გადაწყვეტილება №98158/1/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№98158/1/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 29.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №98158/1/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 11 ივლისის №15793 ბრძანების აღსრულების შედეგები
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.08.2025 წლის №042-23 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.09.2025 წლის №20167 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 36 227,74 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 34 314,31
ჯარიმა - 0,20
საურავი - 1 913,23
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა საკუთარი ან იჯარით აღებული საცხოვრებელი შენობების გაქირავება და მართვა (68.20.1). დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 27 ნოემბერს. რეგისტრაციის მისამართია - -------, -------.
აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.11.2024 წლიდან 1.12.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 4 ნოემბერს შეძენილი აქვს 3 კომერციული ფართი, რომელზეც მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, ამასთან, გადამხდელს 2024 წლის 22 ნოემბერს უფიქსირდება საცხოვრებელი ბინის (ს/კ -------) რეალიზაცია (შეძენილია 2024 წლის 13 აგვისტოს დღგ-ის არა გადამხდელი ფიზიკური პირისგან), რომელსაც არ განიხილავს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.
გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 25 დეკემბერს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი განმარტებით ირკვევა, რომ მის საქმიანობას წარმოადგენს არასაცხოვრებელი ფართების ყიდვა და მისი რემონტის შემდგომ საცხოვრებელ ფართებად გაყიდვა. შესაბამისად, 2024 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ საცხოვრებელი ფართის რეალიზაცია მიჩნეულ იქნა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდებად და დაიბეგრა დღგ-ით ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის ფასით (82 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით). აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.04.2025 წლის №042-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.07.2025 წლის №15793 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 აპრილის №042-8 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმისაგან, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 11.07.2025 წლის №15793 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 5.09.2025 წლის №97217/1/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 11.07.2025 წლის №15793 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.08.2025 წლის დასკვნა, 8.08.2025 წლის №17899 ბრძანება და 11.08.2025 წლის №042-23 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა ჯარიმა 17 157 ლარით.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 12.09.2025 წლის №20167 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში მოცემული თანხები დათვლილია არასწორად, გარდა ამისა არ არის გათვალისწინებული რიგი გარემოებები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინება და ადეკვატური ანალიზი მიგვიყვანს იმ დასკვნამდე, რომ აქტით დარიცხული თანხები დარიცხულია არასწორად.
საქმიანობის განსახორციელებლად 2024 წლის 4 ნოემბერს შეძენილი აქვს 3 კომერციული ფართი, რომელზეც მიღებული აქვს დღ-ის ჩათვლა, ამასთან გადამხდელს 2024 წლის 22 ნოემბერს უფიქსირდება საცხოვრებელი ბინის (ს/კ -------) რეალიზაცია (შეძენილია 2024 წლის 13 აგვისტოს დღგ-ს არა გადამხდელი ფიზიკური პირისგან), რომელსაც არ განიხილავს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ი/მ ------- მიერ 2024 წლის 25 დეკემბერს შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი განმარტებით ირკვევა, რომ მის საქმიანობას წარმოადგენს არასაცხოვრებელი ფართების ყიდვა და მისი რემონტის შემდგომ საცხოვრებელ ფართებად გაყიდვა.
13.08.2024 წელს შეიძინა საცხოვრებელი ბინა, პირადი მოხმარებისათვის და არანაირი კომერციული ინტერესი არ ჰქონია, ამასთან არც ჰქონდა ინფორმაცია რამე ვალდებულების შესახებ შემოსავლების სამსახურის მიმართ. აქედან გამომდინარე არ იცოდა, ჩვეულებრივად მიიჩნია შეძენა და ფასის იდენტურად, შესაბამისად არანაირი მოგების ინტერესი არ ჰქონდა და არც მიუღია აქედან დამატებითი შემოსავალი. როგორც აქტით არის მოხსენებული, რომ 2024 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ საცხოვრებელი ფართის რეალიზაცია მიჩნეულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდებად ეს არ შეესაბამება მის მიერ განხორციელებულ ქმედებას, ხოლო შემდეგ უკვე 2024 წლის ნოემბრის თვეში შეიძინა სამი ერთეული საოფისე ფართები, ამ პერიოდში უკვე გაიარა კონსულტაცია შემოსავლების სამსახურში და მიიღო ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის წინაშე ვალდებულებების შესახებ, რომელიც შეასრულა პირნათლად, ყველა კანონის გათვალისწინებით, დარეგისტრირდა ინდ მეწარმედ, დღგ-ის გადამხდელად და დაადეკლარირა შესაბამის ვადებში. ამასთან ბიუჯეტიდან თანხა არ მოუთხოვია, პირიქით რაც ჩათვლის საფუძველზე თანხა მის პირად ანგარიშზე დაუბრუნდა, უკლებლივ ბიუჯეტში დააბრუნა უკან. აქედან გამომდინარე არ ეთანხმება დარიცხვის 2024 წლის აგვისტოს შეძენილი საცხოვრებელი ბინის თაობაზე და აღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაციას არ განიხილავს დასაბეგრ ოპერაციად.
მომჩივანი ითხოვს, გათვალისწინებული იქნას მისი მდგომარეობა, მისი ასაკი და ასევე მისი ოჯახის წევრის მეუღლის მძიმე მდგომარეობა, მომჩივანს ფიზიკურად არ გააჩნია შემოსავალი პენსიის გარდა, რომელსაც მთლიანად იყენებს საჭირო მედიკამენტებისათვის და ბიუჯეტში გადასახადი თანხის საშუალება არ გააჩნია. აქედან გამომდინარე დავალიანების გადახდას ვერ შეძლებს. გათვალისწინებული იქნას მისი ასაკი, მდგომარეობა და განულებულ იქნას დარიცხული თანხა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 11.07.2025 წლის №15793 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 აპრილის №042-8 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმისაგან, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 11.07.2025 წლის №15793 ბრძანების აღსრულების შედეგებზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.08.2025 წლის დასკვნა, 8.08.2025 წლის №17899 ბრძანება და 11.08.2025 წლის №042-23 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა ჯარიმა 17 157 ლარით.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 11.07.2025 წლის №15793 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 11 ივლისის №15793 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს 2024 წლის ნოემბერის თვეში შეძენილი აქვს 3 კომერციული ფართი, რომელზეც მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, ამასთან, გადამხდელს ამავე პერიოდში უფიქსირდება საცხოვრებელი ბინის რეალიზაცია (შეძენილია დღგ-ის არა გადამხდელი ფიზიკური პირისგან), რომელსაც არ განიხილავს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი განმარტებით ირკვევა, რომ მის საქმიანობას წარმოადგენს არასაცხოვრებელი ფართების ყიდვა და მისი რემონტის შემდგომ საცხოვრებელ ფართებად გაყიდვა. შესაბამისად, 2024 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ საცხოვრებელი ფართის რეალიზაცია მიჩნეულ იქნა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდებად და დაიბეგრა დღგ-ით ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის ფასით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 11.07.2025 წლის №15793 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)