გადაწყვეტილება №11624/2/2020

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 22.12.2020
№ დოკუმენტი 11624/2/2020
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№11624/2/2020

04.12.2020

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --------- (ს/ნ-------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.12.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- ს 3.11.2020 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №11624/2/2020).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1.აუდიტის დეპარტამენტის 10.03.2020 წლის №001-45 საგადასახადო მოთხოვნა;

2.შემოსავლების სამსახურის 27.10.2020 წლის №32088 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 207 323 ლარი

მათ შორის:

გადასახადი - 111 285 ლარი

მოგების გადასახადი - 96 031

დამატებული ღირებულის გადასახადი - 15 254

ჯარიმა - 55 642 ლარი საურავი - 40 396.45 ლარი

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 20 თებერვლის №4363 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2017 წლის 14 სექტემბრის №24187 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 9.03.2020 წლის №6770 ბრძანება და 10.03.2020 წლის №001-45 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტების გაუქმების მოთხოვნით მომჩივანმა 2020 წლის 2 ოქტომბერს, მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 27.10.2020 წლის №32088 ბრძანებით, საჩივარი დატოვა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

შემოსავლების სამსახურის 27.10.2020 წლის №32088 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ, მე-4 და მე-10 ნაწილებზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე და მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანს საჩივარი წარდგენილი აქვს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, საჩივარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ საზოგადოებას შეჩერებული აქვს ეკონომიკური საქმიანობა, ამიტომ საგადასახადო აქტს გაეცნო მხოლოდ იძულებითი ღონისძიებების დაწყების შემდეგ. კერძოდ, როდესაც ბანკიდან მიიღო საინკასო დავალების შესახებ შეტყობინება. შესაბამისად, მათ მიერ საჩივარი წარმოდგენილი ვადაში და ითხოვს დაევალოს შემოსავლების სამსახურს საჩივრის არსებითად განხილვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. ამასთანავე, პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.

დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 09 მარტის №6770 ბრძანება და 2020 წლის 10 მარტის №001-45 საგადასახადო მოთხოვნა მომჩივანს გაეგზავნა როგორც ელექტრონულად (2020 წლის 10 მარტს), ისე იურიდიულ მისამართზე, საფოსტო დაწესებულების მეშვეობით, თუმცა ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2020 წლის 20 ივლისს განხორციელდა აღნიშნული აქტების საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2020 წლის 9 აგვისტოს. აღნიშნულ დოკუმენტებს მომჩივანი გაეცნო 28 სექტემბერს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე.

ანალოგიურ საკითხზე სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკით მიჩნეულია, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის საჯარო შეტყობინებით დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობის გამოყენებამდე დოკუმენტის, როგორც ფოსტით (მინიმუმ ორჯერ), ისე ელექტრონული ფორმით გაგზავნის ვალდებულების დაკისრება განპირობებულია იმ საფუძვლით, რომ საჯარო შეტყობინების გზით ადრესატისთვის დოკუმენტის ჩაბარება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოყენებულ იქნეს, როგორც უკიდურესი ღონისძიება. შესაბამისად ადრესატისთვის საჯაროდ გავრცელების გზით დოკუმენტის გაცნობამდე, საგადასახადო ორგანომ სრულყოფილად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით (ტელეფონი, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება და სხვა საშუალებები) გადამხდელისთვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა დამხოლოდ მას შემდეგ რაც ამოწურავს მათ, მიმართოს საჯარო შეტყობინების გზით ადრესატისათვის დოკუმენტის ჩაბარებას.

ამდენად, მიუხედავად იმისა რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ფორმალურად დაცულია დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წინაპირობები, საბჭო მიიჩნევს, რომ მხოლოდ აღნიშნული არასაკმარისია განსახილველ შემთხვევაში დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისთვის - როგორც ჩაბარების უკიდურესი ღონისძიების გამოყენებისთვის.

მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გადამხდელისთვის ჩაბარების დროს გამოყენებული არ ყოფილა გადამხდელის ნფორმირების ან/და დოკუმენტის ჩაბარების რეალურად არსებული ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, უშუალოდ საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა მიერ გადამხდელისთვის დოკუმენტის ჩაბარების მცდელობა. შესაბამისად, სადავო დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებით მომჩივანს იგი არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით.

ამდენად, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვება არამართლზომიერია.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 27.10.2020 წლის №32088 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 27.10.2020 წლის №32088 ბრძანება;

3. საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.