ბრძანება N 10718
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10718
15.05.2023
შპს „----------“ (ს/ნ -------------)
(მის.: -----------------------)
2023 წლის 20 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 მაისის სხდომაზე (ოქმი №49) განიხილა
შპს „--------------“ (ს/ნ----------) №80466/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის №21-10/25533 გადაწყვეტილებას „საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ“.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, 2013 წელს №------------ საქონლის საბაჟო დეკლარაციით სასუქი---------- დადეკლარირდა 29225000 სეს ესნ კოდით, საფუძველი იყო ინვოისში მომწოდებლის მიერ არასწორად მითითებული კოდი. მომჩივანი მიუთითებს, რომ აღნიშნული საქონელი დანიშნულებით არის აგროქიმიკატი (სასუქი) სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებლად, მყარი, დაფასოებული 1 კგ შეფუთვაში. შეიცავს Ca - 2,57%, B - 0,52%, Cu - 0,53%, Fe - 2,10%, Mn - 2,57%, Mo - 0,13%, Zn - 0,53%
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტის დასკვნის №-------- 16.11.2016 თანახმად, იარავიტა ტენსო კოქტეილი --------- 1 კგ-ის (მწარმოებლის რებრენდინგის შედეგად YaraVita გადაკეთდა YaraTera-ად, თუმცა საქონელი იდენტურია) სეს ესნ კოდი განისაზღვრა 31059099000. აღნიშნული საქონელი ამ პერიოდიდან 2021 წლამდე დეკლარირდებოდა ამ დასკვნის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება 2020 წლის 18 ნოემბრის №275-ის თანახმად სეს ესნ კოდი 31059099000-ის ანალოგი კოდი არის 31059080000 და 2021 წლიდან ზემოხსენებულ საბაჟო პროცედურის განხორციელებამდე, დეკლარირდებოდა 31059080000 კოდში. მომჩივნის მოსაზრებით, აღნიშნულს ადასტურებს მომწოდებლის წერილიც, სადაც მითითებულია, რომ სეს ესნ კოდი არასწორად იყო მითითებული და უთითებს სწორ - 31059080 კოდს.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს №------------ საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული სასუქისთვის სწორი კოდის მინიჭებას და დარიცხული დღგ-ის (2566,07 ლარი) გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 2 მარტს №37990/21-10 განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს მიმართა შპს „----------“ (ს/ნ ---------) წარმომადგენელმა №----------- (----------) საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილებების შეტანის თაობაზე.
საბაჟო დეპარტამენტის მიერ შესწავლილი იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ასევე, საქონლის დეკლარირებისას წარმოდგენილი დოკუმენტები.
საქონლის დეკლარირებისას და ასევე 2023 წლის 2 მარტს №37990/21-10 განცხადებით წარმოდგენილ ინვოისში №---------- (-----------) საქონლის სეს ესნ კოდად მითითებულია 29225090.
ასევე, გადამხდელის მიერ საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნილ იქნა ექსპორტიორი ქვეყნის (---------) უფლებამოსილი საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის დეკლარაცია, სადაც საქონლის სეს ესნ კოდად ასევე მითითებულია 29225090.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, 2023 წლის 28 მარტის №21-10/25533 გადაწყვეტილებით, მომჩივანს უარი ეთქვა №----------- (------------) საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილებების შეტანის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს 4 №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელების საფუძვლებია:
ბ) დეკლარანტის წერილობითი განცხადება (გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №8) გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც საქონლის გაშვების შემდეგ დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის გარეშე), თუ მის მიერ აღმოჩენილ იქნა, რომ გაშვებული საქონლის რაოდენობა ან/და საქონლის ღირებულება ან/და საქონლის საბაჟო ღირებულება ან/და იმპორტის გადასახდელის თანხის ოდენობა ნაკლებია საბაჟო დეკლარაციაში ან რეექსპორტის დეკლარაციაში და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებულ შესაბამის მონაცემებზე;
გ) საბაჟო ორგანოში არსებულ მონაცემთა ანალიზის შედეგები ან/და დადგენილი წესით მოთხოვნილი და მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია.
ამავე მუხლის მე-4 პინქტის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, მტკიცებულებად ჩათვალოს სხვა ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი ან საბაჟო დეკლარაცია ან/და მსოფლიო ბაზრის ფასები, როდესაც ასეთი ფასების გამოყენების ვალდებულება გათვალისწინებულია გარიგებით, თუ:
ა) წარმოიშვა ეჭვი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის უკანონოდ შემოტანაზე/ტერიტორიიდან უკანონოდ გატანაზე ან დეკლარირებული მონაცემების ან დეკლარანტის ან/და მისი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი სხვა ინფორმაციის უტყუარობაზე, ან
ბ) დადგენილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის უკანონოდ შემოტანის/ტერიტორიიდან უკანონოდ გატანის ფაქტი. ამავე ინსტრუქციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ ინსტრუქციის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისას, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, წინასწარი შესწავლის საფუძველზე უარი თქვას კონტროლის დაწყებაზე ან გამოსცეს ბრძანება საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის დაწყების თაობაზე. ამასთან, დეკლარანტის წერილობით განცხადებასთან ერთად არასაკმარისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ მას ეძლევა გონივრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. სათანადო მტკიცებულებების მიწოდების შემდეგ ხორციელდება საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.
დადგენილია, რომ მომჩივანმა 2023 წლის 2 მარტს განცხადებით მოითხოვა №---------- (----------) საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილებების შეტანის თაობაზე. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ასევე, საქონლის დეკლარირებისას წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლისას გაირკვა, რომ საქონლის დეკლარირებისას და ასევე 2023 წლის 2 მარტს №37990/21-10 განცხადებით წარმოდგენილ ინვოისში №-------------- (-----------) საქონლის სეს ესნ კოდად მითითებულია 29225090.
დადგენილია ასევე, რომ გადამხდელის მიერ სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნილ იქნა ექსპორტიორი ქვეყნის (--------) უფლებამოსილი საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის დეკლარაცია, სადაც საქონლის სეს ესნ კოდად ასევე მითითებულია მითითებულია 29225090.
შესაბამისად, ვინაიდან წინასწარი შესწავლის საფუძველზე არ არსებობდა №1----------- (-----------) საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილებების შეტანის საფუძველი, 2023 წლის 28 მარტის №21-10/25533 გადაწყვეტილება მომჩივნისთვის №---------- საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავოდ აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული სასუქისთვის სწორი კოდის მინიჭებას და დარიცხული დღგ-ის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია, რომ მომჩივანმა განცხადებით მოითხოვა საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილებების შეტანის თაობაზე. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ასევე, საქონლის დეკლარირებისას წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლისას გაირკვა, რომ განცხადებით წარმოდგენილ ინვოისში საქონლის სეს ესნ კოდად მითითებულია 29225090. დადგენილია ასევე, რომ გადამხდელის მიერ სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნილ იქნა ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის დეკლარაცია, სადაც საქონლის სეს ესნ კოდად ასევე მითითებულია მითითებულია 29225090
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,მომჩივანს უარი ეთქვა საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილებების შეტანის თაობაზე.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავოდ აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს 4 №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებს.