გადაწყვეტილება №19878/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.07.2023
№ დოკუმენტი 19878/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№19878/2/2023

20 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 2.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19878/2/2023).

 

დავის საგანი:

სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.04.2023 წლის №CB1459691 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10992 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 5 000 ლარი და ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.

 

ფაქტების აღწერა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ------- რაიონული სამმართველოს 1.04.2023 წლის №------- წერილის საფუძველზე, გადამოწმდა ავტომობილი (-------) და დადგინდა, რომ ------- ახორციელებდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 1.6 მ3 მოცულობის წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალა ფიცრის ტრანსპორტირებას. აღნიშნულ ფაქტზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.04.2023 წლის №CB1459691 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.05.2023 წლის №10992 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის 12 და მე-5 ნაწილის ე“ ქვეპუნქტით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72- ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ზედნადები გამოწერილი იყო შემდგომ საქონელზე: ფიცარი, ფიცარი დახერხილი ძელაკად და ფიცარი დამუშავებული (აბშივკა). მყიდველის ვალდებულებას არ წარმოადგენს, საქონლის შეძენის დროს გადაამოწმოს თუ ვისგან აქვს გამყიდველს შეძენილი ეს საქონელი. როდესაც ხორციელდება მოძრავი ნივთის შეძენა ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი წარმოადგენს ნივთის მესაკუთრეს. გადამხდელისთვის გაუგებარია რომელი სამართლებრივი ნორმა ავალდებულებს მას, რომ გადაამოწმოს სასაქონლო ზედნადებში მითითებული საქონლის კუთვნილება გამყიდველისადმი. გადამხდელი ვერ ივარაუდებდა რომ ნივთი რომელსაც გამყიდველი ყიდდა, არ იყო მისი საკუთრება. იმ შემთხვევაში, თუ ზედნადებში დაშვებულია რაიმე შეცდომა ან დასახელებული საქონლის კუთვნილება არ დგინდება გამყიდველთან, პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს მყიდველს.

აცხადებს, რომ სასაქონლო ზედნადებში კონკრეტული გრაფის არასწორად/არასრულად შევსება ვერ გაუთანაბრდება სასაქონლო ზედნადების არარსებობას. სასაქონლო ზედნადებში დაშვებული შეცდომა ავტომატურად არ ქმნის იმ სამართლებრივ უკანონო შედეგებს, რაც მოჰყვება სასაქონლო ზედნადების არარსებობა.

ითხოვს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.04.2023 წლის №CB1459691 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10992 ბრძანების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

ამავე ინსტრუქციის 252 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ: ა) მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტმანეტის 21.04.2023 წლის №------- მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილ ტვირთზე გამოწერილი იყო ხეტყის ელ. სასაქონლო ზედნადები №------- შპს ------- (-------) მიერ. სასაქონლო ზედნადების მე-20 გრაფაში მითითებული იყო №------- ხე-ტყის წარმოშობის ელ. სასაქონლო ზედნადები, რომელიც ეკუთვნის შპს ------- (-------) ხოლო თავის მხრივს შპს ------- წარმოშობის დოკუმენტად (მე-20 გრაფაში) მითითებული ჰქონდა ელ. სასაქონლო ზედნადები №------- რომელიც ეკუთვნოდა ------- ( -------) ასევე შპს ------- მე 20-ე გრაფაში მითითებული ჰქონდა მეორე ხე-ტყის წარმოშობის ელ სასაქონლო ზედნადები №------- რომელიც ეკუთვნის შპს ------- (-------) ხოლო თავის მხრივ მას წარმოშოის დოკუმენტად (მე-20 გრაფაში) მითითებული ჰქონდა №------ ხე ტყის ელ სასაქონლო ზედნადები რომელიც ეეკუთნოდა ------- (-------).

გადამოწმებით დადგინდა რომ შპს ------- მიერ მე-20 გრაფაში მითითებული ზედნადებებით არ დასტურდება ტვირთის შეძენა, ხოლო ზედნადების 21-ე გრაფაში მითითებული ცნობის ნომრები არ ეკუთვნის მას. აღსანიშნავია, რომ ცნობა რომელიც მითითებულია ხე-ტყის ელ სასაქონლო ზედნადებში როგორც ფიცარი 1,77მ3 გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სიტემაში იძებნება როგორც ძელაკი 1,7მ3 ასევე ცნობა რომელიც მითითებულია როგორც ფიცარი დახერხილი ძელაკად 0,5მ3 გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სიტემაში იძებნება როგორც ფიცარი 22.088მ3 ხოლო, რაც შეეხება მესამე ცნობას რომლითაც მითითებული იყო ზედნადებში როგორც დამუშავებული ფიცარი (აბშივკა), არ იქნა ჩამორთმეული რადგან აღნიშნული ტვირთი არ საჭიროებს ხე-ტყის ელ სასაქონლო ზედნადების გამოწერას და შესაბამისად არ ხდება მისი ჩამორთმევა.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან, სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე გადამოწმების დროს სასაქონლო ზედნადებში არ იყო მითითებული სწორი მონაცემები, სახეზეა ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი და არ არსებობს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10992 ბრძანების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წერილის საფუძველზე, გადამოწმდა ავტომობილი და დადგინდა, რომ მოქალაქე ახორციელებდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი დახერხილი ხე-მასალა ფიცრის ტრანსპორტირებას. აღნიშნულ ფაქტზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.04.2023 წლის №CB1459691 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 17.05.2023 წლის №10992 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან, სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე გადამოწმების დროს სასაქონლო ზედნადებში არ იყო მითითებული სწორი მონაცემები, სახეზეა ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი და არ არსებობს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(12);

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი 72