ბრძანება N 26625
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26625
03 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------)
(მის.: ---------------------------------)
2025 წლის 10 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №96) განიხილა ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) 2025 წლის 10 ნოემბრის №----/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 ოქტომბრის №225-18 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია
საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ 2023 წლის 12 მაისიდან ნებაყოფლობით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. 2022 წლის 12 მაისს კი სრულად ამონაშთა სააფთიაქო პროდუქცია, არსებულ ნაშთზე კი გამოწერილ იქნა სასაქონლო ზედნადებები და ამით დასრულდა იმ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, რომელსაც ეწეოდა 2022 წლის 13 მაისამდე. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქმიანობის შედეგები გაანგარიშდა სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის მისადაგების შედეგად, რამაც დაამახინჯა მეწარმის ეკონომიკური საქმიანობის მაჩვენებელი და გამოიწვია შემოსავლების დაუდასტურებლად გაზრდა. მიუთითებს, რომ მის მიმართ გამოვლენილი დარღვევა თითქმის სრულად გამომდინარეობს არასწორად გაანგარიშებული ფასნამატიდან, რისი მტკიცების შესაძლებლობაც არ გააჩნია ვინაიდან დოკუმენტური რეალიზაცია მცირეა, ხოლო სწორი ფასნამატის მისადაგების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დამატებით დარიცხული გადასახადი უმნიშვნელო იქნებოდა. განმარტავს, რომ გადაანგარიშებით გასწორდა მხოლოდ შემოწმების მიერ დაშვებული ტექნიკური შეცდომები.
2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ დავის მიმდინარეობის ეტაპზე მეწარმის მხრიდან დაიფარება გადასახადი. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 აგვისტოს №17716 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. „ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 აგვისტოს №17716 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 18 სექტემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად ი/მ -----------ს (ს/ნ -----------------) შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 7 382 ლარით, მათ შორის, გადასახადი 5 111 ლარი და ჯარიმა 2 270 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 7 ოქტომბრის №225-18 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულება (დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების ცხრილი მისივე შენიშვნებით). წარმოდგენილი ინფომაციის დამატებითი დამუშავების შედეგად, განხორციელდა დღგ-ით დასაბგერი ბრუნვის და შესაბამისი გადასახადის/ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების ცხრილი თავისივე შენიშვნებით. აღნიშნულის დამატებით შესწავლის შედეგად შემოწმების მიერ დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ი/მ -----ი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 13 მაისიდან. სააფთიაქო საქონელზე ზედნადები გაწერილი აქვს 2022 წლის 12 მაისს მხოლოდ ერთ ფიზიკურ პირზე, 11 000 ლარის ღირებულების საქონელზე, ხოლო ამ პერიოდამდე შესყიდული საქონლის ღირებულება შეადგენდა 73 204 ლარს. ამასთან, რაოდენობრივადაც არ ემთხვევა ნაშთად არსებული საქონლის რაოდენობა ზედნადებით რეალიზებულ რაოდენობას. აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი რაოდენობრივი არათანხვედრის პარალელურად აცხადებდა, რომ პროდუქცია გაყიდა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. ასევე, აღსანიშნავია, რომ მანამდე გადასახადის გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაციის ფაქტი საერთოდ არ უფიქსირდებოდა. სააფთიაქო საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით კი აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ შეუწყვეტია სააფთიაქო საქმიანობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში, არამედ ის აგრძელებდა სააფთიაქო დასახელების საქონლის შესყიდვას 2022 წლის 12 მაისიდან 2022 წლის სექტემბრის ბოლომდე. შემოწმების მიერ 2022 წლის საწყისი ნაშთის დასაბეგრი ნაწილი (შესაბამისი ფასნამატით) დასაბეგრ ბრუნვაში ჩასმულია 2022 წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში (დეკემბერში).
რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის პოზიციას, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან, არასწორად მისადაგებულ ფასნამატთან და სანქციის პატიებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მოცემული საკითხები თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას.ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №17716 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი. კერძოდ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაშ დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის №17716 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 7 382 ლარით, მათ შორის, გადასახადი 5 111 ლარი და ჯარიმა 2 270 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №225-18 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);