გადაწყვეტილება №22688/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.05.2024
№ დოკუმენტი 22688/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№22688/2/2024

29 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 27.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22688/2/2024).

 

დავის საგანი:

დარიცხული გადასახადების (საშემოსავლო გადასახადი და დამატებული ღირებულების გადასახადი) მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №006-703 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5195 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

168 716,87 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 94 338

დღგ - 82 304

საშემოსავლო გადასახადი - 12 034

ჯარიმა - 28 879

საურავი - 45 499,87

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა უძრავი ქონების რეალიზაცია. გადამხდელი რეგისტრირებულია 15.07.2016 წლიდან. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე პერიოდის სრული, გეგმიური, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 25.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მონაცემების, ასევე, გადამხდელის მიერ შემმოწმებელთათვის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ 2020-2023 წლის საანგარიშო პერიოდებში საწარმოს შეძენილი და შემდგომ რეალიზებული ჰქონდა ჯამში 539 560 (დღგ-ის 29 მაისი ჩათვლით) უძრავის ქონება (საცხოვრებელი ბინები), 12 უწყვეტი კალენდარული თვის განმავლობაში რეალიზებული უძრავი ქონების ღირებულება აჭარბებს 100 000 ლარს.

შპს „----ს“ წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება 8.01.2020 წლიდან. შემოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ოპერაცია დაიბეგრა დღგ-ით, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მონაცემების, ასევე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად განხორციელდა გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. გაანგარიშებული განკარგავდი თანხა ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, აღნიშნული პრინციპით განსაზღვრული ხელფასის სახით განაცემები დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №33056 ბრძანება და ამავე თარიღის №006-703 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 2024 წლის 23 და 24 იანვარს და 13 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5195 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: - გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები); - დადგენილ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ის ოპერაციები (უძრავი ქონების რეალიზაცია), რომლებზეც დადასტურდებოდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების არსებობა, განეხილა შპს „----“-ის ოპერაციად (რეალიზაციად) და აღნიშნულის გათვალისწინებით, უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძვლით დარიცხული დღგ დაექვემდებარებინა შემცირებისთვის; - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5195 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, საცხოვრებელი კორპუსი, რომლის ბინების რეალიზაციაც დაბეგრილია შემოწმების მიერ, წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309 მუხლის 79-ე ნაწილის შედეგად დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ქონებას. კერძოდ, საჩივარში განმარტებულია, რომ აღნიშნული ქონება წარმოადგენდა შპს „---"-ის საკუთრებას. შპს „---" საშუამავლო მომსახურებას უწევდა შპს „---“-ს 2016 წელს დადებული საშუამავლო ხელშეკრულების მიხედვით. აღნიშნული ხელშეკრულებით მომჩივანს გადაეცა ჯამში 145 ერთეული უძრავი ქონება (შემდეგ დაზუსტდა გადაცემული ქონების რაოდენობა), მათ შორის, საცხოვრებელი ბინები, საოფისე ფართები და ავტოსადგომები. უძრავი ქონების ფასი განისაზღვრა 1 179 151 აშშ დოლარის ოდენობით. გადამხდელი აცხადებს, რომ აღნიშნული და ასევე, ნასყიდობის განვადების ხელშეკრულებები წარდგენილია საჯარო რეესტრში.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გადაცემული უძრავი ქონების გასხვისებიდან მიღებული თანხებით პირველ რიგში დაიფარებოდა ნასყიდობის ზემოაღნიშნული ფასი, ხოლო სხვაობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დარჩებოდა შპს „---"-ს საკომისიოს სახით. მომჩივანი აღნიშნავს, რომ გადაცემული ქონების ფასი იყო შეღავათიანი, მხოლოდ იმიტომ, რომ შპს „---ს“ საკუთრება უნდა გადაეცა უძრავ ქონებაზე ისეთი მესამე პირებისთვის, რომლებსაც შპს „---“-თან უკვე დადებული ჰქონდათ გარიგება (ძირითად შემთხვევაში უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება) და ამ გარიგების შპს „---“-ის სასარგებლოდ შესრულების შემთხვევაში, შპს „---“ იღებდა ვალდებულებას საკუთრების უფლება გადაეცა მესამე პირებისათვის, დამატებითი ანაზღაურების მიღების გარეშე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შეფასების შედეგად, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ უძრავი ქონების რეალიზაციის ოპერაციები და აღნიშნულის შედეგად დღგ-ის დარიცხვის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები). თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ის ოპერაციები (უძრავი ქონების რეალიზაცია), რომლებზეც დადასტურდება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების არსებობა, განიხილოს შპს „---“-ის ოპერაციად (რეალიზაციად) და აღნიშნულის გათვალისწინებით, უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძვლით დარიცხული დღგ დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დამატებითი მტკიცებულებების წარდგენამ პოტენციურად შეიძლება შეცვალოს ბრძანების შინაარსი, თუმცა ბრძანების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილია ვადები, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარება შეიძლება უკვე გავიდეს (გარდა საპატიო მიზეზი არსებობისა). ამიტომაც გასაჩივრების ვადების გაშვების პრევენციის მიზნით, ფორმალურად წარმოადგენენ წინამდებარე საჩივარს, რომელსაც დააზუსტებს საჭიროებისამებრ, საქმის გარემოებების (ცვლილებების) შესაბამისად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. შემოსავლების სამსახურის მიერ შპს „----ს“ საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №006-703 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საგადასახადო ვალდებულებების შემცირების მიზნით სათანადო დოკუმენტაცია წარედგინა შემმოწმებელთათვის.

მომჩივნის განმარტებით, ფორმალურად წარმოადგენს საჩივარს, რომელსაც დააზუსტებს საჭიროებისამებრ, საქმის გარემოებების (ცვლილებების) შესაბამისად. მომჩივანს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები და არგუმენტები თუ რატომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5195 ბრძანება. ყოველივე ზემოაღნიშნულს გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

დარიცხული გადასახადების (საშემოსავლო გადასახადი და დამატებული ღირებულების გადასახადი) მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მონაცემების, ასევე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად განხორციელდა გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. გაანგარიშებული განკარგავდი თანხა ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, აღნიშნული პრინციპით განსაზღვრული ხელფასის სახით განაცემები დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად.

საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №33056 ბრძანება და ამავე თარიღის №006-703 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 2024 წლის 23 და 24 იანვარს და 13 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5195 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1, გ).