ბრძანება N 3620

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.02.2023
№ დოკუმენტი 3620
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3620

27.02.2023

შპს „-----“ (ს/ნ------)

(მის.: -----------------)

2022 წლის 5 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „------“ (ს/ნ ------) 2022 წლის 5 ნოემბრის №76009/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ოქტომბრის №028-16 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. აცხადებს, რომ სალაროს ნაშთის გაანგარიშების პროცესში სრულად არ იქნა გათვალისწინებული წარდგენილი დოკუმენტები, კერძოდ, ცემენტის ხარჯი, საწვავის ხარჯი და საბაჟოს მეშვეობით შემოტანილი სამსხვრევი დანადგარის ღირებულება;

2. აცხადებს, რომ შემოწმებამ არ მოახდინა გადამხდელის მიერ არასწორად (ზედმეტად) დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება; 3. განმარტავს, რომ არასრულად არის გადაანგარიშებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი და გაუგებარია, აუდიტის დეპარტამენტმა გამოიყენა თუ არა წარდგენილი ლაბორატორიული დასკვნა;

4. საწარმოს მიერ საბანკო ანგარიშებიდან მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხების ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გადაანგარიშების პროცესში მიწოდებული ინფორმაცია არ იქნა გათვალისწინებული სრულად, ასევე, არ იქნა მოკვლეული იმ ფიზიკური პირების მეწარმედ რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია, რომელთა მიმართაც კომპანიამ ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების ხელახალ გადაანგარიშებას და აცხადებს, რომ მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგენს დამატებით დოკუმენტაციას შესაძლებლობის ფარგლებში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 ივლისის №23359 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“ (ს/ნ ------) 2021 წლის 19 მაისის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „--------“ (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 ივლისის №23359 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 30 სექტემბრის №653 დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 81 296 ლარით, მათ შორის, გადასახადი 54 151 ლარით და ჯარიმა 27 145 ლარით. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 7 ოქტომბრის №028-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მომწოდებლებისგან (15 პირი) შპს „-------“ მიერ საბანკო გადარიცხვით და სალაროდან გადახდილი თანხების და შესყიდული საქონლის შესახებ. შედეგად, 2018 წლის 2019 წლის 1 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდის საკასო ხარჯში გათვალისწინებულ იქნა მესამე პირებისგან მიღებული და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, მიღებული სასაქონლო ზედნადებებით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით (დოკუმენტურად დადასტურებული) განხორციელებული შეძენები, მათ შორის, სრულად იქნა გათვალისწინებული საწვავის ხარჯი. გადამხდელმა წარმოადგინა 2018 წლის მარტის თვეში საწარმოს სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია 4 069 ლარზე, რაც გათვალისწინებულ იქნა სალაროს მინიმალური საკასო ხარჯის დადგენისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, განხორციელდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

2. საგადასახადო შემოწმების მიერ თანხის მიმღები ფიზიკური პირების იდენტიფიცირების მიზნით, გადამხდელის მონაწილეობით მოძიებულ და შესწავლილ იქნა ფიზიკურ პირთა პირადი ნომრები, მეწარმე პირებზე ბანკიდან გადარიცხული თანხები სატრანსპორტო მომსახურებაზე და შეძენებზე. აღნიშნულის შესწავლის შედეგად, რისი იდენტიფიცირებაც მოხდა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ ხარჯად, მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები 15 069 ლარის ოდენობით დაექვემდებარა შემცირებას.

3. დღგ-ით დასაბეგრი დასაბეგრი ბრუნვების შემცირებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მოთხოვნა, კერძოდ, შემცირებულ იქნა მსუბუქი ავტომობილების რეალიზაციით დღგ-ში განხორციელებული დარიცხვები.

4. საწარმოს მიერ საბანკო ანგარიშებიდან მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხების ხელფასის სახით განაცემად განხილვასთან დაკავშირებით, გადამხდელმა წარმოადგინა ფიზიკურ პირთა პირადი ნომრები. აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადამოწმებულ იქნა აღნიშნული პირების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, განხორციელდა საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

5. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა აკრედიტირებული საგამოცდო ლაბორატორიის შპს „-----------ს“ მიერ 2021 წლის 10 მარტს გაცემული ოქმი №95; ოქმი №129; ოქმი №130, რომელთა მიხედვით, გაფხვიერების კოეფიციენტი ქვიშა-ხრეშის შემთხვევაში არის 1.31; ქვიშა-ღორღის შემთხვევაში - 1.28; ქვიშის შემთხვევაში - 1.29. მოპოვებული წიაღისეულის (მდინარის მასალის) მოცულობის შესახებ სხვა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია. შემოწმების მიერ შესწავლილი და დამუშავებული იქნა გარემოს ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაცია, კერძოდ, წიაღისეულის ათვისების გეგმა, გრაფიკი, მონაცემები ბუნებრივი და ტექნოლოგიური საბადოებით სარგებლობის და საქმიანობის შესახებ. დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდში გეგმა-გრაფიკით დადგენილი მოსაპოვებული მდინარის მასალის რაოდენობა შეადგენს 127 520 მ 3 -ს. სტატისტიკური ფორმა №1-01-ის მონაცემების მიხედვით, გადამხდელს მოპოვებული აქვს 103 189 მ 3 მდინარის მასალა, ხოლო გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილის მონაცემებით 97 760 მ 3 . გეგმა-გრაფიკის, სტატისტიკური ფორმის, დეკლარირებული მონაცემები და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილის მონაცემები მოპოვებული მდინარის მასალის მოცულობის შესახებ რადიკალურად განსხვავდება ერთამნეთისაგან. გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა (განადგურებულია ხანძრის შედეგად). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ მოპოვებული წიაღისეულის მოცულობის დასადგენად იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის №2546 სიტუაციური სახელმძღვანელოთი (ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადაანგარიშება) და შპს „-------“ 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდზე განესაზღვრა 127 520 მ 3 ქვიშა-ხრეშის მოპოვება. წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შემოწმების მიერ განხორციელდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათის მოსაკრებელში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) - 7 591 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

 

სადავო საკითხებთან მიმართებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება შემდეგი:

1) შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მსხვილი შემსყიდველებისაგან, მათ შორის, შპს „-------“, რაც გათვალისწინებულ იქნა სალაროს ნაშთის დათვლისას. ასევე, სრულად არის გათვალისწინებული საწვავის ხარჯი. ხოლო რაც შეეხება საბაჟოს მეშვეობით შემოტანილი სამსხვრევი აპარატის ხარჯს, რომელიც გადამხდელის განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ არის შეძენილი, გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

2) ზედმეტად დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირებასთან მიმართებით, შემოწმება აღნიშნავს, რომ საწარმოს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შესამოწმებელი პერიოდის მონაცემები განადგურებულია და დამწვარია ხანძრის შედეგად, შემოწმებამდე და შემოწმების შემდეგი პერიოდის მონაცემები ნაწარმოებია ორისში, კომპანიის ბუღალტრის ცვლილება მთელი ამ ხნის განმავლობაში არ მომხდარა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ ის გარემოება, რომ შეცდომით მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ზედმეტად დეკლარირება, არ არის შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების შემცირების საფუძველი, ვინაიდან არ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება;

3) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში დარიცხულ თანხებთან, კერძოდ, გადამხდელის მიერ წარდგენილი ლაბორატორიული დასკვნის გამოყენებასთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა შპს „---------“ მიერ გაცემული ლაბორატორიული დასკვნა, რომელიც სრულად იქნა გათვალისწინებული გადაანგარიშების ეტაპზე, კერძოდ, გათვალისწინებულ იქნა გაფხვიერების კოეფიციენტი ქვიშა-ხრეშის შემთხვევაში 1,31; ქვიშა-ღორღის შემთხვევაში 1,28; ქვიშის შემთხვევაში 1,29. დასკვნა გაცემულია მხოლოდ ამ სამი დასახელების მასალაზე. გეგმა-გრაფიკის, სტატისტიკური ფორმის, დეკლარირებული და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილის მონაცემები მოპოვებული წიაღისეულის მოცულობის შესახებ არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის დარიცხვისას შემოწმებამ იხელმძღვანელა „საქართველოს კანონით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ და შემოსავლების სამსახურის №2546 სიტუაციური სახელმძღვანელოთი (ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადაანგარიშება);

4) გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ფიზიკურ პირთა პირადი მონაცემები, რაც გადამოწმებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებთან მიმართებით, განხორციელდა აქტით დარიცხული თანხების შემცირება. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, პირადი მონაცემების მოუძიებლობის გამო, ვერ მოხერხდა პირის საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა აქტით დარიცხული თანხები თითოეულ სადავო საკითხთან მიმართებით, ჯამურად სულ 81 296 ლარით, მათ შორის, გადასახადი 54 151 ლარით და ჯარიმა 27 145 ლარით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის მხრიდან დავის წარმოების ეტაპზეც არ იქნა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ------“ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.