ბრძანება N 3668
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3668
27.02.2023
შპს „-------“ (ს/ნ --------------)
(მის.: ქ. ------------------------)
2022 წლის 21 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ --------------) №171920/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 აგვისტოს №081-144 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. არ ეთანხმება 2020 წლის თებერვლის თვეში ------------ზე რეალიზებული ბინის საფასურის (50 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) რეალიზაციის პერიოდში მიღებულ შემოსავლად და დირექტორის ხელფასად განხილვას. მიუთითებს, რომ შემმოწმებლებმა ჩათვალეს ნასყიდობის თანხა მიღებულად იქედან გამომდინარე, რომ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ ხელშეკრულებაში შეცდომით იყო ჩაწერილი თითქოს მყიდველს თანხა სრულად ჰქონდა გადახდილი. რეალურად აღნიშნული თანხა საწარმომ მიიღო 2021 წლის 16 ნოემბერს, რასაც ადასტურებს საწარმოს და -------ს შორის გაფორმებული თანხის მიღება-ჩაბარების აქტი. აცხადებს, რომ მათ მიერ წარდგენილი იყო ----------სა და შპს „---------“ შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, თუმცა გადამხდელისგან გაურკვეველი მიზეზით არ იქნა გაზიარებული მათი პოზიცია და დარიცხული თანხები არ შემცირდა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 აპრილის №10735 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---------“ (ს/ნ --------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
,,1. შპს „-------“ (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს მომჩივნის მიერ საჩივარზე თანდართული/წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.”
შემოსავლების სამსახურის სამსახურის 2022 წლის 28 აპრილის №10735 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 11 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 19 აგვისტოს №081-144 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების შედეგად, დამატებით იქნა შესწავლილი დარიცხული თანხების მართლზომიერება, თუმცა არ გამოიკვეთა ახალი გარემოება, რაც შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახური საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშებით შედეგებთან დაკავშირებით მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ნასყიდობის თანხის მიღებაჩაბარების აქტი შესწავლილ იქნა შემოწმების პროცესშიც. თავდაპირველად, გადამხდელი სიტყვიერი ახსნა-განმარტებით აღნიშნავდა, რომ ზემოაღნიშნული თანხა მიღებული ჰქონდა უნაღდო ანგარიშსწორებით, შესამოწმებელი პერიოდის გარეთ. შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი/საგადახდო დავალება, რის შემდეგადაც გადამხდელმა აღნიშნა, რომ თანხა მიიღო ნაღდი ანგარიშსწორებით და თან დაურთო სალაროს შემოსავლის ორდერები (სამ ნაწილადაა თანხის მიღება ორდერების მიხედვით), რაზეც ხელს აწერს საწარმოს ბუღალტერი. შემოწმებით დადგინდა, რომ სალაროს ორდერებზე მითითებულ არცერთ თარიღში მყიდველი (----------) არ იმყოფებოდა საქართველოში. აგრეთვე, გადაანგარიშების პროცესში, გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი დამატებით ისეთი დოკუმენტაცია, რაც გამოიწვევდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირებას (შემცირებას). აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების ეტაპზე არ გამოვლინდა იმგვარი გარემოებები, რომლებიც შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.