ბრძანება N 19714
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19714
10 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ "-------"-ს (ს/ნ "------" )
(მის.:"------" )
2023 წლის 19 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია ი/მ "------" (ს/ნ "------") №82427/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ივნისის №CB1484238 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის სხდომაზე (ოქმი №79).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობას და განმარტავს, რომ შემმოწმებლის მიერ განხორციელებული გაანგარიშებით მიღებული დანაკლისი არ წარმოადგენს რეალურ ციფრს. თვეების მიხედვით, კომპანიის მიერ ხდებოდა შეცდომით დღგ-ით დასაბეგრი საქონლის ბრუნვის ნაწილის დეკლარირება როგორც დღგ-ისგან განთავისუფლებული საქონლის რეალიზაცია. აქედან გამომდინარე, გამოვლენილი დანაკლისი საქონლის ოდენობით დღგ-ის გადახდის ვალდებულებას აღიარებენ. მისივე განცხადებით, დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან განთავისუფლებული საქონლის მოძრაობის ერთობლიობაში განხილვის შემთხვევაში დანაკლისი არ ფიქსირდება.
ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას და შემოსავლების სამსახურის მიერ დასაბეგრი და დღგ-ისგან განთავისუფლებული საქონლის მოძრაობის ერთობლიობაში განხილვას და კომპანიის მიერ დაშვებული შეცდომის გათვალისწინებით საქონლის დანაკლისის გაანგარიშებას.
ფაქტების აღწერა:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივნისის №12526 ბრძანების საფუძველზე დაგვევალა ი/მ „------“-ს (ს/ნ „------“) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. აღნიშნული ბრძანება მეწარმეს პირადად ჩაბარდა 2023 წლის 6 ივნისს. ინვენტარიზაციის დაწყებამდე გადასახადის გადამხდელისგან მიღებულ იქნა ხელწერილები, რომ ფაქტობრივი აღრიცხვის დაწყებამდე ყველა შემოსავლისა და გასავლის დოკუმენტი ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული ფასეულობა აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია.
გასავალში, ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია არ არის ასახული საგადასახადო ანგარიშგებაში და არ არის მიწოდებული საგადასახადო ორგანოსათვის. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი საქონლის რეალიზაციას ახორციელებს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით და არ იყენებს სმფ-ების მოძრაობის ამსახველ ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამას. ამასთანავე მიღებულ იქნა ხელწერილი ჩასატარებელი ინვენტარიზაციის საანგარიშო პერიოდის საწყისი ბუღალტრული ნაშთის შესახებ, რომლის ოდენობაც განისაზღვრა ნული ლარით.
გადასახადის გადამხდელის ბრძანებით შექმნილმა საინვენტარიზაციო კომისიამ 2023 წლის 6 ივნისს მოახდინა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ფაქტიური ნაშთების აღწერა და აღწერის მონაცემები შეტანილ იქნა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების აღწერის შესახებ ოქმში (დანართი №16). ი/მ „--------“-ს ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე, ინვენტარიზაციის დაწყების მდგომარეობით, საბაზრო ფასებით აღმოაჩნდა სულ 17561,00 ლარის ღირებულების სასაქონლო– მატერიალური ფასეულობები.
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიწოდებული პროდუქციის საბაზრო ღირებულებიდან გაიმიჯნა დღგ-თ დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები და შესაბამისი ფასნამატების გამოყენებით მოხდა მათი პირვანდელ ღირებულებაზე დაყვანა. ფასნამატად გამოანგარიშებულ იქნა დღგ-თ დასაბეგრ სმფ-ების შემთხვევაში 35,36%, ხოლო დღგ-სგან გათავისუფლებული სმფ-ების შემთხვევაში - 51,07%. მათი ანგარიში დაეყრდნო დანართი N16-სა და დანართი N21-ს მონაცემებს, კერძოდ: შედარებულ იქნა ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ-ების საბაზრო ღირებულება და შეძენის ჯამური ღირებულება. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით მიღებულმა და გაცემულმა სმფ–ების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა შესაბამისად 209360,15 და 135817,30 ლარი, ხოლო დღგგან განთავისუფლებული ოპერაციების მიხედვით ამავე საანგარიშო პერიოდში შეადგინა შესაბამისად 310544,31 და 491299,31 ლარი. გამომდინარე აქედან დღგ-ით დასაბეგრი სმფ-ების ბუღალტრულმა ნაშთმა საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის 2020 წლის მარტის დასაწყისში არსებული უარყოფითი სალდოს განაშთვის შედეგად შეადგინა 74734,23 ლარი, ხოლო დღგსგან განთავისუფლებული სმფ-ების ბუღალტრული ნაშთი ნულს გაუტოლდა.
დანართი №16–ს მონაცემების საფუძველზე და პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების გადამოწმების შემდეგ შედგა ოქმი „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ“ (დანართი №21). დადგინდა აღურიცხველი სმფ–ების რაოდენობა საქონლის დასახელებების მიხედვით, აგრეთვე ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ–ების პირვანდელი ღირებულება (დანართი №21–ის მე–6 სვეტის ჯამი), რომელმაც ჯამში შეადგინა 10734,55 ლარი. ხოლო დასაბეგრი და დაუბეგრავი სმფ-ების მიხედვით შესაბამისად 4520,98 და 6213,57 ლარი.
აღნიშნული მონაცემების საფუძველზე შევსებულ იქნა დანართი №22-ს I ცხრილი, რომლის მიხედვითაც გამოვლენილი აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ღირებულებამ საბაზრო ფასებით შეადგინა 973,00 ლარი, ხოლო დანართი №22–ის II ცხრილით (დანართი №19–ის I ცხრილის და დანართი №21–ს მონაცემების მიხედვით) გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 70213,25 ლარი, რომელიც საბაზრო ღირებულებით (35,36%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით) შეადგენს 112147,97 ლარს.
ი/მ „--------“-ს (ს/ნ „--------“) 2023 წლის 29 ივნისს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოთ აღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების (დანართი №22–ის I და II ცხრილი) პროექტით, რასაც გადასახადის გადამხდელი დაეთანხმა და აღნიშნული პროექტის გასაჩივრებაზე უარი განაცხადა.
შედეგად, 2023 წლის 29 ივნისს, გამოვლენილ 112147,97 ლარის სმფ–ების დანაკლისზე, სსკ-ის 286- ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ი/მ „--------“-ს (ს/ნ „--------“) შეეფარდა სანქცია 11214,80 ლარის ოდენობით, ხოლო სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველ სმფ–ებზე, სსკის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად შეეფარდა სანქცია 200,00 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "-------" (ს/ნ "-------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას და შემოსავლების სამსახურის მიერ დასაბეგრი და დღგ-ისგან განთავისუფლებული საქონლის მოძრაობის ერთობლიობაში განხილვას და კომპანიის მიერ დაშვებული შეცდომის გათვალისწინებით საქონლის დანაკლისის გაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს გამოვლენილ სმფ–ების დანაკლისზე, სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად შეეფარდა სანქცია,ხოლო სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველ სმფ–ებზე, სსკის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად შეეფარდა სანქცია 200,00 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
8(11),70,269,270,286(9)