ბრძანება N 20596
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20596
19 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.: -----)
2025 წლის 21 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N 74) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2025 წლის 21 აგვისტოს N 97642/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი აგვისტოს N 006-300 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი შემოწმების აქტით ვერ დგინდება როგორ განისაზღვრა დამატებით დარიცხული თანხა. შედეგად, ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 ივლისის N 16740 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2024 წლის ნოემბრის, 2025 წლის იანვრის, თებერვლის, აპრილისა და მაისის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის პირველი აგვისტოს N 17384 ბრძანება და ამავე თარიღის N 006-300 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 42 394 ლარი, მათ შორის გადასახადი 27 115 ლარი, ჯარიმა 13 557 ლარი და საურავი 1 722 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „-----“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 28 დეკემბერს, დღგ-ის გადამხდელად - 2021 წლის 23 ივნისს. საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო - სარემონტო სამუშაოების განხორციელება. შესამოწმებელ პერიოდებში, კერძოდ, 2024 წლის ნოემბრის, 2025 წლის იანვრის, თებერვლის, აპრილისა და მაისის საანგარიშო პერიოდებში, გადასახადის გადამხდელს გაწეულ მომსახურებებზე გამოწერილი აქვს ელექტრონული, მათ შორის, ავანსის საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას სრულყოფილად არ აქვს დაბეგრილი შპს „-----“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები. შედეგად, შემოწმებით გამოანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გამოწერილი ავანსისა და საბოლოო ანგარიშ - ფაქტურების გათვალისწინებით, შეადგენს სულ 233 254 ლარს, ხოლო პირის მიერ დეკლარირებულია 82 603 ლარის ოდენობით ბრუნვა. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით გაიზარდა ზემოაღნიშნულ საანგარიშო პერიოდებში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და პირს დაერიცხა დღგ, ასევე ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, საწარმოს სრულყოფილად არ აქვს დაბეგრილი შპს „-----“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შედეგად, შემოწმებით გამოანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაზე, გამოწერილი ავანსისა და საბოლოო ანგარიშ - ფაქტურების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ.
შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი ისეთი არგუმენტი/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2024 წლის ნოემბრის, 2025 წლის იანვრის, თებერვლის, აპრილისა და მაისის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ბრძანება და ამავე თარიღის საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 42 394 ლარი, მათ შორის გადასახადი 27 115 ლარი, ჯარიმა 13 557 ლარი და საურავი 1 722 ლარი.
გადაწყვეტილება:
მომჩივნის მხრიდან საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი ისეთი არგუმენტი/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 159; 163; 275;.