ბრაძანება N 9761

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.05.2023
№ დოკუმენტი 9761
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრაძანება N 9761

04.05.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.:---------------)

2023 წლის 17 მარტის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 აპრილის სხდომაზე (ოქმი №41) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ----------) №79745/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 მარტის №081-26 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დასაბეგრი პერიოდის ცვლილების გამო გადასახადის ძირითადი თანხისა და სანქციების გაანგარიშებას. კერძოდ, გადამხდელის განმარტებით აუდიტის პროცესში შემმოწმებელი ინფორმირებული იყო, რომ 2020 წლის ნოემბრის თვეში საწარმოს მხრიდან დაშვებული იყო შეცდომა, არ იყო შესაბამისი ოპერაცია დაბეგრილი კანონით დადგენილ პერიოდში. თუმცა, ამავდროულად, საწარმოს მიერ აღნიშნული ოპერაცია დაბეგრილი იყო 2021 წლის თებერვლის თვის დეკლარაციით.

გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ შემოწმებით არამართლზომიერადაა გამოყენებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის დებულებები. კერძოდ, ნაცვლად მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციისა, რომელიც დასაბეგრი პერიოდის ცვლილებისას ითვალისწინებს ჯარიმას გადასახადის თანხის 10%-ის ოდენობით, გამოყენებული იქნა ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას გადასახადის თანხის 50%-ის ოდენობით. გარდა ამისა, გადამხდელი აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ უნდა მომხდარიყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარუდგენლობის გამო 100 ლარიანი სანქციის დაკისრება.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის №1547 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2020 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 თებერვალს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 2 მარტის №4070 ბრძანება და ამავე თარიღის №------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა სულ 31 419 ლარით, მათ შორის: გადასახადი 17 454 ლარი, ჯარიმა 8 827 ლარი და საურავი 5 138 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით აუდიტის მიერ შესწავლილ იქნა შპს „------------“ (ს/ნ -----------) პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და კომპანიის მიერ დეკლარირებული მონაცემები. შედეგად გამოვლენილ იქნა სხვაობა ფაქტობრივ და დეკლარირებულ დასაბეგრ ოპერაციებს შორის. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში (საანგარიშო თვე) კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დასტურდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, რაც სრულყოფილად არ იყო ასახული შესაბამისი პერიოდის დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში. შედეგად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გამოვლენილ სხვაობაზე პირს განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება დღგ-ის ძირითადი თანხის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის მოცემულობით. (დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისათვის).

გარდა აღნიშნულისა, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ქონდა ვალდებულება დასაბეგრ ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ ინფორმაცია წარედგინა შემოსავლების სამსახურში დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად.

გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად 100 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, 2020 წლის ნოემბრის თვეში გადასახადის გადამხდელის მიერ 120 324,6 (დღგ-ს ჩათვლით) ლარზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც არ არის საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, 2020 წლის ნოემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახული და დაბეგრილი. შესაბამისად, ვინაიდან საგადასახადო შემოწმების ბრძანების მიხედვით შესამოწმებელი პერიოდი წარმოადგენს 2020 წლის ნოემბრის თვეს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ით დაბეგვრა და ჯარიმის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრა მართლზომიერია.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით 291-ე მუხლით განსაზღვრულ ჯარიმასთან დაკავშირებით

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო გადამხდელებთან არსებული ეგზემპლარები საგადასახადო ორგანოს კონტროლის მიზნით წარედგინება მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის მიხედვით, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებსა და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის შესაბამისად დადგენილია, რომ საწარმოს 2020 წლის ნოემბრის თვეში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ნაცვლად იმავე საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციისა, ასახული (შეტანილი) აქვს 2021 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციაში, რომელიც საგადასახადო ორგანოში წარდგენილია 2021 წლის 15 მარტს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემების აუსახველობის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „----------“ (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში საგადასახადო ანგარიშფაქტურის მონაცემების აუსახველობის საფუძვლით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა დაექვემდებაროს გაუქმებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დასაბეგრი პერიოდის ცვლილების გამო გადასახადის ძირითადი თანხისა და სანქციების გაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით აუდიტის მიერ შესწავლილ იქნა მომჩივანის პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და კომპანიის მიერ დეკლარირებული მონაცემები. გამოვლენილ იქნა სხვაობა ფაქტობრივ და დეკლარირებულ დასაბეგრ ოპერაციებს შორის.გამოვლენილ სხვაობაზე პირს განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება.გარდა აღნიშნულისა,გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ქონდა ვალდებულება დასაბეგრ ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ ინფორმაცია წარედგინა შემოსავლების სამსახურში დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემების აუსახველობის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას.

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:მუხლი

269(1);270(1)(2);291(1)

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31

დეკემბრის №996 ბრძანების 54-ე მუხლის მეორე ნაწილი.