ბრძანება N 1433

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.01.2024
№ დოკუმენტი 1433
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 1433

29 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -----)

(მის.: ------)

2024 წლის 17 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „-----------“-ის (ს/ნ -----------) №7365/21-11 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 21 დეკემბრის N21-11/101995 გადაწყვეტილებას. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 24 იანვრის სხდომაზე (ოქმი №6).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანია შეიქმნა სამეცნიერო ექსპერიმენტის მიზნით. ამბობს, რომ ექსპერიმენტი არ შედგა და ლიცენზია 2011 წელს განცხადებით ჩააბარა ისე, რომ არაფერი არ მოუპოვებია ამ წლების განმავლობაში. 2011 წლიდან კომპანია არის ლიკვიდაციაზე. გადამხდელი არ ეთანხმება დარიცხულ მოსაკრებელს და ითხოვს თანხის ჩამოწერას, რათა დასრულდეს კომპანიის ლიკვიდაციის საკითხი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შპს „-----------“-ის (ს/ნ -----------) პირადი აღრიცხვის ბარათების შესწავლით დადგინდა, რომ გადასახადების ნაწილში არსებული დავალიანება ჩამოწერილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1 “ ქვეპუნქტის თანახმად შპს „-----------“-ის 05.12.2023 წლის ID:----------- განცხადების საფუძველზე. ხოლო მოსაკრებლის ნაწილში არსებული დავალიანება არ იქნა ჩამოწერილი, ვინაიდან მოსაკრებლის ნაწილში არსებული დავალიანება არ განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილით დავალიანების ჩამოწერის მიზნებისათვის.

შპს „-----------“-ის (ს/ნ -----------) მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რის შესახებ ეცნობა 2023 წლის 21 დეკემბრის N----------- წერილით, რომელიც ჩაბარდა 17.01.2024 წელს. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში დავალიანება წარმოშობილია აუდიტის დეპარტამენტის 16.01.2012 წლის N----------- საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხებით. აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2012 წლის N002–247 საგადასახადო მოთხოვნით ნაწილობრივ შემცირებულია 16.01.2012 წლის N----------- საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები. სულ დარიცხულია გადასახადი 1913 ლარი, ჯარიმა 706 ლარი, გადახდილია 190.07 ლარი და სხვა დარიცხვა მოსაკრებელში არ ფიქსირდება. დადგენილ ვადებში გადაუხდელ ძირითად დავალიანებაზე დარიცხულია საურავი, რაც 24.01.2024 წ. მდგომარეობით შეადგენს 3374.47 ლარს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1 “ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება აღიარებული, 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისათვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ პირს 2013 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1611 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) ან საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1611 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება).

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 144-ე და 145-ე ნაწილებზე, რომლის თანახმად:

144. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად ჩამოწეროს იმ პირის მიერ გადასახდელი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის გათვალისწინებული მოსაკრებლის გადაუხდელი ოდენობა და მასთან დაკავშირებული გადაუხდელი ჯარიმა და საურავი, რომელსაც 2023 წლის 1 დეკემბრამდე შესაბამისი ლიცენზიით (სათანადო დამტკიცებული ათვისების გეგმით ან მის გარეშე) არ უსარგებლია, კერძოდ, მიწისქვეშა მტკნარი წყალი არ ჩამოუსხამს. ამ ნაწილის მოქმედება პირზე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) შესაბამისი პირი 2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით აღარ ფლობს მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გაცემულ ლიცენზიას;

ბ) შესაბამისი პირი 2024 წლის 1 აპრილამდე მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის ლიცენზიის გამცემ ორგანოს მიმართავს ამ ლიცენზიის გაუქმების შესახებ და 2023 წლის 1 დეკემბრიდან 2024 წლის 1 აპრილის ჩათვლით არ ისარგებლებს აღნიშნული ლიცენზიით, კერძოდ, არ ჩამოასხამს მიწისქვეშა მტკნარ წყალს.

145. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის 144-ე ნაწილით გათვალისწინებული წესი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

ამავე კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ბარათზე დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ბარათზე დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება).

3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. 16) ან სასამართლოში, (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება დარიცხულ მოსაკრებელს და ითხოვს თანხის ჩამოწერას, რათა დასრულდეს კომპანიის ლიკვიდაციის საკითხი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2011 წლიდან კომპანია არის ლიკვიდაციაზე. დადგინდა რომ, კომპანიას ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში, დავალიანება წარმოშობილია აუდიტის დეპარტამენტის 16.01.2012 წლის N002–7 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხებით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:309(37,58,59,144,145);