ბრძანება N 14537

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.07.2025
№ დოკუმენტი 14537
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14537

02 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“-ის (ს/ნ -----) (მის.------)

2025 წლის 18 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 26 ივნისის სხდომაზე (ოქმი №50) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) 2025 წლის 18 ივნისის N 96294/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის N 001-78 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. გადასახადის

 

გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. აცხადებს, რომ შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 აპრილის N 6879 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2024 წლის 19 ივლისიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 16 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 20 მაისის N 10235 ბრძანება და ამავე თარიღის N 001–78 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 127 941 ლარი, მათ შორის გადასახადი 81 779 ლარი, ჯარიმა 40 890 ლარი და საურავი 5 272 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შპს „-----“ გადასახადის გადამხდელად და ასევე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 19 ივლისს. გადამხდელი ეწევა სარესტორნო მომსახურებას. საქმიანობის ადგილია - ქალაქი ----, ----- ქუჩა, N --. კომპანიის საფირმო სახელს წარმოადგენს „------”. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული მის მიერ გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავალი. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში შპს „-----“-ს მიღებული ჰქონდა შემოსავალი 1 399 885 ლარი (საკონტროლო-სალარო აპარატით, პოსტერმინალით, საბანკო ჩარიცხვებით), ხოლო დეკლარირებული ჰქონდა დღგ-ის ჩათვლით 863 795 ლარი. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით ასევე გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს „-----“-ს მიღებული ჰქონდა შემოსავალი 1 399 885 ლარი (საკონტროლო-სალარო აპარატით, პოსტერმინალით, საბანკო ჩარიცხვებით), ხოლო დეკლარირებული ჰქონდა დღგ-ის ჩათვლით 863 795 ლარი.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების დროს არ დადგენილა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ფაქტი. ამასთან, მომჩივანს არც საგადასახადო დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია და დღგ-სგან გათავისუფლებული ბრუნვა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. აცხადებს, რომ შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად და ასევე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 19 ივლისს. გადამხდელი ეწევა სარესტორნო მომსახურებას. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული მის მიერ გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავალი. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში შპს-ს მიღებული ჰქონდა შემოსავალი 1 399 885 ლარი (საკონტროლო-სალარო აპარატით, პოსტერმინალით, საბანკო ჩარიცხვებით), ხოლო დეკლარირებული ჰქონდა დღგ-ის ჩათვლით 863 795 ლარი. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების დროს არ დადგენილა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ფაქტი. ამასთან, მომჩივანს არც საგადასახადო დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია და დღგ-სგან გათავისუფლებული ბრუნვა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 172 (4, „უ“).