ბრძანება N 44502-2

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.12.2019
№ დოკუმენტი 44502-2
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 44502

18/12/2019

შპს --------------------

(მის: -----------------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- N46798/1/2019 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 სექტემბრის N006-835 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 1 ნოემბრის (ოქმი N78) და 13 დეკემბრის (ოქმი N90) სხდომებზე.

წარმოდგენილი საჩივრის თანახმად, გადამხდელი ითხოვს N006-835 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას და გამოყოფს შემდეგ სადავო საკითხს:

ითხოვს შეძენილ სატვირთო ავტომობილებზე გადახდილი დღგ-ის თანხის ჩათვლას.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2019 წლის 13 თებერვლის N3129 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ----- საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 25 სექტემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2019 წლის 25 სექტემბრის ბრძანება N33208 და N006-835 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 318 690,25 ლარი, მათ შორის, გადასახადი 762 029 ლარი, ჯარიმა 398 644 ლარი, საურავი 158 017,25 ლარი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საჩივარში აღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებაში შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

სსკ-ის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით საქონლის შეძენისას, მომსახურების მიღებისას, საქონლის იმპორტისას ან/და საქონლის დროებითი შემოტანისას, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, საქონლის რეექსპორტში ან/და ექსპორტში, საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისათვის ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევისათვის, ამავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ასევე იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საქონლის წარმოებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის.

აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო სხდომის ოქმით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით ჩასათვლელი თანხა შეადგენს სულ 758 196 ლარს. აღნიშნული თანხები ედრება დეკლარაციაზე მიბმულ ჩასათვლელ თანხებს, თუმცა მოიცავს როგორც ავანსის, ისე მისი გამნაშთავი ფაქტურების ჯამს. საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტის მიხედვით, შემოწმებით სსკ-ის 174-ე მუხლის თანახმად შესამოწმებელ პერიოდში დაკორექტირდა (შემცირდა) ჩასათვლელი თანხა. კერძოდ, ჩათვლებში გათვალისწინებული იქნა ავანსის და გამნაშთავი ფაქტურის გასალდოებული მონაცემები დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების თარიღების მიხედვით, რაზეც გადამხდელს დაერიცხა ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლით.

ამასთან, ირკვევა, რომ საკითხი დამატებით შესწავლილი იქნა გადამხდელთან ერთად. მისთვის წარდგენილ იქნა ინფორმაცია საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტით დასარიცხი თანხების გაანგარიშებების შესახებ, გადამხდელის წარმომადგენელს დამატებით განემარტა შესაბამისი დარიცხვების გაანგარიშებებისა და საფუძვლების თაობაზე. თუმცა, გადამხდელს საკითხთან დაკავშირებით არც შემოწმებისა და არც დავის ეტაპზე დამატებით არავითარი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დღგ-ის ჩათვლის მიღების საკითხი გამოკვლეულია ყოველმხრივ, გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, შესაბამისად, ამ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- 2019 წლის 22 ოქტომბრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი ითხოვს შეძენილ სატვირთო ავტომობილებზე გადახდილი დღგ-ის თანხის ჩათვლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო სხდომის ოქმით ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით ჩასათვლელი თანხა შეადგენს სულ 758196 ლარს. აღნიშნული თანხა მოიცავს როგორც ავანსის, ისე მისი გამნაშთავი ფაქტურების ჯამს. საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტის მიხედვით, შემოწმებით სსკ-ის 174-ე მუხლის თანახმად შესამოწმებელ პერიოდში დაკორექტირდა (შემცირდა) ჩასათვლელი თანხა. გადამხდელს დაერიცხა ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლით. გადამხდელისთვის წარდგენილ იქნა ინფორმაცია საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტით დასარიცხი თანხების გაანგარიშებების შესახებ, თუმცა, გადამხდელს საკითხთან დაკავშირებით არც შემოწმებისა და არც დავის ეტაპზე დამატებით არავითარი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დღგ-ის ჩათვლის მიღების საკითხი გამოკვლეულია ყოველმხრივ, გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, შესაბამისად, ამ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275

01.01.2021 წლამდე მოქმედი: 173; 174(1,,ა“); 174(2,)