ბრძანება N 3033

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.02.2025
№ დოკუმენტი 3033
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3033

20 თებერვალი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“-ის (ს/ნ ---------------)

(მის.: ქ. თბილისი, -----. № --)

2025 წლის 10 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 23 იანვრისა და 14 თებერვლის სხდომებზე (ოქმი №5 და №14) განიხილა შპს „----- ------“-ის (ს/ნ -----------) 2025 წლის 10 იანვრის №-----/-/----- საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 დეკემბრის № ----- - ----- კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განხორციელებულ დარიცხვას და ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე. წარმოდგენილი აქვს შემდეგი არგუმენტაცია:

. აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახდო კოდექსის 273-ე მუხლის 12 ნაწილით, ასევე, 2011 წლის 1 იანვრიდან მოქმედი ამავე კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც მოცემულ შემთხვევაში შეუსაბამოა, ვინაიდან საწარმო შექმნილია 2007 წლის ივნისში და კომპანიას ქონება მიღებული აქვს 2007 წელს შავი კარკასის მდგომარეობაში დღგ-ის გარეშე განსაზღვრული 300 000 ლარზე მეტი ღირებულებით, ხოლო ზემოხსენებული ნორმები ითვალისწინებს ქონების გადასახადის გაანგარიშებას 1,5-3,0 კოეფიციენტებით ან საბაზრო ფასით გათვლას 2000-2004 წლებში შეძენილ ქონებაზე. ამასთან, განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კომპანიის მიმართ გამოყენებული ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს დარიცხვის არამართლზომიერებას.

. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ისევ იხელმძღვანელა 2014 წელს თავისივე გაკეთებული შეფასების დასკვნებით, რომლის გამოყენებაც უკანონოა, ვინაიდან შემფასებელიც და დამრიცხავიც არის ერთი და იგივე ორგანო.

. მიუთითებს ტექნიკურ უზუსტობაზე და აცხადებს, რომ საგადასახადო მოთხოვნაში გადასახადი მითითებულია 48 719 ლარი, ხოლო საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში 48 363 ლარი, თუმცა სხვაობის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარიცხვისთვის აღებული ქონების საბაზრო ღირებულება მოიცავს ქონების ღირებულებაში გადასახდელ დღგ-საც, რაც დაუშვებელია, ვინაიდან ქონების საბაზრო ღირებულების საბაზრო ფასით შეფასებისას ქონების გადასასახადის დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება დღგ-ის გარეშე ქონების ღირებულებიდან.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 5 ივნისის №ბს-258(2კ-24) განჩინებით შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო საკასაციო საჩივრებზე შეწყდა საქმის წარმოება და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინება. ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინებით (საქმე №3ბ/1442-23) უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივლისის (საქმე №3/5170-18) გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „----“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 17 დეკემბრის №006-508 საგადასახადო მოთხოვნა და დაევალა შემოსავლების სამსახურს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „-----“-ის მიმართ.

გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 3 თებერვლის №2666 ბრძანებაზე, რომლითაც აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ფართების დამქირავებლისგან გაწეული სარემონტო სამუშაოების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა, ხოლო გადასახადის გადამხდელს - საწარმოს მიერ შესაბამის პერიოდში იჯარით გაცემული ფართების ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით დასკვნის წარდგენა. საგულისხმოა, რომ საკითხის სწორად გადასაწყვეტად თავად შემოსავლების სამსახურმა ჩათვალა საჭიროდ აუდიტის დეპარტამენტს კონკრეტული გარემოებების დამატებით, ყოველმხრივ გამოკვლევის გზით განესაზღვრა საწარმოს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რაც საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება.

შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას გადასახადის გადამხდელის ინტერესების გათვალისწინებით ექსპერტის დასკვნის დავალებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსარჩელემ ვერ წარადგინა და აღნიშნულის შედეგად მტკიცების ტვირთის მხოლოდ გადასახადის გადამხდელზე გადატანაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადასაწყვეტად - დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისათვის კანონმდებლობა აუცილებლად არ მიიჩნევს, ექსპერტის დასკვნის საჭიროებას, გადასახადის გადამხდელის განმარტება შავი კარკასის მდგომარეობაში ფართების გაქირავებასა და ამ ფართების მოიჯარეების მიერ კეთილმოწყობაზე, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, მათ შორის, თავად დამქირავებლიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უნდა დაქვემდებარებოდა დეტალურ განხილვას და შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას (საკითხის გადაწყვეტას).

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მხოლოდ საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში გაუგებარია/დაუსაბუთებელია რა გარემოებებზე მითითებით შეძლო საგადასახადო ორგანომ გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებული გარემოებების გაბათილება ან/და რა მტკიცებულებებზე/გარემოებებზე დაყრდნობით განსაზღვრა დასაბეგრი ბაზა, იმის გათვალისწინებით, რომ მან მიზანშეუწონლად მიიჩნია თავისი სამსახურის სპეციალისტის მიერ შპს „-----“-ის მიერ შავი კარკასის მდგომარეობაში გაქირავებული ფართების შეფასების განხორციელება.“

 

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გამოკვლეული და შესწავლილი იქნა სადავო საკითხთან დაკავშირებული გარემოებები. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტმა გამოითხოვა ინფორმაცია შესამოწმებელ პერიოდში შეფასებული ფართების (ქ. -----, ----- -----. №--, ----- ქ. №--, -----. №--) მოიჯარეებისაგან. შედეგად, დადგინდა, რომ აღნიშული ფართები გაიცა იჯარით გასარემონტებელ მდგომარეობაში და ჩატარდა კაპიტალური რემონტი მოიჯარეების მხრიდან. ამასთანავე, გადამხდელმა წარმოადგინა ინფორმაცია რამდენიმე მოიჯარის მიერ საიჯარო პერიოდის განმავლობაში ჩატარებული რემონტის ხარჯების შესახებ, რომლის თანახმადაც შპს „-----“ (ს/ნ -----) მიერ საიჯარო პერიოდში, კერძოდ 2011-2012 (დეკემბრამდე) წლებში, შპს „---------“-სგან იჯარით აღებულ ფართში (-- ----- --) გაწეული რემონტის ხარჯი პროპორციულად შეადგენდა 46 560 ლარს, ხოლო შპს „-----“ (ს/ნ -----) მიერ (ფართი აღებული აქვს იჯარით 01.09.2007-დან 01.03.2014-მდე) 2010 წელს გაწეული ხარჯი შეადგენდა 1 348 ლარს, 2011 წელს - 4 375 ლარს, ხოლო 2012 წელს 58 ლარს. გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების პერიოდში ქონების საბაზრო ღირებულება დადგენილია რემონტის გათვალისწინებით, ასევე, რადგან ფართის იჯარით აღების მომენტში კაპიტალური ხარჯების ოდენობა განისაზღვრა მხოლოდ შპს „-----“ (ს/ნ -----) შემთხვევაში, 2011 წლის ----- №---ში მდებარე კომერციული ფართის საბაზრო ფასში სარემონტო ხარჯების პროპორცია (17.8%) განისაზღვრა შპს ,,-----“ მონაცემებზე დაყრდნობით. აღნიშნული პროპორციის გამოყენებით განისაზღვრა ყოველწლიურად იჯარით გაცემულ სხვა ფართებში ჩატარებული კაპიტალური რემონტის ხარჯების ოდენობაც. დავის ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შემოწმების პროცესში შეფასებული ქონების საბაზრო ღირებულება შემცირდა მოიჯარეების მიერ კაპიტალურ რემონტზე დამატებით გაწეული ხარჯების ოდენობით და ამგვარად განისაზღვრა კომერციული ფართების საბაზრო ფასი შავი კარკასის მდგომარეობაში, რაც დაიბეგრა ქონების გადასახადით. გადაანგარიშების შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა ქონების გადასახადი სულ 11 315 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

2011 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273 მუხლის პირველ და 12 ნაწილების თანახმად:

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე შესყიდულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე შესყიდულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს შესყიდულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა შესყიდვის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.

12. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, ხოლო გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს მიერ საბაზრო ფასის ოდენობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ამ კოდექსით დადგენილი წესით. თუ დადგინდა, რომ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას, პირი ვალდებულია გადაიხადოს მოცემულ სხვაობაზე დარიცხული ქონების გადასახადი; ამასთანავე, პირს სხვაობაზე დარიცხული ქონების გადასახადის აღიარებამდე ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება და იგი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

2011 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.

ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლა სადავო საკითხთან დაკავშირებული გარემოებები. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტმა გამოითხოვა ინფორმაცია შესამოწმებელ პერიოდში შეფასებული ფართების (-----. N--, ----- N --, ----- N --) მოიჯარეებისაგან. ამასთანავე, გადამხდელმა წარმოადგინა ინფორმაცია რამდენიმე მოიჯარის მიერ საიჯარო პერიოდის განმავლობაში ჩატარებული რემონტის ხარჯების შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების პერიოდში ქონების საბაზრო ღირებულება დადგენილი იყო რემონტის გათვალისწინებით, ასევე, რადგან ფართის იჯარით აღების მომენტში კაპიტალური ხარჯების ოდენობა განისაზღვრა მხოლოდ შპს „-----“ (ს/ნ ---------) შემთხვევაში, 2011 წლის ----- N -- -ში მდებარე კომერციული ფართის საბაზრო ფასში სარემონტო ხარჯების პროპორცია (17.8%) განისაზღვრა შპს ,,---------“ მონაცემებზე დაყრდნობით. აღნიშნული პროპორციის გამოყენებით განისაზღვრა ყოველწლიურად იჯარით გაცემულ სხვა ფართებში ჩატარებული კაპიტალური რემონტის ხარჯების ოდენობაც. დავის ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შემოწმების პროცესში შეფასებული ქონების საბაზრო ღირებულება შემცირდა მოიჯარეების მიერ კაპიტალურ რემონტზე დამატებით გაწეული ხარჯების ოდენობით და ამგვარად განისაზღვრა კომერციული ფართების საბაზრო ფასი შავი კარკასის მდგომარეობაში, შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა ქონების გადასახადი 11 315 ლარით.

გადამხდელის არგუმენტი ტექნიკურ უზუსტობასთან და ქონების გადასახადის მიზნებისთვის, ქონების საბაზრო ფასიდან დღგ-ის თანხის გამოკლებასთან დაკავშირებით, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახულია ქონების გადასახადის შემცირება 11 315 ლარით. ასევე, საგადასახადო კოდექსის დებულებებიდან გამომდინარე, საბაზრო ფასი მოიცავს დღგ-ს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება და მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რომელზეც სასამართლოს გადაწყვეტილებაში ყურადღება არ აქვს გამახვილებული და აღნიშნული საფუძვლით საკითხის ხელახლა შესწავლა არ დაუვალებია საგადასახადო ორგანოსათვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსვლების სამსახურს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება სასამართლოს მიერ დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----“-ის (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განხორციელებულ დარიცხვას და ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა უძრავი ქონების იჯარა. საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ დავის ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შემოწმების პროცესში შეფასებული ქონების საბაზრო ღირებულება შემცირდა მოიჯარეების მიერ კაპიტალურ რემონტზე დამატებით გაწეული ხარჯების ოდენობით და ამგვარად განისაზღვრა კომერციული ფართების საბაზრო ფასი შავი კარკასის მდგომარეობაში, გადაანგარიშების შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა ქონების გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

შემოსვლების სამსახურს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება სასამართლოს მიერ დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 18;