გადაწყვეტილება №19042/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 05.05.2023
№ დოკუმენტი 19042/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19042/2/2023

05 მაისის 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 7.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19042/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ფიზიკური პირებისგან აღებულ სესხზე გადახდილი პროცენტის მოგების გადასახადით დაბეგვრა;

2. შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №064-23 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.02.2023 წლის №2834 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 364 161 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 137 569

დღგ - (-36 101)

ქონების გადასახადი (არასასოფლო-სამეურნეო მიწა) - (-128)

მოგების გადასახადი - 29 077

საშემოსავლო გადასახადი - 144 721

ჯარიმა - 137 571

საურავი - 89 021

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდის, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2022 წლის 17 მაისის ჩათვლის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2022 წელს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №32582 ბრძანება და №064-23 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 16.02.2023 წლის №2834 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით სადავოა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №064-23 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხა, სულ 364 161 ლარი: გადასახადი - 137 569 ლარი, ჯარიმა - 137 571 ლარი და საურავი - 89 021 ლარი.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 მარტის №514 განკარგულების საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურსა და მომჩივანს შორის 2023 წლის 20 მარტს გაფორმდა №ა77-21 საგადასახადო შეთანხმება, რომლის მიხედვით, 2023 წლის 29 იანვრის მდგომარეობით გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განისაზღვრა 210 000 ლარით.

ვინაიდან, 2023 წლის 29 იანვრის მდგომარეობით არსებულ სალდირებულ საგადასახადო დავალიანებაზე, გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.