გადაწყვეტილება №21029/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21029/2/2023
06 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ის“ 10.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21029/2/2023).
დავის საგანი:
ქონებაზე ყადაღის დადების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 1 აგვისტოს №081-742 ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 ოქტომბრის №24540 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (1 330 482 ლარი) გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 1 აგვისტოს №081-742 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ყადაღა დაედო კომპანიის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. აღნიშნული ბრძანება 2023 წლის 4 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 5 ოქტომბრის №24540 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 238-ე, 241-ე, მე-8 მუხლებზე და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ვალის მართვის დეპარტამენტის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ სადავო ბრძანების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
დაყადაღებულია კომპანიის საკუთრებაში დარჩენილი სარეალიზაციოდ განკუთვნილი საცხოვრებელი ბინები, თუმცა როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერში ჩანს ყველა ბინას ჰყავს მომავალი მესაკუთრე. ამასთან, აღნიშნულ ფართებზე სრულად არის დაფარული ბინების ღირებულება, რაც ასევე ექცევა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესამოწმებელ პერიოდში. ფაქტიურად კომპანიის საკუთრებაში არ ირიცხება სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფართი, არსებული ნაშთების გადაფორმება (საკუთრებაში დარეგისტრირება) მყიდველის (მესაკუთრეების) მხრიდან ხელისშემშლელი გარემოებების გამო ვერ მოხერხდა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს ქონებაზე ყადაღის დადება.
საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 17.10.2023 წლის №104576-21-17 წერილით და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხებოდა და დღესაც ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივნის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ქონებას მართლზომიერად დაედო ყადაღა. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ქონებაზე ყადაღის დადების მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (1 330 482 ლარი) გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 1 აგვისტოს №081-742 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ყადაღა დაედო კომპანიის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. აღნიშნული ბრძანება 2023 წლის 4 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 5 ოქტომბრის №24540 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238; 241.