ბრძანება N 20532

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.09.2024
№ დოკუმენტი 20532
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20532

18 სექტემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------------ს“ (ს/ნ ---------------)

(მის.: ქ. ------------------------------------)

2024 წლის 5 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №100) განიხილა შპს „---------------------ს“ (ს/ნ ---------------) №130405/21-14 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 ივლისის №005-110 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა შპს „---------თან“ გაფორმებული ურთიერთშედარებისა და ჯართის შესყიდვის აქტი, რაც შემოწმებამ გადაანგარიშების ეტაპზე გაითვალისწინა. ასევე, მიუთითებს, რომ შემოწმებას მიაწოდა ფიზიკური პირებისაგან ჯართის შესყიდვის დამადასტურებელი აქტები და სატრანსპორტო მომსახურების ინვოისები, თუმცა აღნიშნული დოკუმენტები შემოწმების მიერ არ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ. აღნიშნულზე განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში, საწარმოს არაკვალიფიციური ბუღალტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია იყო არასრული და ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა განხორციელებული ოპერაციის ნამდვილობას, თუმცა გადაანგარიშების ეტაპზე საწარმოს მიერ დამატებით შედგა რეალური შესყიდვის აქტები. აღნიშნული არგუმენტების საფუძველზე, მომჩივანი ითხოვს, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯად მიჩნევას და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33961 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ოქტომბრის №005-170 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 6 ნოემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. -----------ს“ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33961 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 5 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 4 726 ლარით, მათ შორის გადასახადი 3 143 ლარით და ჯარიმა 1 583 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 16 ივლისის №005-110 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

● შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ:

● შპს „--------თან“ ურთიერთშედარებისა და ჯართის შესყიდვის აქტები;

● ფიზიკური პირებისგან ჯართის შეძენის დამადასტურებელი აქტები;

შესწავლის შედეგად, შპს „--------თვის“ გადახდილი თანხა 17500 ლარი ჩაითვალა დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯად და შესაბამისად დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ვალდებულებები მოგების გადასახადში.

შესყიდვის აქტების დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ:

● საჩივრის ეტაპზე წარმოდგენილი შესყიდვის აქტებით ფაქტობრივად ჩანაცვლდა შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილი შესყიდვის აქტები, (მათში დაფიქსირებული პირებით და საქონლის ღირებულებებით), რა დროსაც უცნობი ხდება პირველად წარმოდგენილი დოკუმენტების კვალიფიკაცია.

● ახლად წარმოდგენილი შესყიდვის აქტებით დაფიქსირებული მომწოდებელი ფიზიკური პირები არ იყვნენ დაბეგრილნი და დეკლარირებულნი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 -ე მუხლის შესაბამისად, განსხვავებით შემოწმების დროს წარმოდგენილისა.

● საქონლის ექსპორტის სასაქონლო რეჟიმში მოქცევისას, საბაჟო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულია სრულად სხვა მომწოდებელი ფიზიკური პირები განსხვავებით შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილ და ახლად წარმოდგენილ შესყიდვის აქტებისაგან.

● ახლად წარმოდგენილ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მომწოდებელი ფიზიკური პირებიც სრულფასოვნად ვერ ადასტურებენ მათ სახელზე გაფორმებულ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ დიდი რაოდენობით უჟანგავი ლითონის ჯართის მიწოდებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე ამ ნაწილში აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

● დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ, ტრანსპორტირების ინვოისები და უცხოური ვალუტის შიდა საბანკო კონვერტაციის დროს გადახდილი საკომისიო ხარჯის დამადასტურებელი ჩანაწერები. დადგინდა, რომ სატრანსპორტო ინვოისების შესაბამისად გადახდილი თანხები, რომლის ხარჯებში გათვალისწინებასაც გადამხდელი ითხოვდა, შემოწმების აქტის შედგენისას უკვე იყო ჩართული დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებში, შესაბამისად ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები არ შეცვლილა. საკომისიო ხარჯის შესწავლის შედეგად კი, დაზუსტდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და დაბეგვრის პერიოდი განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად. შესაბამისად, დირექტორის ხელფასად განხილული სალაროს არაგონივრული ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულად, რის შედეგადაც დაკორექტირდა (შემცირდა) აქტით დარიცხული თანხები საშემოსავლო გადასახადში.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, შესწავლის შედეგად, შპს „--------თვის“ გადახდილი თანხა 17500 ლარი ჩაითვალა დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯად და შესაბამისად შემცირდა საგადასახადო შემოწმების შედეგად მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. შესყიდვის აქტების შესწავლით დადგინდა, რომ საჩივრის ეტაპზე წარმოდგენილმა ფაქტობრივად ჩაანაცვლა შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილი შესყიდვის აქტები. ასევე, საქონლის ექსპორტის სასაქონლო რეჟიმში მოქცევისას, საბაჟო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული იყო სრულიად სხვა მომწოდებელი ფიზიკური პირები, რომლებიც სრულფასოვნად ვერ ადასტურებდნენ მათ სახელზე გაფორმებულ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ დიდი რაოდენობით უჟანგავი ლითონის ჯართის მიწოდებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა. აგრეთვე, სატრანსპორტო ინვოისების შესაბამისად გადახდილი თანხები, რომელთა გათვალისწინებასაც გადასახადის გადამხდელი ითხოვდა ხარჯებში, შემოწმების აქტის შედგენისას უკვე იყო ჩართული დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებში, შესაბამისად ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები არ შეცვლილა. ხოლო, საკომისიო ხარჯის შესწავლის შედეგად დაზუსტდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, დირექტორის ხელფასად განხილული სალაროს არაგონივრული ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულად, რის შედეგადაც შემცირდა საგადასახადო შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------------ს“ (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. მომჩივანი ითხოვს, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯად მიჩნევას და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №33961 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის №005-170 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 6 ნოემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

შემოსავლების სამსახურის №33961 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 4 726 ლარით, მათ შორის გადასახადი 3 143 ლარით და ჯარიმა 1 583 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №005-110 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);