააბრუნეს აღნიშნული თანხა დანიშნულებაში შესაბამისი მითითებით: 13.04.2023 წელს არასწორად გატანილი თანხის დაბრუნება.
პირველ რიგში, კანონმდებლობა არ კრძალავს საწარმოს სალაროში თანხის შენახვას, რა თქმა უნდა გონივრული ვადებისა და რაოდენობის გათვალისწინებით, მაშინ როდესაც არ ხდება მისი სხვა მიზნით გამოყენება ან რაიმე სახით სარგებლის მიღება და რაც ასევე მნიშვნელოვანია 1 თვის ვადაში მოხდა მომჩივნის მიერ აღნიშნული თანხის საბანკო ანგარიშზე დაბრუნება შესაბამისი ჩანაწერით, რომ გატანისას მოხდა უმნიშვნელო ტექნიკური შეცდომა და დანიშნულებაში ნაცვლად „სახელფასო განატანი და მასალების შეძენა“ დაფიქსირდა მხოლოდ „ხელფასი“. ხაზგასასმელია, რომ თანხის 1 თვიან ვადაში საბანკო ანგარიშზე არ დაბრუნების შემთხვევაშიც კი, აღნიშნული თანხა არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს ხელფასად ან სარგებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს 2020 წლის აპრილის თვეში დამატებით დარიცხული 4 500 ლარი და შესაბამისი სანქცია-საურავი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ 2020 წლის აპრილის თვეში კომპანიის საბანკო ანგარიშიდან საწარმოს დირექტორის მიერ გატანილია 21 000 ლარი, ხელფასის დანიშნულებით. ამავე პერიოდში საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული და დეკლარირებულია მხოლოდ 3 000 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ 18 000 ლარის ხელფასის დეკლარირება და დაბეგვრა არ მომხდარა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, აღნიშნული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. 4 ფიზიკურ პირზე საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დადგენილი შეღავათის გამოყენების მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს დაქირავებული ჰყავს ფიზიკური პირები, რომლებიც სარგებლობენ საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დადგენილი შეღავათით (მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავლის დაქირავებულ პირებზე განაცემების გათავისუფლებასთან დაკავშირებით). შემოწმებით დადგინდა, რომ 4 ფიზიკურ პირს ხელფასის მიღების დროს არ გააჩნდათ შეღავათის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც რეგისტრირებული იქნებოდა შემოსავლების სამსახურში. შეღავათის დამადასტურებელი ცნობა შემოსავლების სამსახურში წარდგენილია ზემოაღნიშნული სახელფასო განაცემების მიღების შემდეგ. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლებით, რომლის მიხედვითაც დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი განაცემები შესაბამისი პერიოდების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვლენილი სხვაობებით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა და შესაბამისი ჯარიმის დაკისრება.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მართალია ხელფასის გაცემის მომენტში 4 დასაქმებულ პირს არ გააჩნდა შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცხობა შეღავათით სარგებლობის შესახებ, რომელიც თავისთავად არ წარმოადგენს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, არამედ უფლებას აძლევს დაქირავებულს საგადასახადო წლის მიხედვით ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით მხოლოდ ერთ დამქირავებელთან მიღებული შემოსავლების მიხედვით. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს კუთვნილი საგადასახადო შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული. იცოდნენ რა იმ გარემოების შესახებ, რომ ის დასაქმებულები, რომელთა მიხედვითაც მოხდა დარიცხვები, სხვა დამქირავებელთან არ სარგებლობდნენ საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით, აღნიშნულ პირებზე შესაბამისი ცნობების გამოთხოვა მოხდა მოგვიანებით. ამის დასადასტურებლად წარმოადგენენ აღნიშნული პირების მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ ცნობებს მიღებული შემოსავლების შესახებ, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელება კანონიერია და არ მომხდარა საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დადგენილი ნორმის დარღვევა.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და სადავო საგადასახადო მოთხოვნის განსაზღვრული თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან და სახელმწიფოს მიერ ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს წარმოექმნება ერთზე მეტი საგადასახადო შეღავათის უფლება, მასზე გავრცელდება მათგან ერთი, უმაღლესი შეღავათი.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო წლის მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავალზე შეღავათის გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 391 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული წესის მიხედვით, ცნობა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ (შემდგომში – ცნობა) (დანართი №II-082) საგადასახადო ორგანოს მიერ გაიცემა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და უფლებას აძლევს დაქირავებულს ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე.
2. ცნობა გამოიყენება მხოლოდ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეღავათების გავრცელებისას. ამასთან, იგი არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაბამისად, შეღავათის გამოყენების მიზნით ამ პუნქტით გათვალისწინებულმა დაქირავებულმა პირებმა დამქირავებელს (საგადასახადო აგენტს) ცნობასთან ერთად უნდა წარუდგინონ შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს პირები არიან: ი) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირი, რომელიც მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით იღებს შემოსავალს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ კომპანიას დაქირავებული ჰყავს ფიზიკური პირები, რომლებიც სარგებლობენ საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დადგენილი შეღავათით. შემოწმებით დადგინდა, რომ 4 ფიზიკურ პირს ხელფასის მიღების დროს არ გააჩნდა შეღავათის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც რეგისტრირებული იქნებოდა შემოსავლების სამსახურში. შეღავათის დამადასტურებელი ცნობა შემოსავლების სამსახურში წარდგენილია ზემოაღნიშნული სახელფასო განაცემების მიღების შემდეგ. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი განაცემები შესაბამისი პერიოდების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი მიიჩნევს,რომ უნდა გაუქმდეს 2020 წლის აპრილის თვეში დამატებით დარიცხული 4 500 ლარი და შესაბამისი სანქცია-საურავი.
2.მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და სადავო საგადასახადო მოთხოვნის განსაზღვრული თანხები.
ფაქტობრივი გარემოებები
1.საბანკო ანგარიშიდან დირექტორის მიერ გატანილია თანხა, ხელფასის დანიშნულებით. ამავე პერიოდში კი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული და დეკლარირებულია მხოლოდ 3 000 ლარი. კომპანიის მიერ 18 000 ლარის ხელფასის დეკლარირება და დაბეგვრა არ მომხდარა.აღნიშნული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
2.შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს დაქირავებული ჰყავს ფიზიკური პირები, რომლებიც სარგებლობენ საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დადგენილი შეღავათით .შემოწმებით დადგინდა, რომ 4 ფიზიკურ პირს ხელფასის მიღების დროს არ გააჩნდათ შეღავათის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც რეგისტრირებული იქნებოდა შემოსავლების სამსახურში. შეღავათის დამადასტურებელი ცნობა შემოსავლების სამსახურში წარდგენილია ზემოაღნიშნული სახელფასო განაცემების მიღების შემდეგ. დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი განაცემები შესაბამისი პერიოდების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვლენილი სხვაობებით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა და შესაბამისი ჯარიმის დაკისრება.
გადაწყვეტილება
1.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
82,101,154.