გადაყვეტილება №26510/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26510/2/2026
10 თებერვალი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 23.01.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26510/2/2026).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.11.2025 წლის №006-428 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 9.01.2026 წლის №112 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 222 358.08 ლარი.
მათ შორის:
მიწა - არასასოფლო - 120 819.76
ჯარიმა - 60 410
საურავი - 41 128.32
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკუთარი ან იჯარით აღებული უძრავი ქონების გაქირავება, ასევე უძრავი ქონების რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 22.10.2025 წლის №23146 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდებში, მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 13.11.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები --- რაიონში და ---- რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს აღნიშნული მიწის ნაკვეთები უფიქსირდება 2022 წლიდან. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული მიწის ნაკვეთები არ აქვს ასახული ქონების გადასახადის დეკლარაციაში. შემოწმების შედეგად, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.11.2025 წლის №25318 ბრძანება და ამავე თარიღის №006-428 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.01.2026 წლის №112 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
უპირველეს ყოვლისა აღსანიშნია, რომ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია კანონის დამაბნეველი ჩანაწერით, რამაც გამოიწვია კომპანიის შეცდომაში შეყვანა. კერძოდ: საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 30-ე ნაწილის მიხედვით ქონება განმარტებულია შემდეგნაირად: ქონება, ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა შეუზღუდავად შეძენა, ფლობა, განკარგვა და სარგებლობა შეუძლიათ პირებს. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
გამომდინარე აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერებიდან, მიწა წარმოადგენს ქონებას, ხოლო 201-ე მუხლში ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზას წარმოდგენს კომპანიის ძირითად საშუალებებად რეგისტრირებული ქონება. აღნიშნული მიწის ნაკვეთები წარმოადგენენ/წარმოადგენდნენ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებს, რომლის რეალიზაცია მოხდა ან/და იგეგმება ახლო მომავალში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ მიჩნეულ იქნა, რომ მიწა რომელიც წარმოადგენს სმფ-ს არ იბეგრება ქონების გადასახადით.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ გადაწყვეტილებაში მითითებულია:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
კომპანიის არგუმენტაცია იგივეა, რაც წარადგინა შემოსავლების სამსახურში, დამატებით მიუთითებს, რომ მიწა საგადასახადო კოდექსის მიხედვით წარმოადგენს ქონებას, ხოლო ქონების გადასახადის გადამხდელია საწარმო მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, კომპანიამ იხელმძღვანელა აღნიშნული ჩანაწერების მიხედვით, შედეგად მიიჩნია, რომ სმფ-ებად აღრიცხული მიწა არ ექვემდებარებოდა ქონების გადასახადით დაბეგვრას.
ითხოვს საბჭომ გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მონიჭებული უფლება და გაათავისუფლოს დაკისრებული საგადასახადო სანქციებისაგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადის გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №23146 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდებში, მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს აღნიშნული მიწის ნაკვეთები უფიქსირდება 2022 წლიდან. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული მიწის ნაკვეთები არ აქვს ასახული ქონების გადასახადის დეკლარაციაში. შემოწმების შედეგად, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №25318 ბრძანება და №006-428 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №112 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 272(1.2); 275(2, 21,22);