ბრძანება N 8579

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.05.2025
№ დოკუმენტი 8579
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8579

02 მაისი 2025

ბრძანება

შპს „------- - ს “ (ს/ნ "--------" )

(მის.: "--------" )

2025 წლის 8 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 აპრილის სხდომაზე (ოქმი №30) განიხილა შპს „-------- -ს “ (ს/ნ "--------" ) 2025 წლის 8 აპრილის №94976/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 მარტის №006-17 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ კომპანია დაფუძნებულია 2012 წელს, რეალიზაცია სრულად ხორციელდება დოკუმენტურად. აღნიშნავს, რომ 2012-2015 წლების მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით მართლაც განსხვავებული მონაცემები იყო წარდგენილი როგორც შემოსავლების, ისე ხარჯის ნაწილში. შემოწმებისთვის წარდგენილი ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ინფორმაციაში სრულად და ნათლადაა ასახული შპს „------- -ს “ საქმიანობის შედეგები როგორც შემოსავლის, ისე ხარჯის ნაწილში. კერძოდ, შემოსავალი დასტურდება სასაქონლო ზედნადებებით/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის მონაცემებით, ხოლო ხარჯის ნაწილი სრულად თანხვედრაშია საბანკო ამონაწერებთან, გარდა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა, რადგან საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე საქონლის შეძენა ხდებოდა ნაღდი ფულით. მომჩივანი მიუთითებს, რომ წარდგენილი მონაცემები სრულად ასახავს კომპანიის საქმიანობას და შესაბამისად, შემდგომ პერიოდში, 2016 წლიდან ბუღალტრულ პროგრამაში მითითებული საწყისი ნაშთებიდან გამომდინარე სრულყოფილად ხორციელდება ანგარიშგება და დეკლარირება. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში დებიტორული/კრედიტორული დავალიანების არსებობა/განაშთვა დადასტურებული აქვთ შემმოწმებლებსაც და შემდგომ პერიოდებზეც შემოსავლების სამსახურში წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებებში არსებული ბუღალტრული მონაცემები გათვალისწინებულია სრულად. წარდგენილი მტკიცებულებების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში არსებული მონაცემების (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) მიხედვით ნათლად ჩანს კომპანიის განვითარება მზარდი რეალიზაციების ფონზე და შესაბამისად, კომპანია საჭიროებდა 2012-2016 წლებში დამატებითი ფულადი სახსრების მოზიდვას, რაც განხორციელდა კიდეც. აცხადებს, რომ გადაანგარიშების შედეგების შესწავლით დადგინდა რიგი ტექნიკური უზუსტობები, რომელიც საჭიროებს მომჩივანთან ერთად დამატებით შესწავლას, საგადასახადო ვალდებულებების სიზუსტის დასადგენად.

2. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 აგვისტოს №19001 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------- -ს “ (ს/ნ "--------" ) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „------- -ს “ (ს/ნ "--------" ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 ოქტომბრის №24392 ბრძანებით განხორციელებული ცვლილების შედეგად დამტკიცებული „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი 10) გათვალისწინებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების (მ.შ დივიდენდად განხილვის ნაწილში) კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 აგვისტოს №19001 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 20 თებერვალს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 62 679 ლარით, მათ შორის, გადასახადი 41 785 ლარით და ჯარიმა 20 894 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 12 მარტის №006-17 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 აგვისტოს №19001 ბრძანების თანახმად, შესწავლილია გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. შესწავლის შედეგად, 2012-2015 წლებში ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის საფუძველზე, დადგინდა კაპიტალის შევსების საჭიროება უფრო მეტი ოდენობით ვიდრე შემოწმების აქტით იყო განსაზღვრული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაწილობრივ შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელზე დარიცხული თანხები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირდა დარიცხული თანხები, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 აგვისტოს №19001 ბრძანების თანახმად, გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაციის შესწავლის შედეგად, 2012-2015 წლებში ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის საფუძველზე, დადგინდა კაპიტალის შევსების საჭიროება უფრო მეტი ოდენობით ვიდრე შემოწმების აქტით იყო განსაზღვრული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაწილობრივ შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ამასთან, საჩივარში მითითებული აქვს ისეთი სადავო საკითხი, რაც თავდაპირველად გადამხდელს სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------- -ს “ (ს/ნ "--------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.

2.გადამხდელი, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 აგვისტოს №19001 ბრძანების თანახმად, შესწავლილია გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. შესწავლის შედეგად, 2012-2015 წლებში ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის საფუძველზე, დადგინდა კაპიტალის შევსების საჭიროება უფრო მეტი ოდენობით ვიდრე შემოწმების აქტით იყო განსაზღვრული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაწილობრივ შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელზე დარიცხული თანხები.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21)