ბრძანება N 9878

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.05.2026
№ დოკუმენტი 9878
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9878

06 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----ს ----ს“ (ს/ნ ---)

(მის.: ----) 2026 წლის 9 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის პირველი მაისის სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა შპს „----ს“ (ს/ნ ----) №101685/1/2026 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 17 მარტის №CB1883285 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია კომპანიის მხრიდან დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გამო. კერძოდ, ბრენდირებული მუყაოს ჭიქების და თავსახურების მიწოდებაზე გააფორმეს ხელშეკრულება ერთ-ერთ კომპანიასთან. 2025 წლის 29 სექტემბერს მათ განახორციელეს აღნიშნული საქონლის ჩინეთიდან იმპორტი. იმპორტირებულ იქნა 190499 ცალი მუყაოს ჭიქა და 189999 ცალი თავსახური (500 ცალი თავსახური დააკლოთ მომწოდებელმა). პროდუქციის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ჭიქებზე დამკვეთის სახელწოდება არასწორად იყო დატანილი, რის გამოც დამკვეთმა უარი განაცხადა პროდუქციის შეძენაზე. ვინაიდან ჭიქები იყო ბრენდირებული და მათზე დატანილი იყო დამკვეთის ლოგო და არასწორი სახელწოდება, დამკვეთმა მოითხოვა პროდუქციის განადგურება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიამ განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის თაობაზე. განცხადებაში პროდუქციის დასახელებაში მათ მიერ ერთიანად იქნა მითითებული „ქაღალდის ჭიქა თავსახურით“, ხოლო პროდუქციის რაოდენობაში ჭიქების და თავსახურების რაოდენობების ჯამი 380498 (190499 ჭიქა + 189999 თავსახური). მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ გასანადგურებელი პროდუქციის დათვალიერებისას საქონლის დასახელებაში მითითებული „ქაღალდის ჭიქა თავსახურით“ გამო ჭიქები და თავსახურები განხილულ იქნა ერთ პროდუქტად. ვინაიდან მათ ფიზიკურად არ ჰქონდათ 380498 ცალი ჭიქა თავსახურით, შემმოწმებლების მიერ გასანადგურებლად ჩამოიწერა 189999 ჭიქა თავსახურით. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მომწოდებელმა დააკლო 500 ცალი თავსახური, 500 ცალი ჭიქა დარჩა დაუწყვილებელი და შესაბამისად, იგი ჩამოწერას საერთოდ არ დაექვემდებარა, ხოლო 190499 ცალი (380498 – 189999) „ქაღალდის ჭიქა თავსახურით“ მიჩნეულ იქნა დანაკლისად და საგადასახადო ორგანოსთვის ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური მარაგების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებად, რაზედაც შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიას მსგავსი ეკონომიკური თუ სამეურნეო ოპერაციები საქმიანობის განმავლობაში არ განუხორციელებია. შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური მარაგების ჩამოწერაზე განცხადებაც პირველად გააგზავნეს, რამაც გამოიწვია კიდეც ტექნიკური უზუსტობა. ამასთან, როგორც კი მათთვის ცნობილი გახდა განცხადებაში დაშვებული შეცდომის შესახებ, ეცადნენ მის დაკორექტირებას, თუმცა აღნიშნული ტექნიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 12 მარტს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ID:--- ელექტრონული განაცხადით მიმართა შპს „----მ“ (ს/ნ ----), რომელსაც თან ერთვოდა დანართი №24. განაცხადით ჩამოსაწერი საქონლის სააღრიცხვო ღირებულება სულ შეადგენდა 37136.61 ლარს. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას. შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 13 მარტს გამოცემული იქნა №სმფ-12130 ბრძანება, რის საფუძველზეც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა შპს „----ს“ (ს/ნ ---) მიერ დანართ №24-ში მითითებული ვადაგასული ან/და შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება 2026 წლის 20 მარტის ჩათვლით. 2026 წლის 16 მარტს ჩამოწერის პროცედურის განსახორციელებლად მიმდინარე კონტროლის სამმართველოს უფლებამოსილი პირები გამოცხადდნენ ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის განთავსების ადგილზე (მის: ---), სადაც კომპანიის დირექტორს - ---ს ჩაბარდა ბრძანება და განემარტა ამ პროცედურასთან დაკავშირებული მისი უფლებები და მოვალეობები. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი განაცხადის დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა დანაკლისი, რომელმაც სააღრიცხვო ღირებულებით შეადგინა 18592.61 ლარი. აღნიშნულზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 17 მარტს შედგენილ იქნა №CB1883285 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სამართალდამრღვევს შეეფარდა ჯარიმა 18592.61 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულის მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე − იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლომატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ელექტრონული განაცხადით მიმართა მომჩივანმა, რომელსაც თან ერთვოდა დანართი №24. განაცხადით ჩამოსაწერი საქონლის სააღრიცხვო ღირებულება სულ შეადგენდა 37136.61 ლარს. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას. შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა დანართ №24-ში მითითებული ვადაგასული ან/და შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება 2026 წლის 20 მარტის ჩათვლით.

გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი განაცხადის დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა დანაკლისი, რომელმაც სააღრიცხვო ღირებულებით შეადგინა 18592.61 ლარი. აღნიშნულზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 17 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სამართალდამრღვევს შეეფარდა ჯარიმა 18592.61 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 279 (3).