გადაწყვეტილება №3947/2/2017-3

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.09.2019
№ დოკუმენტი 3947/2/2017-3
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№3947/2/2017

11.09.2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საჩივრის რეგისტრაციის თარიღი: 08.05.2017 (№104342/01)

 

დავის საგანი:

ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის და წიგნების ამორტიზაციის თანხების კორექტირება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. შემოსავლების სამსახურის 20.04.2017 წლის №10521 ბრძანება;

2. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2016 წლის №006-894 საგადასახადო მოთხოვნა;

 

დარიცხული თანხა: 525341 ლარი

მათ შორის:

ძირითადი გადასახადი: 242036

დღგ - 93260

მიწის გადასახადი (სასოფლო) - შემცირდა 8

მოგების გადასახადი - 91351

საშემოსავლო გადასახადი - 55620

ქონების გადასახადი - 1813

ჯარიმა - 147015

საურავი - 136290

 

საბჭოს მიერ საჩივრის არსებითად განხილვის შემაფერხებელი გარემოება:

საჩივარი წარმოდგენილია პროცედურული მოთხოვნების დაცვით.

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2016 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის თანახმად, გადამხდელის საქმიანობის სახეა საგანმანათლებლო მომსახურება (სკოლა). აღნიშნული აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2016 წლის №006-894 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.04.2017 წლის №10521 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 24.01.2017 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2017 წლის №006-81 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.04.2017 წლის №10758 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სადავო საკითხი:

ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის და წიგნების ამორტიზაციის თანხების კორექტირება;

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2016 წლის და 24.01.2017 წლის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ქონების გადასახადი დეკლარაციების მიხედვით ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა სულ შეადგენს 5592998 ლარს.

შემოწმების შედეგად სსკ-ის 201-ე მუხლის შესაბამისად განისაზღვრა საზოგადოების საკუთრებში არსებული ქონებიდან გადასახადით დასაბეგრი ბაზა და შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა სულ 6518603 ლარი. სხვაობა, შემოწმების შედეგად დაიბეგრა ქონების გადასახადის შესაბამისი განაკვეთით.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 20.04.2017 წლის №10521 და 24.04.2017 წლის №10758 ბრძანებებში აღნიშNულია, რომ დავების განხილვის საბჭო მიუთითებს სსკ-ის 201-ე მუხლზე, რომლის თანახმად 1. ქონების გადასახადის გადამხდელია: ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე; ბ) არარეზიდენტი საწარმო – საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ქონებაზე (მათ შორის, იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე).

სსკ-ის 203-ე მუხლის თანახმად მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით: ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე; ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი; გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაანგარიშებული აქვს არასწორად, შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა, შესაბამისად, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

№104342/01 და №104278/01 საჩივრებში გადამხდელი მიუთითებს, რომ ქონების გადასახადის ნაწილშიც არასწორად იქნა განსაზღვრული ქონების გადასახადის ვალდებულება, კერძოდ: შემმოწმებელმა სასაქონლო-მატერიალურ მარაგების ნაშთში არსებული წიგნების ღირებულებით შეამცირა სასაქონლო-მატერიალური მარაგები და გადაიტანეს ძირითად საშუალებებში, შესაბამისად აღნიშნულ წიგნებზე განხორციელდა ქონების გადასახადის დარიცხვა, მაგრამ შეცდომა იქნა დაშვებული ცვეთის დარიცხვის გაანგარიშებაში, რადგანაც წიგნები არის სწრაფცვეთადი აქტივი, მითუმეტეს სკოლაში, არსებული სტანდარტით წიგნებზე ცვეთა უნდა დარიცხულიყო სამ წელზე გაანგარიშებით, ამდენად სახეზეა ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების არასწორად განსაზღვრა, რაც ექვემდებარება გადაანგარიშებას.

შემოსავლების სამსახური თავის ბრძანებაში არ ასაბუთებს სასაქონლო-მატერიალური მარაგებიდან ძირითად საშუალებებში გადატანილ წიგნებზე, რამდენად სწორად არის განხორციელებული ცვეთის დარიცხვა და შესაბამისად ქონების გადასახადის გაანგარიშების სისწორე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გამო ბრძანება ამ ნაწილში ბათილად არის საცნობი.

 

დავების განხილვის სამსახურის რეკომენდაცია

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 31-ე ნაწილის თანახმად, ძირითადი საშუალება – მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.

ამავე კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.

ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 29.05.2012 წლიდან მოქმედი რედაქციის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

შემოწმების აქტის თანახმად, შემოწმების შედეგად საზოგადოების საკუთრებში არსებული ქონებიდან გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრა სსკ-ის 201-ე მუხლის შესაბამისად და შესამოწმებელ პერიოდში გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით.

მომჩივანი განმარტავს, რომ შემმოწმებელმა სასაქონლო-მატერიალურ მარაგების ნაშთში არსებული წიგნების ღირებულებით შეამცირა სასაქონლო-მატერიალური მარაგები და გადაიტანეს ძირითად საშუალებებში. ასევე შეცდომა იქნა დაშვებული ცვეთის დარიცხვის გაანგარიშებაში, რადგანაც წიგნები არის სწრაფცვეთადი აქტივი. სკოლაში, არსებული სტანდარტით წიგნებზე ცვეთა უნდა დარიცხულიყო სამ წელზე გაანგარიშებით.

აუდიტის დეპარტამენტის 24.05.2017 წლის №63717-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შემოწმების პროცესში წიგნების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა სსკ-ს 201-ე მუხლის შესაბამისად გაანგარიშდა, ცვეთა დაერიცხა ჯგუფური მეთოდით, როგორც სხვა მსგავსი დანიშნულების ინვენტარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კომპანია ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას, მომსახურების გაწევისთვის იყენებს წიგნებს, რომელთა სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია, შემმოწმებელთა მიერ აღნიშნული აქტივის ძირითადი საშუალების სახით აღრიცხვა და ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხების გამოქვითვა სსკ-ის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯგუფური მეთოდით, განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობს გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

 

1. სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში

(თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივანისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.