გადაწყვეტილება №19986/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.09.2023
№ დოკუმენტი 19986/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19986/2/2023

19 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 13.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19986/2/2023).

 

დავის საგანი:

1. შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25277 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს გადაწყვეტილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.05.2021 წლის №012-6 საგადასახადო მოთხოვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2022 წლის №012-2 საგადასახადო მოთხოვნა;

3. აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2023 წლის №012-1 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12540 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 862 134 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 443 353

დღგ - 207 411

საშემოსავლო გადასახადი - 235 942

ჯარიმა - 221 677

საურავი - 197 104

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ყველის წარმოება.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადამხდელი საქმიანობს სოფელ ------- (სარეალიზაციო დასახელება: იმერული ყველი, იმერული ყველნარი, იმერული პროდუქტი), ყველს ამზადებს რძის ფხვნილის საშუალებით, რომელსაც ყიდულობს ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში 2018, 2019 და 2020 წლებში უფიქსირდება ზარალი. საწარმო დაჯარიმებულია 2-ჯერ, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს ბუღალტრულ პროგრამა „ინფოში“, თუმცა საბუღალტრო პროგრამით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ბუღალტერიაში წარმოების პროცესი განხორციელებულია ხარვეზით, ვინაიდან მასალების ჩამოწერა და წარმოებაზე გადატანა ხდება ყოველი თვის დასაწყისში, რაც შეუსაბამობაშია ჩამოწერილი ნედლეულის რაოდენობრივ ნაშთთან (ჩნდება უარყოფითი რაოდენობრივი სალდო). ამასთან, გადამხდელის მიერ წარმოების პროცესში გამოყენებული კალკულაციით 25 კგ რძის ფხვნილისგან იწარმოება 40 კგ იმერული ყველი (ერთი კგ ყველის წარმოებაზე იხარჯება 0.625 კგ რძის ფხვნილი), რომელიც არსებითად განსხვავდება სხვა მსგავსი მასშტაბის კომპანიების მიერ წარმოების პროცესში გამოყენებულ კალკულაციებისგან.

შემოწმებისას, მოძიებულ იქნა აუდირებული კომპანიის წარმოების პროცესში გამოყენებული კალკულაციები, რომლის მიხედვითაც 500 კგ რძის ფხვნილისგან იწარმოება 1045 კგ ყველი (ერთი კგ ყველის წარმოებაზე გახარჯულია 0.4784 კგ რძის ფხვნილი). ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებით გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, წარმოების საბაზისო მაჩვენებლად გამოყენებულ იქნა იმ აუდირებული კომპანიის მონაცემები (კალკულაცია), რომელიც შედარებით ახლოს იყო საწარმოს გამოსავლიანობის მაჩვენებელთან (ერთი კგ ყველის წარმოებაზე გახარჯულია 0.4784 კგ რძის ფხვნილი). შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს დღგით დასაბეგრი ბრუნვა გაეზარდა სულ 1 152 475 ლარით. ასევე, ფულის მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგინდა ფულადი სახსრების ნაშთი (კაპიტალის ნაშთით შემცირებულია ფულადი სახსრების საბოლოო ნაშთი), რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა 27.05.2021 წლის №16375 ბრძანება და №012- 6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.09.2021 წლის №30781 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის საჩივარზე თანდართული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 29.09.2021 წლის №30781 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 მაისის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა, რაზეც მომჩივანს წარედგინა 2.06.2022 წლის №012-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25277 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან). მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შეესწავლა, ამასთან ყოველმხრივ გამოეკვლია და დაედგინა საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25277 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 3.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 14.02.2023 წლის №2727 ბრძანება და 15.02.2023 წლის №012-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12540 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25277 ბრძანების აღსრულების შედეგები

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25277 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 3.02.2023 წლის დასკვნიდან, ირკვევა, რომ მომჩივანმა მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და წარუდგინა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დასმული შეკითხვები, კერძოდ:

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ 2018-2021 წლებში შეძენილი რძის ფხვნილის სახეობებიდან (დოკუმენტურად დადასტურებული შეძენილი მასალების მახასიათებლების შესაბამისად მათ შორის ცხიმიანობის სხვადასხვა შემცველობის გათვალისწინებით) რა რაოდენობის ყველის წარმოება იყო შესაძლებელი?

2. რა გავლენას ახდენს გამოსავლიანობაზე რძის ფხვნილში ცხიმის განსხვავებული შემცველობა, კერძოდ იზრდება თუ არა გამოსავლიანობა რძის ფხვნილში ცხიმის (მცენარეული ცხიმის) ხარჯზე?

3. რა გავლენას ახდენს გამოსავლიანობაზე წარმოების მოცულობაზე, ხომ არ იცვლება გამოსავლიანობა დიდი ოდენობის პროდუქციის გამოშვების დროს?

გადამხდელმა 2023 წლის 31 იანვარს წარადგინა განცხადება და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 29 დეკემბრის №5008797722 წერილი, რომლის მიხედვით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ექსპერტიზა გადამხდელს დაუბრუნა შეუსრულებელი სახით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით, ყურადღებას გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების ჩაბარების შემდეგ კომპანიამ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და წარუდგინა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დასმული შეკითხვები, თუმცა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ექსპერტიზა გადამხდელს დაუბრუნა შეუსრულებელი სახით. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განცხადებით, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 29 სექტემბრის №30781 ბრძანების შესაბამისად წარდგენილ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და გაირკვა, რომ ექსპერტიზის მიერ დადგენილი გრამაჟობით წარმოების შემთხვევაში გასაყიდ ფასზე გაცილებით მეტი დაჯდება 1 კილოგრამის წარმოება, რაც კომპანიის არსებულ ზარალს 2018, 2019, 2020 წლებში კიდევ უფრო გაზრდის.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და ექსპერტიზის შედეგები მიუღებელი აღმოჩნდა აუდიტის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურისათვის.

იმის გამო, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 29 სექტემბრის №30781 ბრძანების შესაბამისად წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით გაირკვა, რომ ექსპერტიზის მიერ დადგენილი გრამაჟობით წარმოების შემთხვევაში გასაყიდ ფასზე გაცილებით მეტი დაჯდება 1 კილოგრამის წარმოება, რაც კომპანიის არსებულ ზარალს 2018, 2019, 2020 წლებში კიდევ უფრო გაზრდის. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და ექსპერტიზის შედეგები მიუღებელი აღმოჩნდა აუდიტის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურისათვის.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მოხდა არც შემოსავლების სამსახურის 29.09.2021 წლის №30781 ბრძანების და არც შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25277 ბრძანების აღსრულება.

აუდიტის დეპარტამენტის მოტივაცია არის მხოლოდ და მხოლოდ ის ფაქტი, რომ დგება საგადასახადო ორგანოსათვის არახელსაყრელი ფისკალური შედეგი.

მომჩივანი მოითხოვს შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 29 სექტემბრის №30781 და 4.10.2022 წლის №25277 ბრძანებების აღსრულებას და მოეხსნას 2021 წლის 28 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტის, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 მაისის №16375 ბრძანების და აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 მაისის №012-6 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დარიცხული თანხები (27.05.2021 წლის მდგომარეობით სულ 738 140 ლარი, მათ შორის: გადასახადი 443 353 ლარი, ჯარიმა 221 677 ლარი, საურავი 73 110 ლარი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 29.09.2021 წლის №30781 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემული 2022 წლის 13 მაისის დასკვნიდან ირკვევა, რომ შემოწმებისას არაპირდაპირი მეთოდით წარმოებული პროდუქციის ოდენობის დადგენისას გამოყენებულია სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებლი აუდირებული კომპანიის კალკულაცია (რომლის შემოწმების შედეგები სადავო არ არის). გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივართან ერთად წარდგენილ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ყველის მაგვარი პროდუქტის წარმოებასთან დაკავშირებით. ექსპერტიზისთვის შესასწავლად დასმულ იქნა საკითხი, თუ რამდენი კილოგრამი ყველის მაგვარი პროდუქტის წარმოება იქნებოდა შესაძლებელი ერთი კილოგრამი რძის ფხვნილის საშუალებით (დაკვირვება განხორციელდა ექსპერტის მიერ საწარმოში). წარდგენილი დასკვნის თანახმად, 1 კილოგრამი ყველისთვის საჭიროა დაყოვნებამდე 0.644 გრამი ფხვნილი, ხოლო დაყოვნებული საბოლოო სახისთვის - 0.673 გრამი. გადასახადის გადამხდელს, წარმოების აქტების მიხედვით, გამოყენებული აქვს 0.620 გრამიდან-0.625 გრამამდე რძის ფხვნილი. ამასთან, როგორც ექსპერტიზის აქტში, ასევე შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილი რძის ფხვნილის ზუსტი სახეობრივი იდენტიფიცირება ვერ ხდება (ე.ი ზუსტად არ შეიძლება იმის თქმა ექსპერტიზის მომენტში გამოყენებული რძის ფხვნილის შემადგენლობა და ტექნოლოგია იდენტურია თუ არა მთელ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და გამოყენებული რძის ფხვნილისა და ტექნოლოგიის). შემოწმებისას და გადაანგარიშების ეტაპზე ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს, პერიოდების მიხედვით, მის მიერ გამოყენებული კალკულაციით გასაყიდ ფასზე უფრო ძვირი უჯდება ყველის მსგავსი პროდუქტის საწარმოებლად გამოყენებული ნედლეული (ე.ი თუ შემოწმება გადაანგარიშების პერიოდში წარმოდგენილ კალკულაციას გამოიყენებს, გამოვა რომ კომპანია, არათუ ზარალზე იმყოფებოდა, არამედ მხოლოდ საოპერაციო საქმიანობის ჭრილშიც კი ზარალიანია). ექსპერტიზის მიერ დადგენილი გრამაჟობით წარმოების შემთხვევაში კი გასაყიდ ფასზე გაცილებით მეტი დაჯდება 1 კილოგრამის წარმოება, რაც კომპანიის არსებულ ზარალს 2018, 2019, 2020 წლებში კიდევ უფრო გაზრდის, ამასთან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის მიხედვით დადგინდა, რომ საწარმოს ხელმძღვანელობას (დამფუძნებელი, დირექტორი) არ უფიქსირდება ისეთი შემოსავლები, რომელიც საშუალებას მისცემდა ფულადი სახსრებით უზრუნველეყო ზარალზე მყოფი კომპანიის ფუნქციონირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა. დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა, რაზეც მომჩივანს წარედგინა 2.06.2022 წლის №012-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25277 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან). მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, ამასთან ყოველმხრივ შეესწავლა/გამოეკვლია და დაედგინა საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25277 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 3.02.2023 წლის დასკვნიდან დგინდება, რომ მომჩივანმა მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და წარუდგინა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დასმული შეკითხვები, კერძოდ:

1. საწარმოს მიერ 2018-2021 წლებში შეძენილი რძის ფხვნილის სახეობებიდან (დოკუმენტურად დადასტურებული შეძენილი მასალების მახასიათებლების შესაბამისად მათ შორის ცხიმიანობის სხვადასხვა შემცველობის გათვალისწინებით) რა რაოდენობის ყველის წარმოება იყო შესაძლებელი?

2. რა გავლენას ახდენს გამოსავლიანობაზე რძის ფხვნილში ცხიმის განსხვავებული შემცველობა, კერძოდ იზრდება თუ არა გამოსავლიანობა რძის ფხვნილში ცხიმის (მცენარეული ცხიმის) ხარჯზე?

3. რა გავლენას ახდენს გამოსავლიანობაზე წარმოების მოცულობაზე, დიდი ოდენობის პროდუქციის გამოშვების დროს გამოსავლიანობა ხომ არ იცვლება?

გადამხდელმა 2023 წლის 31 იანვარს წარადგინა განცხადება და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 29 დეკემბრის N5008797722 წერილი, რომლის მიხედვით სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ ექსპერტიზა გადამხდელს დაუბრუნა შეუსრულებელი სახით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის 29.09.2021 წლის №30781 ბრძანების შესაბამისად, წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული იმის გამო, რომ იწვევდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას, ასევე, შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25277 ბრძანების შესაბამისად, იმოქმედა, თუმცა მისგან დამოუკიდებელი და დასახელებული მიზეზების გამო ვერ შეძლო ხელმეორედ მოთხოვნილი დასკვნის წარდგენა, ამასთან არაერთხელ მოთხოვნის მიუხედავად, შემოსავლების სამსახურმა საჩივარი განიხილა მისი დასწრების გარეშე, მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს არგუმენტები და დასკვნები სუბიექტური და დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებს.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი ამ ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს გადაწყვეტილება

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა მიმართა შემოსავლების სამსახურს და კვლავ მოითხოვა აუდიტის დეპარტამენტის 27.05.2021 წლის №012-6 და 2.06.2022 წლის №012-2 საგადასახადო მოთხოვნების გაუქმება.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 მაისის №012-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 29 სექტემბრის №30781 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2 ივნისის №012-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივრები შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25277 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 მაისის №012-6 საგადასახადო მოთხოვნაზე და 2022 წლის 2 ივნისის №012-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაზე უკვე არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „-------” (ს/ნ -------) №CA00412303448130 (რეგ. №45373/21) და №CA00412305618333 (რეგ. №72941/01) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 მაისის №012-6 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2022 წლის 2 ივნისის №012- 2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ამ დავის საგანზე არგუმენტებს არ წარმოადგენს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 მაისის №012-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 29 სექტემბრის №30781 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2 ივნისის №012-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25277 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. იგივე საგადასახადო მოთხოვნების გაუქმების მოთხოვნით მომჩივანმა ხელახლა მიმართა შემოსავლების სამსახურს.

ვინაიდან, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 მაისის №012-6 და 2 ივნისის №012-2 საგადასახადო მოთხოვნების თაობაზე მომჩივნის მიმართ არსებობს შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 29 სექტემბრის №30781 და 2022 წლის 4 ოქტომბრის №25277 ბრძანებები, საბჭოს მიაჩნია, რომ იგივე მოთხოვნით იმავე ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვება მართებულია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12540 ბრძანება;

3. საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს

1. შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25277 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს გადაწყვეტილება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.09.2021 წლის №30781 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა,აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 მაისის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა, რაზეც მომჩივანს წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25277 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა,აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12540 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი ამ ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

საბჭოს მიაჩნია, რომ იგივე მოთხოვნით იმავე ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვება მართებულია.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ზ); 302(3); 304;