გადაწყვეტილება №21095/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.02.2024
№ დოკუმენტი 21095/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21095/2/2023

21 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 16.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21095/2/2023).

 

დავის საგანი:

იმპორტირებულ საქონელზე სასაქონლო-ნომენკლატურული კოდის განსაზღვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 24.07.2023 წლის №13058992 შეტყობინება;

2. შემოსავლების სამსახურის 29.09.2023 წლის №24046 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

დღგ - 5 687,25 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

სადავო საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის 14 ივლისს, №------- საბაჟო დეკლარაციით დადეკლარირდა ------- „-------“. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ ინტერპრეტაციის ძირითადი წესებისა და ნომენკლატურის სტრუქტურის შესაბამისად, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, აღნიშნული საქონელი კლასიფიცირდა ------- სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.

ვინაიდან „----“ სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი არ თავისუფლდება დღგ-ისგან, ზემოაღნიშნული საქონლის იმპორტი დაიბეგრა დღგ-ით და საწარმოს №------- საბაჟო დეკლარაციით იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 5687.25 ლარის ოდენობით, რაც ეცნობა 2023 წლის 24 ივლისის №13058992 შეტყობინებით. აღნიშნული შეტყობინებით ასევე ეცნობა, რომ დღგ – 5 687.25 ლარის ოდენობით გადაიხდება სახაზინო კოდზე: 10100100, ხოლო მომსახურების საფასური 403,75 ლარის ოდენობით (გაფორმების ეკონომიკური ზონაში სასაქონლო ოპერაციების განხორციელება - 400 ლარი; დაინტერესებული პირის მოთხოვნით გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის გადმოტვირთვა და ჩატვირთვა - 3,75 ლარი) - სახაზინო კოდზე: 707017021-ზე, ხოლო გადახდის ბოლო ვადაა 29.07.2023 წელი.

კომპანიამ საბაჟო დეპარტამენტის 24.07.2023 წლის №13058992 შეტყობინების გაუქმების და 14.07.2023 წლის №C60115 საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 29.09.2023 წლის №24046 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, საბაჟო კოდექსის 34-ე მუხლით, 35-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბერის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მე-3 მუხლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების) პირველი პუნქტით, სეს ესნ-ის 30-ე ჯგუფის (ფარმაცევტული პროდუქცია) შენიშვნების პირველი პუნქტით.

დადგენილია, რომ კომპანიის მიერ დეკლარირებული საქონელი წარმოადგენს -------, რომელიც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ ინტერპრეტაციის ძირითადი წესებისა და ნომენკლატურის სტრუქტურის შესაბამისად, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, კლასიფიცირდა ------- სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) შესაბამისად, ---- პოზიცია მოიცავს: საშუალებები, პარსვამდე, პარსვის დროსა ან პარსვის შემდეგ გამოსაყენებელი, ინდივიდუალური დანიშნულების დეზოდორანტები, შედგენილობები აბაზანის მისაღებად, თმების მოსაცილებელი და სხვა საპარფიუმერიო, კოსმეტიკური ან ტუალეტის საშუალებები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი; დეზოდორანტები სათავსოებისათვის, არომატიზებული ან არაარომატიზებული, მადეზინფიცირებელი თვისების მქონე ან არმქონე: ------- სეს ესნ კოდში კი ჩართულია -– დანარჩენი.

მომჩივნის მოთხოვნით საქონელი ჩართული უნდა იყოს ------- სეს ესნ კოდში.

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) შესაბამისად, ----- პოზიცია მოიცავს: სამკურნალო საშუალებები (-----, ----- ან ----- სასაქონლო პოზიციის სამკურნალო საშუალებების გარდა), შედგენილი შერეული ან შეურეველი პროდუქტებისაგან თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებით გამოსაყენებლად, დაფასოებული დოზირებული სამკურნალო ფორმების სახით (ტრანსდერმალური სისტემების ფორმით სამკურნალო საშუალებების ჩათვლით) ან საფუთავებში საცალო გაყიდვისათვის: ------- სეს ესნ კოდში კი ჩართულია – სამკურნალო საშუალებები დანარჩენი, ვიტამინებისა ან ------- სასაქონლო პოზიციის სხვა პროდუქტების შემცველობით.

იმის გათვალისწინებით, რომ საქონელი (------- „-------“) არის სამედიცინო დანიშნულების საგანი და არა სამკურნალო საშუალება, ის სეს ესნ-ის 30-ე ჯგუფში (ფარმაცევტული პროდუქცია) არ ჩაირთვება და მისი ------- სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირება მართლზომიერია.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას 2023 წლის 24 ივლისის №13058992 შეტყობინების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს საინფორმაციო ხასიათის მქონე წერილს, რომლითაც დეკლარანტს წერილობით ეცნობება კონკრეტული საბაჟო დეკლარაციით დარიცხული/გადასახდელი იმპორტის გადასახდელის და/ან მომსახურების საფასურის ოდენობა, სახაზინო კოდი სადაც ხდება ამ თანხის გადახდა და ბოლო ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს თანხის გადახდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ საწარმოს შემოტანილი პროდუქცია ------- არის იტალიური წარმოშობის და მისი სასაქონლო კოდი არის 30045000, რაც მითითებულია იტალიის შესაბამისი სამსახურის ექსპორტის დეკლარაციაში, ევრო-1 სერთიფიკატში და ინვოისში. შესაბამისად გაურკვევლად მიაჩნია, რატომ მოხდა ახალი სასაქონლო კოდის განსაზღვრა საბაჟო სამსახურის მიერ.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს 2023 წლის 24 ივლისის №13058992 შეტყობინების ბათილად ცნობას და 2023 წლის 14 ივლისის №C60115 საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანას, საქონლის სეს ესნ კოდად 30045000-ის განსაზღვრას და დარიცხული დღგ-ის 5 687 ლარის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან გათავისუფლებულია სეს ესნ-ის 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი.

საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

2. სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით, საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. ამასთან, საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.

„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბერის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მე-3 მუხლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების) პირველი პუნქტის თანახმად, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში (სეს ესნ) საქონლის კლასიფიკაცია უნდა ხორციელდებოდეს ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

სეს ესნ-ის 30-ე ჯგუფის (ფარმაცევტული პროდუქცია) შენიშვნების პირველი პუნქტით განსაზღვრულია საქონლის ჩამონათვალი, როდესაც რიგი საქონელი გამოირიცხება აღნიშნული ჯგუფიდან და კლასიფიცირდება სხვა სასაქონლო კოდში. ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი მიუთითებს, რომ მოცემულ ჯგუფში არ ჩაირთვება ------- სასაქონლო პოზიციების პრეპარატები, მათ შორის, თერაპევტული ან პროფილაქტიკური თვისებების მქონე.

საბაჟო დეპარტამენტის 23.10.2023 წლის №106711-21-10 წერილის მიხედვით, 2023 წლის 14 ივლისს შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ №------- საბაჟო დეკლარაციით დადეკლარირდა ------- „-------“. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ ინტერპრეტაციის ძირითადი წესებისა და ნომენკლატურის სტრუქტურის შესაბამისად, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, აღნიშნული საქონელი კლასიფიცირდა ------- სასაქონლო ქვესუბპოზიციაში. ვინაიდან „----“ სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი არ თავისუფლდება დღგ-ისგან, ზემოაღნიშნული საქონლის იმპორტი დაიბეგრა დღგ-ით და საწარმოს №------- საბაჟო დეკლარაციით იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 5687.25 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტის დამადასტურებელ შესაბამის მტკიცებულებას (მათ შორის საექსპერტო დასკვნას), საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს იმპორტირებულ საქონელზე სასაქონლო-ნომენკლატურული კოდის განსაზღვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სადავო საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ კომპანიის მიერ საბაჟო დეკლარაციით დადეკლარირდა საქონელი, რომელიც არ თავისუფლდება დღგ-ისგან. ზემოაღნიშნული საქონლის იმპორტი დაიბეგრა დღგ-ით და საწარმოს საბაჟო დეკლარაციით იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ და მომსახურების საფასური.

კომპანიამ საბაჟო დეპარტამენტის შეტყობინების გაუქმების და საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 29.09.2023 წლის №24046 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტის დამადასტურებელ შესაბამის მტკიცებულებას (მათ შორის საექსპერტო დასკვნას), საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 34; 35

საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 173(ბ)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №275