ბრძანება N 13518
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 13518
14.06.2023
შპს “---ის” (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 21 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს “---ის” (ს/ნ ---) №81131/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 21 აპრილის №CB1461018 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ივნისის სხდომაზე (ოქმი №60).
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 28 მარტს ახორციელებდა პირველადი გადამუშავების ხე-მასალის ტრანსპორტირებას ---ის რაიონის, სოფელი ---ის მიმართულებით. დატვირთვის დროს მტვირთავებს გაეპარათ შეცდომა და მანქანაზე სხვა რაოდენობის მასალა დააწყეს და სხვა რაოდენობის მასალაზე გააწერინეს სასაქონლო ზედნადები. კერძოდ, ზედნადებით გაწერეს 17.49 კუბი ფიცარი, მაგრამ ტრანსპორტირება რომ დაიწყეს, ადგილზე დარჩენილი ნაშთი გადაათვლევინეს თავიდან და მალევე დაურეკეს და უთხრეს, რომ 4.04 კუბით მეტი მასალა იყო დატვირთული და სასწრაფოდ დააკორექტირეს ზედნადები. ამის შემდეგ მალე მიუახლოვდნენ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის პოსტს, რომლებმაც გააჩერეს გადასამოწმებლად. გადამოწმების შემდეგ უთხრეს, რომ ზედნადებით 17.49 კუბი იყო გაწერილი, 4.04 კუბი ახალი დამატებული იყო და მანქანა დალუქეს ადგილზე და გადასცეს შემოსავლების სამსახურის შესაბამის დეპარტამენტს გადასამოწმებლად. გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ცნობის ნომერში ბუღალტერს ჰქონდა დაშვებული ტექნიკური შეცდომა. კერძოდ ---–ის ნაცვლად ბოლო ციფრი შეცდომით ჰქონდა შეყვანილი ---. შესაბამისად არც ეს ცნობა ჩაუთვალეს, არც კორექტირებული ზედნადების მიზეზი გაითვალისწინეს და დაუტოვეს მხოლოდ 14.55 კუბი მასალა, დანარჩენი კი ჩამოართვეს.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ მომხდარი ფაქტი გამოწვეული იყო ტექნიკური შეცდომის შედეგად, რომელიც დაუშვეს მტვირთავებმა და ბუღალტერმა. ეს ისეთი მომენტია, რომლისგანაც დაზღვეული არავინ არის და ნებისმიერს შეიძლება მოუვიდეს, მაგრამ მისი აღმოჩენის შემდეგ დროულად უნდა მოხდეს გამოსწორება. აღნიშნული ხე-მასალა მთლიანად არის საბუთიანი და ყველა მათგანს გააჩნია წარმოშობის დოკუმენტი. ეს მასალა შეძენილი აქვთ აუქციონზე და ყველა საჭირო დოკუმენტი, დაწყებული ნასყიდობის ხელშეკრულებითა და მიღება-ჩაბარების აქტით, ყველა თანმხლები დოკუმენტი გააჩნიათ, რაც ადასტურებს მასალის კანონიერებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას და მის საფუძველზე დაკისრებული სანქციების მოხსნას.
ფაქტების აღწერა:
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს 2023 წლის 4 აპრილის №DES 9 23 00023432 წერილი შინაარსიდან ირკვევა, რომ 2023 წლის 29 მარტს 00:25 საათზე, ---ს მუნიციპალიტეტის ---ში გადამოწმდა ---ის (პ/ნ ---) მართვის ქვეშ მყოფი, ,,---ს'' მარკის სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით ---. ელ-ბაზაში გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ავტომანქანის ძარაზე განთავსებული უნდა ყოფილიყო 21.5 მ 3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი. ვინაიდან ავტომანქანის შეჩერების შემდეგ, მოხდა ელექტრონულ ზედნადებში N---კორექტირება სატრანსპორტო საშუალება დალუქული იქნა და განთავსდა ---ს მუნიციპალიტეტის სოფელ ---.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შინაარსიდან ირკვევა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით დაეწერა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს 2023 წლის 4 აპრილის №DES 9 23 00023432 წერილი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმებული იქნა ---ის (პ/ნ --- ) მართვის ქვეშ მყოფი „---ის” მარკის სატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით --- და წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს ,,---’’ (ს/ნ ---) ახორციელებდა მის საკუთრებაში არსებული, სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი დახერხილი ხის მასალის ტრანსპორტირებას. აღნიშნულ ტვირთზე შპს ,,---ს’’ გაწერილი ჰქონდა ხე-ტყის №---სასაქონლო ზედნადები 14.55 მ 3 დახერხილ ხის მასალაზე (აღნიშნულ ზედნადებში 2.94 მ 3 ფიცარზე გაწერილი №--- ცნობა არ იძებნება), ხოლო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №57257/04/23 დასკვნის შესაბამისად შპს ,,---ის’’ კუთვნილი დახერხილი ხე-მასალის საერთო მოცულობამ შეადგინა 25.87 მ 3 . შესაბამისად ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ხე-მასალის მოცულობამ შეადგინა 11.32 მ 3 (მათ შორის ფიცარი 9.70 მ 3 და ძელაკი 1.62 მ 3 ) საბაზრო ღირებულებით ჯამში 9056 ლარი.
აღნიშნულ ფაქტზე 2023 წლის 21 აპრილს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 1 2 ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა №CB1461018 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს შეეფარდა სანქცია 5000 (ხუთი ათასი) ლარი და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული ხე-მასალა.
რაც შეეხება საჩივარში გადასახადის გადამხდელის მიერ აღწერილ ფაქტებსა და არგუმენტებს, რომ №--- სასაქონლო ზედნადებში №--- ცნობის ნომრის ნაცვლად მითითებული იყო №---. აღნიშნული ცნობა გამოწერილია 2,94 მ 3 ფიცარზე, რაც ზედნადებში ცნობის სწორად მითითების შემთხვევაში არ იქნებოდა საკმარისი ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნით ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე განხორციელებული 11.32 მ 3 ხემასალის ტრანსპორტირებისათვის.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი.
ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;
ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში;
გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10000 ლარს იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სანქცია გამოიყენება, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული ან არასწორად არის მითითებული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რომელმაც არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე):
ე) მრგვალი ხეტყის (მორის) ან ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს “---ის” (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას და მის საფუძველზე დაკისრებული სანქციების მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
2023 წლის 21 აპრილს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა №CB1461018 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს შეეფარდა სანქცია 5000 (ხუთი ათასი) ლარი და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული ხე-მასალა.
გადაწყვეტილება
სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 136 (4); 269 ( 1, 7); 270 (1,2); 286 (1,4,5,12).
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლი.