გადაწყვეტილება №22176/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22176/2/2024
29 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,15.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---ს 7.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22176/2/2024).
დავის საგანი:
1. სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა;
2. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.11.2023 წლის №CB1554785 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.11.2023 წლის №CB1554791 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 18.01.2024 წლის №637 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 173 123.88 ლარი.
მათ შორის:
ჯარიმა - 148 619.08 (საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწ.)
ჯარიმა - 24 504.8 (საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწ.)
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სურსათითა და შერეული საქონლით ვაჭრობა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.07.2023 წლის №17348 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 1.01.2023 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (2023 წლის 18 ივლისი).
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა აღურიცხველმა სასაქონლო-მატერიალურმა ფასეულობებმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 297 238,16 ლარი, ხოლო დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით 245 048.01 ლარი. აღნიშნულზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 21 ნოემბერს შედგენილ იქნა №CB1554785 და №CB1554791 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები და გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების თანახმად დაჯარიმდა ჯამში - 173 123.88 ლარის ოდენობით.
სადავო ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.01.2024 წლის №637 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები;
- მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება);
- ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე; - საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 18.01.2024 წლის №637 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ არ დაეთანხმა შემოწმების შედეგებს და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების კანონიერებას. რადგანაც ინვენტარიზაციის პროცესში ვერ მოახერხა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების სრულად წარდგენა. ამის მიზეზი იყო ის ფაქტიც, რომ იმედოვნებდა საინვენტარიზაციო კომისია გამოიყენებდა სმფ-ების შეძენის და რეალიზაციის იმ დოკუმენტებს, რომლებიც ატვირთულია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში. აღმოჩნდა, რომ მათ არ შეისწავლეს მის მიერ ატვირთული დოკუმენტები და ინვენტარიზაციის შედეგები განსაზღვრეს მხოლოდ მის მიერ წარდგენილი სმფ-ების ნაშთების წარმოშობის დოკუმენტების საფუძველზე. ოქმები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. უთითებს, რომ საჩივრით ითხოვა 15 სამუშაო დღე, დოკუმენტების წარსადგენად. ასევე ვინაიდან არ დაეთანხმა ინვენტარიზაციის შედეგებს ფაქტიურად მოითხოვა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების ბათილობა. შემოსავლების სამსახურმა განიხილა მისი საჩივარი და შემოსავლების სამსახურის ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, მიეცა ვადა დოკუმენტების წარსადგენად, მაგრამ ბათილად არ იქნა ცნობილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები. მიიჩნევს, რომ ინვენტარიზაცია ჩატარდა „სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანების 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის დარღვევით. კერძოდ: „საინვენტარიზაციო კომისია, საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, გადასახადის გადამხდელთან ერთად ადგენს ამ ფასეულობების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემებს“.
მიაჩნია, რომ კომისია ვალდებული იყო მის მიერ კომისიისთვის სააღრიცხვო დოკუმენტების სრულად წარუდგენლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს ელექტრონულ ბაზაში მოეძია ატვირთული დოკუმენტები და მათი გათვალისწინებით დაედგინა ინვენტარიზაციის შედეგები. ამით შემმოწმებელმა დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები, რის გამოც საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. მაგრამ მისი საჩივრის განხილვისას, შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა ეს გარემოება, ბათილად არ სცნო და კანონის დარღვევით ჩათვალა ოქმები კანონიერად.
მომჩივანი ითხოვს: 1. შემოსავლების სამსახურის 18.01.2024 წლის №637 ბრძანება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების კანონიერად ცნობის ნაწილში იქნეს ბათილად ცნობილი.
2. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობას.
3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, საგადასახადო კოდექსის, ფინანსთა მინისტრის 2010 წ. 31 დეკემბრის №994 ბრძანებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ჩაატაროს სრულყოფილი ინვენტარიზაცია და საჭიროების შემთხვევაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 და 22-ე ნაწილების მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ხოლო, სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით. ხოლო, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.
ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.02.2024 წლის №12927-21-12 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის №17348 ბრძანების საფუძველზე, ი/მ ---ის (პ/ნ ---) ობიექტში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. გადასახადის გადამხდელმა ინვენტარიზაციის შედეგების ოქმის პროექტის ჩაბარების შემდეგ 2023 წლის 25 აგვისტოს წარადგინა წერილობითი პოზიცია (რეგისტრაციის №145491/21-11), სადაც ითხოვდა დამატებით დროს, ვინაიდან დროის სიმცირის გამო ვერ შეძლო სრულად წარედგინა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით იმსჯელა მედიაციის საბჭომ და მისცა გონივრული ვადა, დამატებით 10 სამუშაო დღე, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარსადგენად, რის შემდგომაც განხორციელდა დამატებით დოკუმენტების შესწავლა და შეიცვალა ოქმის პროექტით დასარიცხი თანხები. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების ჩაბარების შემდგომ 2023 წლის 21 დეკემბერს ისევ მოითხოვა დამატებით 15 სამუშაო დღე, კვლავ პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარსადგენად.
გადასახადის გადამხდელი ორივე მომართვაში, ითხოვდა მხოლოდ დამატებით დროს დოკუმენტების წარსადგენად.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 იანვრის №637 ბრძანებით, მომჩივნის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დამატებით მიეცა 15 კალენდარული დღე, რათა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები.
ამასთან განემარტა, რომ წარდგენილი დოკუმენტების შესწავლის შედეგად, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი უზრუნველყოფდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით დაკისრებული ჯარიმების კორექტირებას (შემცირებას). მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა, საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აღნიშნა, რომ მომჩივანს ორივე სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმები შეუმცირდა და გადასახდელად დაერიცხა ჯარიმა - 129 686.93 ლარი (საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწ.) და ჯარიმა - 21 378.85 ლარი (საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწ.).
ზემოხსენებული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 18.01.2024 წლის №637 სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. ამასთან, სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა;
2. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.07.2023 წლის №17348 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა აღურიცხველმა სასაქონლო-მატერიალურმა ფასეულობებმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 297 238,16 ლარი, ხოლო დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით 245 048.01 ლარი. აღნიშნულზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 21 ნოემბერს შედგენილ იქნა №CB1554785 და №CB1554791 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები და გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების თანახმად დაჯარიმდა ჯამში - 173 123.88 ლარის ოდენობით.
სადავო ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.01.2024 წლის №637 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის 18.01.2024 წლის №637 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8 (11); 286 (4,9).