ბრძანება N 9543

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.04.2024
№ დოკუმენტი 9543
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9543

24 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ---------------)

(ფაქტ. მის.: --------------------------;

იურ. მის.: ---------------------------)

2024 წლის 16 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 აპრილის სხდომაზე (ოქმი №44) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ---------------) 2024 წლის 16 აპრილის №64469/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 მარტის №086-6 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ წარადგინა ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ, რომელიც არ იქნა შემოწმების მიერ შესწავლილი. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და ფასნამატს. აღნიშნავს, რომ ახდენდა სხვადასხვა მარკისა და ხარისხის საქონლის რეალიზაციას და მთლიან საქონელზე ერთიანი ფასნამატის - 20%-ის განსაზღვრა არასწორია. ასევე მიუთითებს, რომ ფასნამატის გაანგარიშების ცხრილებში დაშვებულია მთელი რიგი უზუსტობები, არ არის ამოღებული არარეალური ფასნამატი. ასევე აღნიშნავს, რომ სასაქონლო ზედნადებებში შეცდომით არის მითითებული საქონლის დასახელებები, რომლებიც გავლენას ახდენს ფასნამატის გაანგარიშებაზე. მიუთითებს, რომ შემმოწმებლის მიერ შედგენილ ცხრილებში არასწორად არის მითითებული საქონლის თვითღირებულება. მიიჩნევს, რომ უნდა მომხდარიყო საქონლის დაჯგუფება მარკების, ფასების მიხდევით და ამის შემდეგ უნდა დადგენილიყო გონივრული ფასნამატი. აცხადებს, რომ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, კერძოდ, ყველა სახის შესყიდვა განხორციელებული აქვს დოკუმენტურად, რაზეც არსებობს შესაბამისი სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. მიუთითებს, რომ საცალო ვაჭრობისას კანონი არ მოითხოვს მყიდველზე სასაქონლო ზედნადების გამოწერას ან/და სხვა რაიმე სახის წერილობითი დოკუმენტის შედგენას. აღნიშნავს, რომ გადამხდელის მიერ შესაძლოა დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, რაც უნდა ეპატიოს მომჩივანს. ასევე აცხადებს, რომ პირდაპირი მეთოდითაც შესაძლებელი იყო შემოსავლის გაანგარიშება, კერძოდ, კალენდარულ თვეში რეალიზებული/ჩამოწერილი კონკრეტული პროდუქციის თვითღირებულება გამრავლებულიყო პროდუქციის სახეობის საშუალო ფასნამატზე. აღნიშნულ შემთხვევაში პირდაპირი მეთოდით დათვლილი ერთობლივი შემოსავალი დაემთხვეოდა დეკლარირებულ შემოსავალს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით გადამხდელი ითხოვს გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტების ბათილობას.

2.გადამხდელი ითხოვს ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებას. აცხადებს, რომ არ არის გათვალისწინებული ობიექტის ფუნქციონირებასთან, საქონლის მოძრაობასთან დაკავშირებული ხარჯები.

3. გადამხდელი არ ეთანხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრულ ჯარიმას. აგრეთვე, აცხადებს, რომ არასწორად იქნა შეფარდებული ჯარიმა, კერძოდ, ჯარიმის თანხა აღემატება დარიცხული გადასახადის თანხას.

4. გადამხდელი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ნოემბრის №29531 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“-ის (ს/ნ---------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1.შპს „----------“-ის (ს/ნ---------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ნოემბრის №29531 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 15 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 11 სექტემბრის საგადასახადო სადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 19 მარტის №086-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების თანახმად, გადამხდელმა წარმოადგინა შესაბამისი ინფორმაცია ცხრილის სახით, კერძოდ წარმოდგენილია შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეძენის დოკუმენტების ერთეულის ფასის მითითებით.

წარმოდგენილ ცხრილში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ რეალიზებული საქონლის იმ ნაწილზე, რომელზეც მითითებულია რეალიზებული საქონლის ერთეულის თვითღირებულება და შეძენის დოკუმენტის ნომერი, უმეტეს შემთხვევებში გადამხდელს დაკავშირებული აქვს წინა საანგარიშო პერიოდში შეძენილი საქონლის მაღალი თვითღირებულება, რომელზეც ასევე ფიქსირდება აღნიშნული საქონლის უახლოეს პერიოდში შეძენა გაცილებით ნაკლები თვითღირებულებით, რითაც ხელოვნურად მცირდება სარეალიზაციო საქონლის ფასნამატი (მაგ: პლ. ტევადობა (ავზი), რომელიც რეალიზებული აქვს 2021 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში, გადასახადის გადამხდელს დაკავშირებული აქვს 2020 წლის დეკემბრის თვის შეძენის ფასი, რომელზეც აგრეთვე არსებობდა იმავე საანგარიშო პერიოდში შეძენა). წარმოდგენილ ცხრილში ასევე ფიქსირდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც რეალიზაციასთან დაკავშირებული შეძენის დოკუმენტი არ იძებნება ან/და შეძენის დოკუმენტში არ არის იმ რაოდენობის შეძენილი საქონელი, რამდენის რეალიზაციაც განხორციელდა (მაგ: ----ოს ფილაზე, რომელიც რეალიზებულია 2020 წლის დეკემბრის თვეში, გადამხდელის დაკავშირებული შეძენის დოკუმენტის ნომერი არ იძებნება; აგრეთვე, ---ი, რომელიც რეალიზებულია 2021 წლის თებერვლის და მარტის თვეებში გადამხდელს დაკავშირებული აქვს შეძენის დოკუმენტი, რომლის შესაბამისად შეძენილი საქონელი ნაკლებია რეალიზებულ საქონელზე). წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლით არ გამოვლენილა შემოწმების აქტის შედგენისას არსებული მტკიცებულებებისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხა კორექტირებას არ დაექვემდებარა.

გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელს გაანგარიშების ცხრილის გარდა სხვა რაიმე სახის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები არ აქვს წარმოდგენილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა გადაანგარიშების ეტაპზე წარადგინა ინფორმაცია ცხრილის სახით, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეძენის დოკუმენტების ერთეულის ფასის მითითებით. შემოწმებით წარდგენილი ინფორმაციის შესწავლით არ გამოვლენილა საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისას არსებული მტკიცებულებებისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რაც გახდებოდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირებას საფუძველი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრულ ჯარიმას,არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და ფასნამატს.ითხოვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტების ბათილობას და ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებას.

ამასთან,გადამხდელი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის №29531 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის №29531 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო სადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №086-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);