გადაწყვეტილება №20314/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20314/2/2023
13 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 19.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20314/2/2023).
დავის საგანი:
უარი კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №------- გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7030 ბრძანება;
3. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14887 ბრძანება.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანმა 10.10.2022 და 24.01.2023 წელს განცხადებებით მიმართა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს და მოითხოვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. აღნიშნულის საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შეისწავლა კომპანიის შესახებ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, რის შემდგომაც განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია კომპანიის წარმომადგენელთან (ბუღალტერი) გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე.
დადგინდა, რომ კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 4.06.2006 წლიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 1.04.2007 წლიდან. 5.08.2022 წლიდან იმყოფებოდა გაკოტრების რეჟიმში, ამჟამად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საქმისწარმოება. გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება 656 458 ლარის ოდენობით აღიარებული დავალიანება. კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს ბაზალტის მოპოვება. კომპანია აწარმოებს დაქირავებულ პირთა რეესტრს, სადაც ასახულია ორი პირი: ------- (პ/ნ -------) და ------- (პ/ნ -------). ახსნა-განმარტებაში მითითებული მინდობილი პირი, ------- (პ/ნ -------), რომელსაც არ წარუდგენია მინდობილობა. 2022 წლის განმავლობაში კომპანიას უფიქსირდება ერთი მიღებული სასაქონლო ზედნადები და არც ერთი მიწოდების სასაქონლო ზედნადები, რაზეც ბუღალტერმა განმარტა, რომ შეზღუდული აქვს სასაქონლო ზედნადების გამოწერა.
აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით კომპანიას მიენიჭა არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
აღნიშნული 13.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.04.2023 წლის №7030 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 4.05.2023 წლის №19339/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7030 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14887 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.
„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არაკვალიფიციური დღგის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
24.01.2023 წელს კომპანიის მიერ შემოსავლების სამსახურში შეტანილ იქნა განცხადება, რითაც ეცნობა, რომ არაკვალიფიციური დღგ-ის სტატუსის გამო შეზღუდული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშფაქტურის, ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურისა და საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა/დადასტურების უფლება და მოითხოვა, განეხილათ მისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საკითხი და ასევე, მოეხსნათ ზემოაღნიშნული შეზღუდვები.
განცხადებაზე შემოსავლების სამსახურის პასუხი მიიღო 6.02.2023 წელს, რითაც უარი ეთქვა განცხადებაში დასმული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული უარი 13.02.2023 წელს გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.04.2023 წლის №7030 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება, გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც „ყურადღება გაამახვილა მომჩივნის არგუმენტებზე და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც გასაჩივრებული ბრძანება გაუქმდა და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს“. თუმცა, ამ უკანასკნელმა მომჩივნის მოთხოვნა კვალიფიციური გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით კვლავ არ დააკმაყოფილა.
კომპანია ამჟამად იმყოფება რეაბილიტაციის რეჟიმში და ამის პარალელურად კი, არაკვალიფიციური დღგ-ის სტატუსის გამო კომპანიას შეზღუდული აქვს ანგარიშ-ფაქტურის, ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურისა და საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა/დადასტურების უფლება, რაც აფერხებს რეაბილიტაციის რეჟიმის სრულყოფილად წარმართვას. ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14.07.2022 წლის განჩინებით საქმეზე №ბს-3-(კ-21) კომპანიას უნდა დაუბრუნდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წელს შემოსავლების სამსახურში გადარიცხული თანხა 143 786,44 ლარი, რისი დაუბრუნებლობის გამოც კომპანიას ადგება დამატებითი ზიანი. ნებისმიერი კომპანიის საქმიანობის სრულყოფილი წარმართვა მნიშვნელოვანია ეკონომიკის დინამიკის შენარჩუნებისთვის, რისი შეფერხებითაც ზიანი ადგება არა მხოლოდ კომპანიას, არამედ მის ფუნქციონირებაზე დამოკიდებულ სხვა სექტორებსაც. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, კომპანიას, რომელიც ამჟამად იმყოფება რეაბილიტაციის რეჟიმში ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეეძლოს ფუნქციონირება და ამ გზით, ფინანსური პრობლემების მოგვარება, რასაც ისიც ემატება, რომ უზენაესი სასამართლოს განჩინების მიუხედავად, არ უბრუნდება უკანონოდ ჩამოჭრილი დღგ, კერძოდ, 143 786,44 ლარი. მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ კვლავ არ გამოუკვლევია საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ კომპანია კვლავ რეაბილიტაციის რეჟიმში იმყოფება, ხოლო აღნიშნული პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოთხოვნის დაკმაყოფილება.
დამატებით ასევე წარმოადგენს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ------- 10.05.2023 წლის განჩინებას, საქმეზე №-------, რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შესახებ და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახური ხელს უშლის სასამართლო განჩინებათა აღსრულებას, ვინაიდან თუ კომპანიას არ მიენიჭება კვალიფიციური გადასახადის გადამხდელის სტატუსი ძალიან გართულდება აღნიშნული პროცესი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს კომპანიას მიენიჭოს კვალიფიციური გადასახადის გადამხდელის სტატუსი და მოეხსნას განცხადებაში მითითებული შეზღუდვები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნისათვის კვალიფიციური დღგ-ის სტატუსის მინიჭების მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7030 ბრძანების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი ან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
საბჭო აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7030 ბრძანების თაობაზე არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 4.05.2023 წლის №19339/2/2023 გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია 5.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე და რომლითაც გაუქმებულია აღნიშნული ბრძანება.
ამგვარად, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე (შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7030 ბრძანებაზე), იმავე ორგანოს (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო) მიერ მიღებული, 4.05.2023 წლის №19339/2/2023, გადაწყვეტილება (შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7030 ბრძანების გაუქმებაზე) და ამასთან აღნიშნული ბრძანება გაუქმებულია, სახეზეა საჩივრის ამ ნაწილში განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძველი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების (ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და ჩათვლის მიღების) უფლება ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე: შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებით დამტკიცებული ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
2. არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონეა პირი, რომელსაც „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული სტატუსის მოქმედების პერიოდში, შეჩერებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების (ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და ჩათვლის მიღების) უფლება, ასევე აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემა და რომელსაც ამ ინსტრუქციის შესაბამისად მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
ამავე ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად:
1. არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია:
ა) გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია;
ბ) თუ კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) ან წარადგინა და მის საფუძველზე დასარიცხი გადასახადის თანხა ერთ ლარს არ აღემატება;
გ) თუ კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს, შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის მიხედვით, არ უფიქსირდება მოქმედი საბანკო ანგარიშის ნომერი;
დ) შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილება.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის განმარტებით, კომპანია ამჟამად იმყოფება რეაბილიტაციის რეჟიმში და არაკვალიფიციური დღგ-ის სტატუსის გამო კომპანიას შეზღუდული აქვს ანგარიშ-ფაქტურის, ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურისა და საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა/დადასტურების უფლება, რაც აფერხებს რეაბილიტაციის რეჟიმის სრულყოფილად წარმართვას. საჩივარს ახლავს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 10.05.2023 წლის განჩინება (საქმეზე №-------) რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შესახებ და რომ აღნიშნული გეგმა გაწერილია 5 წელზე, მასში მითითებულია კონკრეტული სამუშაოები და ქონებები, რომლის რეალიზაციაც უნდა განახორციელოს კომპანიამ, რომ დაიფაროს დავალიანება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია კომპანიას, რომელიც ამჟამად იმყოფება რეაბილიტაციის რეჟიმში ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეეძლოს ფუნქციონირება და ამ გზით, ფინანსური პრობლემების მოგვარება, რასაც ისიც ემატება, რომ უზენაესი სასამართლოს განჩინების მიუხედავად, არ უბრუნდება უკანონოდ ჩამოჭრილი დღგ, კერძოდ, 143 786,44 ლარი.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ საგადასახადო ორგანოსთვის ცნობილია, რომ კომპანია იმყოფება რეაბილიტაციის რეჟიმში, მის მიერ სრულყოფილად არ იყო წარდგენილი ინფორმაცია დასაქმებულ პირებზე, საწარმოო პროცესზე, ვისთვის უნდა მიეყიდა ან მიეღო კონკრეტული საქონელი, ვერ დასტურდებოდა მომავალში განსახორციელებელი საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიას მიენიჭა არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. ამასთან, საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი დაუკავშირდა კომპანიის წარმომადგენელს, რომელსაც ეთხოვა ინფორმაცია წარედგინა დასაქმებულებზე, რაზეც განემარტა, რომ მხოლოდ დირექტორი და ბუღალტერია კომპანიაში, რაც საქმიანობის განხორციელებისთვის არასაკმარისად იქნა მიჩნეული. მითუმეტეს ბუღალტერმა არ განმარტა რა საქმიანობის განხორციელებისთვის სჭირდებოდა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭება.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 5.08.2022 და 10.05.2023 წლის (საქმე №-------) განჩინებებზე, რომლითაც შპს ------- მიმართ გაიხსნა რეაბილიტაციის რეჟიმი და დამტკიცდა რეაბილიტაციის გეგმა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №------- გადაწყვეტილება, გადასახადის გადამხდელისათვის არაკვალიფიციურ დღგის გადამხდელის სტატუსის მინიჭების თაობაზე, უნდა გაუქმდეს და ამავე დეპარტამენტს დაევალოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 10.05.2023 წლის (საქმე №-------) განჩინებით დამტკიცებული შპს ------- რეაბილიტაციის გეგმაზე დაყრდნობით და მისი გათვალისწინებით, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მომჩივნისათვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მართლზომიერების საკითხთან დაკავშირებით.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14887 ბრძანება;
3. გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №------- გადაწყვეტილება;
4. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 10.05.2023 წლის (საქმე №-------) განჩინებით დამტკიცებული შპს ------- რეაბილიტაციის გეგმის გათვალისწინებით, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მომჩივნისათვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მართლზომიერების საკითხთან დაკავშირებით;
5. საჩივარი შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7030 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში დარჩეს განუხილველი;
6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანია უარი კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა 24.01.2023 წელს განცხადებით მიმართა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს და მოითხოვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. გადამხდელს 6.02.2023 წელს უარი ეთქვა განცხადებაში დასმული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
გადამხდელის მიერ განცხადების პასუხი არაერთხელ გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის განმარტებით, კომპანია ამჟამად იმყოფება რეაბილიტაციის რეჟიმში და არაკვალიფიციური დღგ-ის სტატუსის გამო კომპანიას შეზღუდული აქვს ანგარიშ-ფაქტურის, ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურისა და საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა/დადასტურების უფლება, რაც აფერხებს რეაბილიტაციის რეჟიმის სრულყოფილად წარმართვას.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.02.2023 გადაწყვეტილება, გადასახადის გადამხდელისათვის არაკვალიფიციურ დღგის გადამხდელის სტატუსის მინიჭების თაობაზე, უნდა გაუქმდეს და ამავე დეპარტამენტს დაევალოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 10.05.2023 წლის (საქმე №2/2458-22) განჩინებით დამტკიცებული შპს ------- რეაბილიტაციის გეგმაზე დაყრდნობით და მისი გათვალისწინებით, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მომჩივნისათვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მართლზომიერების საკითხთან დაკავშირებით.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301; 304(1);
ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანება, მუხლი 51-ე, 561 და 563