ბრძანება N 11964
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 11964
31.05.23
ი/მ--------ს (ს/ნ ----)
(მის.: ----------------)
2019 წლის 20 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მაისის სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული ი/მ ------ის (ს/ნ ------) 2019 წლის 20 მაისის №99949/21-11 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 15 მაისის №002-151 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2018 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის 42-ე გრაფაში შეცდომით ჩაწერა გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას. მომჩივანი იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ბიუჯეტისთვის მის მოქმედებას ზიანი არ მიუყენებია და სამართალდარღვევა გამოწვეული იყო მისი შეცდომით, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 24 აპრილის №12937 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ----ის (ს/ნ -----) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება 2018 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში „საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა №42) და აღნიშნული თანხების ოდენობით „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა №43) შემცირების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 8 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2019 წლის 15 მაისის №15121 ბრძანება და ამავე თარიღის №002-151 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს გადასახდელად დაერიცხა სულ 23 727 ლარი, მათ შორის, გადასახადი 16 948 ლარი, ჯარიმა 6 779 ლარი და საურავი 0 ლარი.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 15 მაისის №002-151 საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 26 ივლისის №25764 ბრძანების საფუძველზე საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
,, 1. ი/მ----ის (ს/ნ ----) 2019 წლის 20 მაისის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დამატებით შეისწავლოს 2019 წლის 15 მაისის №002-151 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელების დარიცხვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ტექნიკური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
ზემოაღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2019 წლის 29 ნოემბრის №8855/2/2019 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 26 ივლისის №25764 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 26 ივლისის №25764 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება და დაევალა შემოსავლების სამსახურს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„სასამართლოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 26 ივლისის ბრძანებიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან არ იკვეთება, რომ დავის განმხილველმა ორგანოებმა შეაფასეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, ის გარემოება, რომ ი/მ -------ის მიერ აღნიშნული ქმედების შეცდომით განხორციელების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტი არ დაზარალებულა, მას არ გამოუყენებია ზედმეტობაში არსებული თანხა, მის მიერ მოხდა საშემოსავლო გადასახადის გადახდა 2019 წლის მარტშივე და ასევე, მაისში გადახდილია 3 635 ლარი.“
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ დამატებით გადასახადების დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: „ი/მ -----ის (ს/ნ ----*) მიერ 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი იქნა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, რომელშიც ბიუჯეტში გადასახდელად გამოანგარიშებული გადასახადის თანხა 14 530 ლარი (გრაფა №41) შემცირებული იქნა 13 557,88 ლარით (გრაფა №42 – „საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას), რამაც საბოლოოდ გამოიწვია კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის (გრაფა №43) შემცირება.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ს" ქვეპუნქტის შესაბამისად, წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში 42-ე უჯრაში მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა, ან სხვა შემთხვევაში ამ პირის მიერ ბიუჯეტში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხა, თუ დეკლარაცია ივსება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4, ასევე 132-ე მუხლის მე-3 და 134-ე მუხლის მე-3 ნაწილების შესაბამისად, გადასახადის გადაანგარიშების ან დაბრუნების მოთხოვნით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად ი/მ -----ის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მე-3 განაყოფის 42-ე გრაფაში ჩასაწერმა თანხამ შეადგინა - 0 ლარი და შესაბამისად 43-ე გრაფაში გამოანგარიშებულმა გადასახადმა შეადგინა - 14 530,96 ლარი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვით იმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინებებით მითითებულ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, დეკლარაციის შევსებისას დაშვებულია შეცდომა, კერძოდ, გადამხდელის მიერ შევსებული იქნა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, რომლის 42-ე გრაფაში მითითებულ იქნა 13 558 ლარი. ამავე განჩინებებში მითითებულია, რომ ი/მ ------ის მიერ აღნიშნული ქმედების შედეგად ბიუჯეტი არ დაზარალებულა, გადამხდელს არ გამოუყენებია ზედმეტობაში არსებული თანხა, მის მიერ მოხდა საშემოსავლო გადასახადის გადახდა 2019 წლის მარტშივე და ასევე, მაისის თვეში გადახდილია 3 635 ლარი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნაში საურავი ფიქსირდება 0 ლარის ოდენობით.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ზედმეტად გადახდილი 13 789.17 ლარი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების, სასამართლო გადაწყვეტილებასა და განჩინებებში მითითებული მსჯელობების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და ი/მ ------ (ს/ნ -----) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს 2019 წლის 15 მაისის №002-151 საგადასახადო მოთხოვნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმისგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ -----ის (ს/ნ ----) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ი/მ ------ (ს/ნ -----) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გათავისუფლდეს 2019 წლის 15 მაისის №002-151 საგადასახადო მოთხოვნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმისგან;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითთხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოება
აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება შემოწმების შედეგებზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს გადასახდელად დაერიცხა გადასახადი ჯარიმა. საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რაც №25764 ბრძანების საფუძველზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის №8855/2/2019 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის №25764 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №8855/2/2019 გადაწყვეტილება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში.
გადაწყვეტილება
სასამართლო გადაწყვეტილებასა და განჩინებებში მითითებული მსჯელობების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს 2019 წლის 15 მაისის №002-151 საგადასახადო მოთხოვნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმისგან.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269 (7); 275.