ბრძანება N 31489

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.12.2023
№ დოკუმენტი 31489
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 31489

14 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 10 ნოემბრის საჩივარის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №126) განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 10 ნოემბრის №84835/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ოქტომბრის №086-54 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა გაყიდვების პროგრამიდან მონაცემები, კერძოდ: გაყიდვის თარიღის, გაყიდული საქონლის დასახელების, რაოდენობის და ფასების მითითებით დღის ჭრილში, სრულ პერიოდზე, მათ შორის წინა საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდზე ინფორმაცია, რაც საგადასახადო შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული. გადამხდელი აცხადებს, რომ შეისწავლა საგადასახადო შემოწმების აქტში წარმოდგენილი გაანგარიშებები და აღმოჩნდა, რომ გამოყენებული მეთოდები/ტექნიკა არასწორია და შეიცავს არსებით უზუსტობებს. კერძოდ, საგადასახადო ორგანოს ჰქონდა ინფორმაცია 2019 წლის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სიგარეტის საკონტროლო შესყიდვის შესახებ, თუმცა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებისას შემმოწმებელმა იხელმძღვანელა 2022 წლის 1 ივლისის საკონტროლო შესყიდვის შედეგებით, როგორც სიგარეტზე, ასევე სხვა საქონელზე. მოცემულ შემთხვევაში კი შემოწმებამ არ გაითვალისწინა ფასწარმოქმნის გადაწყვეტილებაზე მოქმედი ფაქტორი - სეზონურობა. აღნიშნავს, რომ მეწარმე საქმიანობას ახორციელებს ---------- და როგორც წესი ესეთ დროს ფასნამატი იზრდება. აღნიშნულიდან გამომდინარე სეზონზე საკონტროლო შესყიდვით დაფიქსირებული ფასნამატი ვერ ასახავს რეალურ სურთს და მისი გამოყენება არამართლზომიერია. აცხადებს, რომ 2019 წლის საკონტროლო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდებულ იქნა გადაანგარიშების ეტაპზე და შედეგად მხოლოდ 2019-2020 წლებში იქნა გათვალისწინებული 2019 წელს ჩატარებული საკონტოლო შესყიდვის ფასნამატი წლის ჭრილში და არა სეზონურად, 2019 წლის საკონტოლო შესყიდვაც სეზონზე განხორციელდა. გადამხდელი განმარტავს, რომ დაუსაბუთებელია რომელ სამართლებრივ ნორმაზე დაყრდნობით განხორციელდა აღნიშნული და რატომ არ იქნა მაგალითად 2021 წელს გავრცელებული იგივე მიდგომა.

გადამხდელი ასევე არ ეთანხება გაანგარიშების ტექნიკურ ნაწილს. კერძოდ განმარტავს, რომ გადაანგარიშების შედეგად საგადასახადო ორგანომ 2019 წლის სანგარიშო პერიოდზე გაიანგარიშა დეკლარირებული თვითღირებულება წინა საგადასახადო შემოწმების ოთხ თვეზე, გამოაკლო აღნიშნული წლის რპთ და დანარჩენი გადაანაწილა წლის ჭრილში. მიიჩნევს, რომ თუ საგადასახადო ორგანო იყენებს არაპირდაპირ მეთოდს და ხელმძღვანელობს დეკლარირებული მონაცემებით, საწყისი-საბოლოო სმფების ნაშთებით და წლის ჭრილში ადგენს რეალიზებული საქონლის თვითღირებულებას, დროში განაწილების კუთხით უნდა გამოიყენოს გადამხდელის მიერ დეკლარირებული 8 თვის და შემოწმების შედეგად 4 თვის შემოსავლის ბრუნვა და შესაბამისად მოახდინოს სამართლიანად გადანაწილება. იმ შემთხვევაში თუ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი გადააჭარბებს წინა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ბრუნვებს, მოცემულ თვეებში ბრუნვა დარჩება იგივე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7150 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7150 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 29 სექტემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 28 740 ლარი, მათ შორის: გადასახადი 18 532 ლარი, ჯარიმა 10 208 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 11 ოქტომბრის №086-54 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, შემდეგი:

 გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით დარიცხული ჯარიმა.

 ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ნაწილში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) 2019 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, ი/მ „----------“ შეიძინა დახლ-მაცივარი 3 ერთეული, 2 კომპლექტი კომპიუტერი, კომპიუტერის მაგიდა 2 ცალი, კარადა 1 ცალი, პრინტერი 1 ცალი, პრინტერის ტუმბო 1 ცალი, სულ ღირებულებით 8 400 ლარი. აღნიშნული გათვალისწინებულია გადაანგარიშებით, შესაბამისად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა. ამასთან, ვინაიდან შემოწმების მიმდინარეობისას არ იყო წარმოდგენილი აღნიშნული ძირითადი საშუალებების შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი, შემოწმებით აღნიშნულ ქონებაზე არ არის დარიცხული ქონების გადასახადი. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილ იქნა მხოლოდ ინფორმაცია ექსელის ფაილით რეალიზებული საქონლის შესახებ. აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული გადაანგარიშების ეტაპზე. მიუხედავად ამისა, სეზონურობასთან დაკავშირებით, შეძლებისდაგვარად აღნიშნულ ფაილიდან გაანალიზდა ზოგიერთი საქონლის ფასი წლის ჭრილში და დადგინდა, რომ მაგალითად „----------“ ფასნამატი 2019 წლის იანვრიდან 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით შეადგენს 25%-ს, „----------“ ფასნამატი ამავე პერიოდებში მუდმივად 21%-ს, „----------“ ფასნამატი 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით 12%-ს და ა.შ. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ, საკონტროლო შესყიდვაში დაფიქსირებულ საქონელთან დაკავშირებით. 2019 წლის 25 ივნისს შესყიდულია სიგარეტი „----------“, საშუალო ფასნამატმა შეადგინა 5,2%. 2022 წლის 1 ივლისის საკონტროლო შესყიდვის შედეგებით კატეგორია „სიგარეტის“ საშუალო ფასნამატმა შეადგინა 6.7%. შესაბამისად, 2019 წლის საკონტროლო შესყიდვაში დაფიქსირებული სიგარეტის ფასნამატი გამოყენებულ იქნა 2019 და მომიჯნავე 2020 წელზე კატეგორიისათვის „სიგარეტი“, ხოლო 2022 წლის საკონტროლო შესყიდვაში დაფიქსირებული კატეგორია „სიგარეტის“ საშუალო ფასნამატი გამოყენებულ იქნა 2022 და მომიჯნავე 2021 წელზე.

რაც შეეხება გაანგარიშების ნაწილს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 9 აგვისტოს №27683 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა მეწარმის 2019 წლის აპრილის, მაისის, ივნისისა და ივლისის თვეების საანგარიშო პერიოდების საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. საგადასახადო შემოწმების აქტითს თანახმად, შემოწმება დაეყრდო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ მონაცემებს და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებული თვეების რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დასადგენად გამოყენებულ იქნა 2019 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადიდან დეკლარირებული ფასნამატი, დადგენილი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება კი გამოაკლდა ჯამურ 2019 წლის რპთ-ს და აღნიშნული გადანაწილდა წლის ჭრილში 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებზე.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ ფასნამატს. ასევე არ ეთანხება გაანგარიშების ტექნიკურ ნაწილს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილ იქნა მხოლოდ ინფორმაცია ექსელის ფაილით რეალიზებული საქონლის შესახებ. აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული გადაანგარიშების ეტაპზე. მიუხედავად ამისა, სეზონურობასთან დაკავშირებით, შეძლებისდაგვარად აღნიშნულ ფაილიდან გაანალიზდა ზოგიერთი საქონლის ფასი წლის ჭრილში და დადგინდა, ერთერთი პროდუქციის ფასნამატი 2019 წლის იანვრიდან 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით შეადგენს 25%-ს, მეორე პროდუქციის ფასნამატი ამავე პერიოდებში მუდმივად 21%-ს, მესამე პროდუქციის ფასნამატი 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით 12%-ს და ა.შ. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ, საკონტროლო შესყიდვაში დაფიქსირებულ საქონელთან დაკავშირებით. 2019 წლის 25 ივნისს შესყიდულია სიგარეტი, საშუალო ფასნამატმა შეადგინა 5,2%. 2022 წლის 1 ივლისის საკონტროლო შესყიდვის შედეგებით კატეგორია „სიგარეტის“ საშუალო ფასნამატმა შეადგინა 6.7%. შესაბამისად, 2019 წლის საკონტროლო შესყიდვაში დაფიქსირებული სიგარეტის ფასნამატი გამოყენებულ იქნა 2019 და მომიჯნავე 2020 წელზე კატეგორიისათვის „სიგარეტი“, ხოლო 2022 წლის საკონტროლო შესყიდვაში დაფიქსირებული კატეგორია „სიგარეტის“ საშუალო ფასნამატი გამოყენებულ იქნა 2022 და მომიჯნავე 2021 წელზე. რაც შეეხება გაანგარიშების ნაწილს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 9 აგვისტოს №27683 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა მეწარმის 2019 წლის აპრილის, მაისის, ივნისისა და ივლისის თვეების საანგარიშო პერიოდების საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. საგადასახადო შემოწმების აქტითს თანახმად, შემოწმება დაეყრდო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ მონაცემებს და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებული თვეების რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დასადგენად გამოყენებულ იქნა 2019 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადიდან დეკლარირებული ფასნამატი, დადგენილი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება კი გამოაკლდა ჯამურ 2019 წლის რპთ-ს და აღნიშნული გადანაწილდა წლის ჭრილში 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებზე.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 275.