გადაწყვეტილება №25620/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25620/2/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,10.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 10.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25620/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 4.06.2024 წლის №13150 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2025 წლის №005-56 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.07.2025 წლის №16852 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 352 336.94 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 180 047
დღგ - 61 335
საშემოსავლო გადასახადი - 118 712
ჯარიმა - 91 591
საურავი - 80 698.94
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2005 წლის 18 მაისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2014 წლის 12 დეკემბერს.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. საწარმომ ობიექტის (ქ. „--------“, „--------“ ქ. №90 (საკადასტრო კოდი „--------“) მშენებლობა დაიწყო 2016 წელს. მიმდინარე პერიოდისთვის მშენებლობა დასრულებულია. შესამოწმებელ პერიოდში მყიდველებთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია საჯარო რეესტრში მყიდველის მიერ შეძენილი უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტისათვის. შემოწმების მიმდინარეობისას, გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, აგრეთვე ნასყიდობის ხელშეკრულებების და საჯარო რეესტრში ბინებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პერიოდების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. საგადასახადო ორგანოს მიერ გაანგარიშებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 466 228 ლარი, ხოლო დეკლარირებულმა ბრუნვამ - 90 000 ლარი. გამოვლენილ სხვაობაზე მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. საწარმოს 2021 წლის 5 ნოემბერს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების მიხედვით, ფ.პ. „-------"-ზე უფიქსირდება 126.10 კვ.მ. უძრავი ქონების ჩუქება, რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. შემოწმების შედეგად, აღნიშნული ქონების ღირებულება დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
3. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და შესაბამისად არ არის წარდგენილი დოკუმენტაცია. შემოწმების პროცესში შესწავლილი იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და მერიის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ გვერდზე არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად გაანგარიშდა საწარმოს შემოსავალი, ფული სრულად მიღებულად ჩაითვალა საჯარო რეესტრში მყიდველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტში, ასევე, ფულის გასავალი გაანგარიშებული იქნა საქონლის/მომსახურების შეძენის დოკუმენტების შესაბამისად (დოკუმენტურად დადასტურებული შეძენილი საქონელი/ მომსახურება ჩაითვალა გადახდილად). დადგინდა 2022 წლის 8 ივნისის მდგომარეობით ნაღდი ფულის ნაშთი 474 850.97 ლარის ოდენობით. შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს არ აქვს გაცემული ხელფასი. გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №14355 ბრძანებით ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის შედეგად 2022 წლის 8 ივნისის მდგომარეობით ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნულოვანი მაჩვენებლით. შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს დირექტორს/დამფუძნებელს აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება/გადაწყვეტილება არ წარმოუდგენია. გამოვლენილი შემოსავლები, რომელიც აღემატება საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით ან/და სხვა მტკიცებულებებით დაფიქსირებულ შემოსავალს და გადამხდელს არ აქვს მასზე მინიჭებული შესაბამისი კვალიფიკაცია, მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 26.12.2022 წლის №32880 ბრძანება და №005-203 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №14186 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 2023 წლის 26 ივლისის №20210/2/2023 გადაწყვეტილებით, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №14186 ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №28073 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №28073 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 22.02.2024 წლის №21550/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №28073 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 4.06.2024 წლის №13150 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, სადავო ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ანალოგიური ფართის სარეალიზაციო ფასის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 4.06.2024 წლის №13150 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 13.05.2025 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ - 99 020 ლარით (გადასახადი - 66 013 ლარით, ჯარიმა - 33 007 ლარით). აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2025 წლის №10209 ბრძანება და №005- 56 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.07.2025 წლის №16852 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით, მიუთითა დასკვნით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილია ანალოგიური ფართის სარეალიზაციო ფასის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმებისას განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში შპს „-------"-ის მიერ მყიდველებთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ანალიზი, რომლითაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ფართის რეალიზაცია განხორციელდა ფ/პ „-------"-ზე 2019 წელს, ხოლო ფ/პ „-------"-ზე უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემულია 2021 წელს, შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა ანალოგიურ პერიოდში ბინების რეალიზაციის ფასით და გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ იქნა გათვალისწინებული. ამასთან, ფულის ნაშთის ოდენობასთან დაკავშირებით, გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით ირკვევა, რომ ფულის ნაშთის გაანგარიშებისას გამოკლებულ იქნა ფ/პ „-------"-სათვის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული ღირებულება, რამაც გამოიწვია დარიცხული საშემოსავლო გადასახადის კორექტირება. ამასთან, ფულის ნაშთის განსაზღვრისას დოკუმენტურად დადასტურებული შეძენილი საქონელი/მომსახურება, ასევე ბიუჯეტში გადახდილი თანხები გათვალისწინებულია შემოწმების პროცესში, ხოლო კრედიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ მტკიცებულებები წარდგენილი არ არის.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებას შემდეგ გარემოებათა გამო:
1. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 ივნისის №13150 ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ანალოგიური ფართის სარეალიზაციო ფასის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით არ იქნა გათვალისწინებული.
აუდიტის დეპარტამენტმა სრულყოფილად არ შეისწავლა მისი კომპანიის მიერ წარდგენილი მტკიცებულება და არგუმენტები, რის გამოც მიიღო არასწორი გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილება გაიზიარა შემოსავლების სამსახურმაც სამწუხაროდ საკითხის სრულყოფილად შესწავლის გარეშე.
ქ. „-------"-ში ქ. -- (საკადასტრო კოდი: „-------") მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი IV კლასი შეთანხმებულ პროექტში ცვლილების პროექტი მომზადდა და აშენებულ საცხოვრებელს კორპუსზე მიიღო უფლება მე-10 სართულზე მანსარდის დაშენების „-------"-ის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურიდან. მის მიერ აშენებული იქნა მანსარდა და გასაყიდად გამოტანილი ჰქონდა ორი ფართი 126,10 კვ.მ., რომელიც ჩუქების ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცა „-------"-ს და მეორე ფართი 153,3 კვ.მ. გასხვისებული იქნა „-------"-ზე 200 000 ლარად. დასკვნით აუდიტის დეპარტამენტი მის აღნიშნულ მტკიცებულებას მხედველობაში არ იღებს და სწორად მიაჩნია, რომ შემმოწმებლებმა სხვა ბინების გაყიდვისას დაფიქსირებული 1 კვ.მ. ფართის ღირებულებიდან გაიანგარიშეს 126,1 კვ.მ. ღირებულებაც და მიიღეს 264 053,32 ლარი დღგ-ის ჩათვლით. რაც არასწორია, ვინაიდან:
- მანსარდა წარმოადგენს მსუბუქ კონსტრუქციით აშენებულ ფართს, რომლის ჭერის სიმაღლე გახლავთ 2,4 მ; - აქვს თბოიზოლაციის პრობლემა;
- არ აქვს ლიფტი (მანსარდის დაშენების სართულზე არ ადის ლიფტი, მხოლოდ კიბით ასვლაა შესაძლებელი);
- ჭერი გადახურულია უბრალო თუნუქით.
ამ უდავო არგუმენტებიდან გამომდინარე, არ შეიძლება მანსარდის ღირებულება განისაზღვროს რკინა-ბეტონით და აგურით აშენებული სრულყოფილი საცხოვრებელი ფართის ღირებულებიდან გამომდინარე, პირველ-მე-9 სართულების მიხედვით, (რომელსაც გააჩნია სადარბაზო, ლიფტი, აქვს თბოიზოლაცია, ჭერის სიმაღლე 3 მეტრს შეადგენს, რაც სრულყოფილი საცხოვრებელი ფართია). ახლად აშენებულ კორპუსში მშენებარე ბინის ღირებულებზე ნაკლები ღირს ამავე კორპუსში არსებული დაშენების მანსარდის ღირებულება. ეს იგივეა, რომ ავტოპარკინგს ამოვუშენო კედლები და ამტკიცო, რომ კვადრატული მეტრის ღირებულება იგივეა, რაც აქვს ბინების ღირებულება. დასაჯერებელია?? რა თქმა უნდა არა. ბინების რეალიზაცია ჰქონდა მხოლოდ 2019 წელს მარტის თვეში მას მერე არ ჰქონია და ჰქონდა მხოლოდ უსასყიდლოდ მიწოდება 2021 წლის ნოემბრის თვეში აღნიშნულის მტკიცებულებას წარმოადგენს თავად საგადასახადო შემოწმების აქტი და ამ აქტის დღგ-ის გაანგარიშების დანართი.
გამოდის, რომ ფ.პ. „-------"-ზე უძრავი ქონების (მანსარდის) უსასყიდლოდ მიწოდების ფასი გაანგარიშდა 2019 წლის მარტის თვეში განხორციელებული ბინების რეალიზაციის ღირებულებიდან გამომდინარე, რაც წარმოადგენს ბინის ღირებულებას კვ.მ.-ზე გაანგარიშებას. წარუდგინა 2019 წელს „-------"-ზე მიყიდული მანსარდის ღირებულება, რაც ადექვატური მტკიცებულება გახლდათ „-------"-ზე უძრავი ქონების (მანსარდის) უსასყიდლოდ მიწოდებასთან დაკავშირებით.
საგადასახადო ორგანო დაუსაბუთებლად ამბობს, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება არ არის შესაბამისი პერიოდის ადექვატური, იგი არ ეხება 2021 წლის პერიოდსო, ხოლო თავად აუდიტის დეპარტამენტი ხელმძღვანელობს 2019 წლის მარტის თვის ოპერაციების ფასებიდან გამომდინარე, არალოგიკური დასაბუთება გამოდის. შესაბამისად შემოსავლების სამსახურის ბრძანება ამ ნაწილში დაუსაბუთებელია. ამიტომაც მიაჩნია, რომ არასწორად იქნა უსასყიდლოდ/ჩუქებით მიწოდებული ქონების ღირებულება განსაზღვრული, რადგანაც იგი უნდა განსაზღვრულიყო შემდეგი სახით:
„-------"-სთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონების მანსარდის ღირებულება უნდა დადგენილიყო მისი კომპანიის მიერ ამავე მანსარდაში კომპანიის მიერ რეალიზებული 153,3 კვ.მ. ფართის „-------"-ზე 200 000 ლარად რეალიზაციის 1 კვ.მ. ღირებულებიდან გამომდინარე, შესაბამისად მიიღებდა 1 კვ.მ. ღირებულებას (200 000; 153.3) 1304.63 ლარს, რომლის ნამრავლით 126.1 ლარზე გამოვიდოდა 164 514.02 ლარი საბაზრო ღირებულება დღგ-ის ჩათვლით, ნაცვლად 264 053,32 ლარისა. შესაბამისად ამ ოპერაციაზე დღგ-ის გადასახადი უნდა დარიცხვოდა 25 099 ლარი, ნაცვლად 40 270 ლარისა, შესაბამისად, დღგ-ში ზედმეტობით ერიცხება 15 180.32 ლარი. ჩუქების ოპერაციის გამო საშემოსავლო გადასახადში უნდა დარიცხვოდა 164 514.02 ლარის აგროსვის შედეგად, რაც შეადგენს 205 642.53 ლარს, საიდანაც საშემოსავლო გადასახადი უნდა განსაზღვრულიყო 41 128.51 ლარის ოდენობით, ნაცვლად 66 013 ლარისა. ამდენად ამ ნაწილში საშემოსავლო გადასახადში 18 743 ლარი ზედმეტობით დაერიცხა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია და ექვემდებარება გაუქმებას.
2. შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში აღნიშნა, რომ ფულის ნაშთის განსაზღვრისას დოკუმენტურად დადასტურებული შეძენილი საქონელი/მომსახურება, ასევე ბიუჯეტში გადახდილი თანხები გათვალისწინებულია შემოწმების პროცესში, ხოლო კრედიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ მტკიცებულებები წარდგენილი არ არის. ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საშემოსავლო გადასახადში ზემოაღნიშნული სხვაობები არ წარმოიქმნებოდა თუ კი აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები სწორად განსაზღვრული ბრუნვას სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას გამოაკლებდნენ. მათ ხელთ არსებულ ინფორმაციაც, რაც საგადასახადო ორგანოში ფიქსირდებოდა.
აუდიტის დასკვნის თანახმად, გადაანგარიშებისას სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას დაკლებული იქნა მხოლოდ ფ.პ. „-------"-სათვის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული ღირებულება და მხოლოდ აღნიშნულის დაკლების შედეგად განსაზღვრეს სალაროს ნაშთი, რაც არასწორია, რადგანაც შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 ივნისის №13150 ბრძანების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა მტკიცებულებები, რაც უნდა გამოკლებოდა სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას შემოწმებით განსაზღვრულ მთლიან ბრუნვას.
ა) შემოწმების აქტის თანახმად, სალაროს ნაშთი გაანგარიშდა შემდეგი სახით: შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ერთიან ელექტრონულ სიტემაში, მერიის არქიტექტურულ სამსახურის ერთიან ელექტრონულ გვერდზე არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ფული სრულად მიღებულად ჩაითვალა საჯარო რეესტრში მყიდველებზე საკუთრების რეგისტრაციის მომენტში, ასევე ფულის გასავალი გაანგარიშდა საქონლის/მომსახურების შეძენის დოკუმენტების შესაბამისად (დოკუმენტალურად დადასტურებული შეძენილი საქონელი/მომსახურეობა ჩაითვალა გადახდილად).
ბ) გადაანგარიშების მიხედვით დგინდება შემდეგი: შემოწმების აქტის მიხედვით დღგ-ის ჩათვლით ბრუნვა შეადგენს 462 220 ლარს დღგ-ის გარეშე გადაანგარშების დასკვნის თანახმად, მას გამოაკლდა ჩუქების ოპერაციის თანხა 223 774 ლარი (დღგ-ის გარეშე) რის შედეგადაც დღგ-ის ბრუნვამ დღგ-ის გარეშე შეადგინა 238 446 ლარი, რომელიც დღგ-ის ჩათვლით არის 281 366,81 ლარი. სალაროს ნაშთის გადაანგარიშების დროს აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაეკლო მის მიერ რს-ზე არსებული დოკუმენტური შესყიდვები ზედნადებებითა და ანგარიშ-ფაქტურებით, რომელიც შეადგენს 49 928.63 ლარს (იხ. მტკიცებულება რს-ით დოკუმენტური შეძენები), ამასთანავე სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას უნდა გამოაკლდეს ბიუჯეტში გადახდილი თანხა 36 000 ლარი.
რის შედეგადაც ღებულობს 195 438.2 ლარს, რომლის აგროსვით ღებულობს 244 297.75 ლარს, საიდანაც გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 48 859.55 ლარს. ამდენად საშემოსავლო გადასახადში ჩუქების ოპერაციისა და სალაროს ნაშთის გაანგარიშებით საშემოსავლო გადასახადში (გადასახადი) საგადასახადო ვალდებულება უნდა განსაზღვროდა სულ 48 859.55 + 41 128.51=89 988.06 ლარის ოდენობით, ნაცვლად საგადასახადო მოთხოვნაში საშემოსავლო გადასახადში დარიცხული 118 712 ლარისა. ამდენად სხვაობას მხოლოდ ამ ორ პოზიციაში) წარმოადგენს 28 723.94 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია და ექვემდებარება გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 4.06.2024 წლის №13150 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, სადავო ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ანალოგიური ფართის სარეალიზაციო ფასის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 4.06.2024 წლის №13150 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 13.05.2025 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით:
1. გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილ იქნა ანალოგიური ფართის სარეალიზაციო ფასის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების მიერ განხორციელდა შპს „-------“-ის მიერ მყიდველებთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ანალიზი, ხოლო აღნიშნული დოკუმენტაცია არ იქნა გათვალისწინებული. ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია საჯარო რეესტრში მყიდველის მიერ შეძენილი უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტისათვის, სარეალიზაციო ფასები სწორად არის განსაზღვრული და აღნიშნულ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
2.გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმებისას სალაროში ნაღდი ფულის გაანგარიშების დროს, გამოკლებულ იქნა ფ/პ „-------"-სთვის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული ღირებულება. შედეგად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.
ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ - 99 020 ლარით, მათ შორის, გადასახადი - 66 013 ლარით, ჯარიმა - 33 007 ლარით.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის 4.06.2024 წლის №13150 ბრძანების შესაბამისად, უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა კომპანიის მიერ 2019 წელს „-------"-ზე მიყიდული ფართის ღირებულება, რაც ადექვატური მტკიცებულებაა საწარმოს მიერ „-------"-სათვის უძრავი ქონების (მანსარდის) უსასყიდლოდ მიწოდებასთან დაკავშირებით.
აუდიტის დეპარტამენტის 23.09.2025 წლის № ------ წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით:
1. „-------"-სათვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონების მანსარდის ღირებულება უნდა დადგენილიყო საწარმოს მიერ, ამავე მანსარდაში კომპანიის მიერ რეალიზებული 153,50 კვ.მ. ფართის, „-------"-ზე 200 000 ლარად რეალიზაციის 1 კვ.მ. ღირებულებიდან გამომდინარე. ეს ფართი საწარმოს 2019 წლის 24 ივლისს რეალიზებული აქვს, როგორც მშენებარე. აღნიშნული ბინა, საჯარო რეესტრის მიხედვით, (153,5 კვ.მ.) 2020 წელს გაყოფილია 2 ფართად 88,23 კვ.მ. და 63,63 კვ.მ. და მინიჭებული აქვს ნომრები ბინა N --- და N ---, ხოლო 2021 წლის 27 დეკემბერს ერთ-ერთი ბინა (88,23 კვ.მ.) ახალ მფლობელს რეალიზებული აქვს 250 000 ლარად, 1 კვ.მ.-ის ფასი 2 833 ლარი, ზუსტად ამავე პერიოდში აქვს (2021 წლის 5 ნოემბერი) საწარმოს იმავე სართულზე (ბინა N -- ) „-------"-სთვის მიწოდებული ბინა, რომლის საბაზრო ღირებულება საგადასახადო ორგანომ განუსაზღვრა 1 კვ.მ.-ის ფასი 2 094 ლარი. შემოწმებისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაცია, აგრეთვე ნასყიდობის ხელშეკრულებები და საჯარო რეესტრში ბინებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პერიოდები, რის მიხედვითაც განისაზღვრა ბინების სარეალიზაციო ფასები.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის დათვლას, საგადასახადო ორგანოს მიერ მოხდა შესამოწმებელ პერიოდის ბოლოს კომპანიის მიერ სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის დათვლა, ყველა შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად, ხოლო დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი კი გამოსაქვით ხარჯად.
დავების განხილვის საბჭო მხედველობაში იღებს ზემოაღნიშნულ ინფორმაციას და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ შემოსავლების სამსახურის 4.06.2024 წლის №13150 ბრძანების შესაბამისად, მომჩივნის მიერ ანალოგიური ფართის სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის მიზნით წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია („-------"-ზე რეალიზაცია) ეხება 2019 წლის პერიოდს, ხოლო სადავო ოპერაცია - ფ.პ.„-------"-ზე უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემა მოხდა 2021 წელს, საგადასახადო ორგანომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად გამოიყენა ანალოგიურ პერიოდში არსებული ბინების რეალიზაციის ფასი და არა სადავო პერიოდში „-------"-ის მიერ იგივე ფართის (ორ ფართად გაყოფილი) რეალიზაციის ფასი, რომელიც აღემატება საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის დადგენილ და გამოყენებულ ღირებულებას.
მომჩივნის არგუმენტი, რომ განსახილველ შემთხვევაში მოხდა მანსარდის გასხვისება საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, ვინაიდან 25.07.2019 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 153,3 კვ.მ. ფართის (საკადასტრო კოდი №„-------") მესაკუთრედ, სადაც რეგისტრირებულია„-------", დაფიქსირებულია ბინა №----. ასევე, 21.11.2021 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 126.1 კვ.მ. ფართის (საკადასტრო კოდი №„-------" ) მესაკუთრედ, სადაც რეგისტრირებულია „-------", დაფიქსირებულია ბინა №--.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 4.06.2024 წლის №13150 ბრძანების შესაბამისად, სადავო ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი „-------"-ზე 2019 წელს ფართის რეალიზაციის დოკუმენტი ვერ ჩაითვლება რელევანტურ დოკუმენტად „-------"-ზე 2021 წელს უსასყიდლოდ გადაცემული ფართის სარეალიზაციო ფასის დასადგენად. ამასთან, საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანმა ვერც ზეპირი განხილვისას შეძლო მოპასუხე ორგანოს საპირწონე, გამაბათილებელი არგუმენტების ან მტკიცებულების წარმოდგენა, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ ზემოთ დასახელებული და დასკვნით
დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 4.06.2024 წლის №13150 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებას
ფაქტობრივი გარემოებები
1.გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის.გამოვლენილ სხვაობაზე მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
2.საწარმოს 2021 წლის 5 ნოემბერს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების მიხედვით, ფ.პ.-ზე უფიქსირდება 126.10 კვ.მ. უძრავი ქონების ჩუქება, რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. შემოწმების შედეგად, აღნიშნული ქონების ღირებულება დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
3.შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს დირექტორს/დამფუძნებელს აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება/გადაწყვეტილება არ წარმოუდგენია. გამოვლენილი შემოსავლები, რომელიც აღემატება საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით ან/და სხვა მტკიცებულებებით დაფიქსირებულ შემოსავალს და გადამხდელს არ აქვს მასზე მინიჭებული შესაბამისი კვალიფიკაცია, მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 4.06.2024 წლის №13150 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
301