გადაწყვეტილება №18990/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18990/2/2023
26.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------------ (ს/ნ ---------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ --- ს 1.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18990/2/2023).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების ოდენობა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2022 წლის №072-2 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.09.2022 წლის №24662 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 176 809.61 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 105 835
დღგ - 87 576
საშემოსავლო გადასახადი - 18 249
ქონების გადასახადი - 10
ჯარიმა - 56 638
საურავი - 14 336.61
ფაქტების აღწერა
გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს თამბაქოს ნაწარმით, სასმელებითა და საკვები პროდუქტებით საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის, 2020 წლის 25 მაისიდან 2022 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 31 მარტს საგადასახადო შემოწმების აქტში.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 აპრილის №8936 ბრძანება და 11 აპრილის №072-2 საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელმა ზემოხსენებული აქტები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. საჩივარი შემოსავლების სამსახურის 27.09.2022 წლის №24662 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 27.09.2022 წლის №24662 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე - 7.10.2022 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 27.10.2022 წელი, ხოლო საჩივარი სადავო აქტის გაუქმების მოთხოვნით საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 1.03.2023 წელს. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების ოდენობა
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს თამბაქოს ნაწარმით, სასმელებითა და საკვები პროდუქტებით საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტისბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელმა აქტები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. საჩივარი შემოსავლების სამსახურის ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44 (9); 299 (10); 304 (1. დ); 305 (1)