ბრძანება N 5461
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5461
21.03.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ---------------------------)
2023 წლის 2 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია შპს „----------“ (ს/ნ 422736748) №78791/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 10 იანვრის №CB1255612 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 თებერვლის და 2 მარტის სხდომებზე (ოქმები №15 და №20).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს და განმარტავს, რომ ინვენტარიზაცია ჩატარდა უფლებამოსილი პირის დაუსწრებლად. არ ჩაბარებიათ ინვენტარიზაციის აქტები და მათთვის სრულიად გაუგებარია, ციფრები როგორ იქნა დათვლილი. კომპანიას დღესაც გააჩნია საქონლის ნაშთი, რომელიც არსად არის გათვალისწინებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 8 ივლისის №22150 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა შპს „---------“ (ს/ნ -------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის დაწყებამდე, 2021 წლის 21 ივლისს შპს „---------“ (ს/ნ ---------) ელექტრონულად ჩაბარდა ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ ბრძანება. კომპანიას არ განუსაზღვრავს საინვენტარიზაციო კომისია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების შესაბამისად, შევსებული იქნა ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №16, №19, №21 და №22. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ (დანართი №21). საშუალო შეწონილი ფასნამატი (20%) მიღებული იქნა შეძენილი და რეალიზებული საქონლის ფასთა სხვაობიდან (სასაქონლო ზედნადებებით) გამომდინარე. ფასი დანაკლისად მიჩნეულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებზე განსაზღვრული იქნა შემდეგი პრინციპით: თვითღირებულება + ფასნამატი + დღგ. ვინაიდან შპს „--------“ (ს/ნ ---------) სასაქონლომატერიალური ფასეულობების მოძრაობას (შეძენა-რეალიზაციას) არ აღრიცხავდა სასაქონლო ნომენკლატურის (დასახელებების) მიხედვით, აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ანგარიშგებაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დადგენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თანხობრივმა ნაშთმა თვითღირებულებით შეადგინა 272404.24 ლარი, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიურმა ნაშთმა კი 0 ლარი თვითღირებულებით. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია. საინვენტარიზაციო კომისიამ შეადარა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ბუღალტრული და ფაქტობრივი მონაცემები, რის შედეგადაც გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით 385724.40 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად ითვალისწინებს ჯარიმას 38572.44 ლარის ოდენობით.
შპს „---------“ (ს/ნ ---------) 2021 წლის 11 აგვისტოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, ელექტრონულად გაეგზავნა შეტყობინება №21-12/101667 ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომელსაც გაეცნო 2021 წლის 16 აგვისტოს. კომპანიის მიერ ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2022 წლის 10 იანვარს შედგენილ იქნა №CB1255612 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ სადავო ოქმი 2022 წლის 21 მარტს გამოქვეყნდა საჯაროდ.
საქმეზე არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის გადამოწმებით დგინდება, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გადასახადის გადამხდელს იურიდიულ მისამართზე (---------------) გაეგზავნა აღნიშნული ოქმის საჯაროდ გავრცელების შემდგომ. კერძოდ, სადავო ოქმი გაგზავნილ იქნა ორჯერ 2022 წლის 24 სექტემბერსა და 2022 წლის 5 ოქტომბერს, ხოლო მისი საჯაროდ გავრცელება განხორციელდა 2022 წლის 21 მარტს. ამასთან, ელექტრონულად გაეცნო 2023 წლის 22 იანვარს
აღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ვადა არ უნდა ჩაითვალოს გაშვებულად და შპს „-------“ (ს/ნ ------------) საჩივარი დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს. ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს , ელექტრონულად გაეგზავნა შეტყობინება ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომელსაც გაეცნო 2021 წლის 16 აგვისტოს. კომპანიის მიერ ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2022 წლის 10 იანვარს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (9);