N 4720-რს - 24/12/2015 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 24.12.2015
№ დოკუმენტი 4720-რს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 105-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) წილობრივი ფასიანი ქაღალდების ან/და საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების საფონდო ბირჟაზე (მათ შორის, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე) განთავსებასთან და გამოშვებასთან, აგრეთვე ლისტინგის კატეგორიის/რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებული დანახარჯები.“.

2. 149-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების სახით) სავაჭროდ დაშვებული/განთავსებული რეზიდენტი კომპანიის აქციების რეგისტრირებული მესაკუთრის ცვლილება ამ აქციების ბენეფიციარი მესაკუთრის შეუცვლელად.“.

3. 168-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ“ ქვეპუნქტი:

„ჯ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 10 110 00 კოდში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების იმპორტი ან/და მიწოდება.“.

 

მუხლი 2

1. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

 

ქუთაისი,24 დეკემბერი 2015 წ.

N4720-რს