გადაწყვეტილება №26529/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.02.2026
№ დოკუმენტი 26529/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26529/2/2026

10 თებერვალი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 28.01.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26529/2/2026).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 დეკემბრის №007-325 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 28 იანვრის №1213 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 228 106.49 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 143 265.30

ჯარიმა - 71 632.50

საურავი - 13 208.69

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გაზის მილებითა და ფიტინგებით, შპალერითა და ლამინატით ვაჭრობა. მომჩივანი საქონლის შემოტანას ძირითადად ახორციელებს იმპორტის გზით ---დან, ---დან და ---დან. ამასთან, უფიქსირდება ადგილობრივი შეძენაც.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ივნისის №13381 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 28 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას ახორციელებს საბუღალტრო პროგრამა ორისში. პროგრამა შეიცავს ხარვეზებს. საგადასახადო ორგანო საბუღალტრო პროგრამას დაეყრდნო მხოლოდ საქონლის მიღების და დოკუმენტური რეალიზაციების ჩამოწერების ნაწილში. შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ ჯამურად გაცემული ხელფასის ოდენობა შეადგენს 48 951 ლარს. დივიდენდი არ აქვს გაცემული, ხოლო 2023 წლის ოქტომბრიდან აღარ გასცემს ხელფასსაც. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივნისის №12850 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. 2025 წლის 25 ივნისის მდგომარეობით, სალაროში ნაღდი ფულის ოდენობამ შეადგინა 7 730 ლარი. ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანების დანართ №9-ზე („სალაროში ნაღდი ფულის შესახებ") დაყრდნობით შესწავლილ იქნა ნაღდი ფულის მოძრობა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებულმა არაგონივრულმა ნაშთმა შეადგინა 573 061 ლარი. აღნიშნული თანხა ჩათვლილ იქნა შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოწმებით გამოვლენილ სხვაობაზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 დეკემბრის №26586 ბრძანება და №007-325 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 228 106.49 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 16 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 28 იანვრის №1213 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით (საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები), დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების, მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 28 იანვრის №1213 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი სრულად ეთანხმება შემოწმების აქტით დამატებით დარიცხულ თანხებს და აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევა არ იქნა ჩადენილი განზრახ, იგი გამოწვეულია საგადასახადო კოდექსის არასრულყოფილად ცოდნით. კერძოდ, აღნიშნული თანხების დაბეგვრა კომპანიის მიერ იგეგმებოდა ერთიანად 2025 წლის ბოლოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისა და შესაბამისი საურავისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №13381 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას ახორციელებს საბუღალტრო პროგრამა ორისში. პროგრამა შეიცავს ხარვეზებს. საგადასახადო ორგანო საბუღალტრო პროგრამას დაეყრდნო მხოლოდ საქონლის მიღების და დოკუმენტური რეალიზაციების ჩამოწერების ნაწილში. შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ ჯამურად გაცემული ხელფასის ოდენობა შეადგენს 48 951 ლარს. დივიდენდი არ აქვს გაცემული, ხოლო 2023 წლის ოქტომბრიდან აღარ გასცემს ხელფასსაც.

ამასთან,საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №12850 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. 2025 წლის 25 ივნისის მდგომარეობით, სალაროში ნაღდი ფულის ოდენობამ შეადგინა 7 730 ლარი. ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანების დანართ №9-ზე („სალაროში ნაღდი ფულის შესახებ") დაყრდნობით შესწავლილ იქნა ნაღდი ფულის მოძრობა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებულმა არაგონივრულმა ნაშთმა შეადგინა 573 061 ლარი. აღნიშნული თანხა ჩათვლილ იქნა შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოწმებით გამოვლენილ სხვაობაზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №26586 ბრძანება და №007-325 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 228 106.49 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №1213 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების, მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).შემოსავლების სამსახურის №1213 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს,რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);