ბრძანება N 3447

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 26.02.2025
№ დოკუმენტი 3447
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3447

26 თებერვალი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.: -----)

2025 წლის 13 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი N 15) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2025 წლის 13 თებერვლის N -----/-/----- საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 დეკემბრის N----- კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და ოქროს ნაშთის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ბუღალტრულ პროგრამაში თავიდანვე არასწორად მოხდა დასაკუთრებული ნივთების წონის დაფიქსირება და ნაცვლად 30 353 გრამი მეტალის წონისა დაფიქსირდა 40 422 გრამი ნივთის (ნაკეთობის) წონა, რამაც შემდგომში საბუღალტრო პროგრამაში აღრიცხვის კუთხით გამოიწვია უზუსტობები, ვინაიდან ძვირფასი ლითონების შემდგომი რეალიზაცია ხდებოდა მეტალის წონის და არა ნივთის/ნაკეთობის გრამაჟის მიხედვით. სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ბუღალტრულ ჩანაწერებში 806 303 ლარის ნაშთის არსებობა, რაც განხილულ იქნა რეალიზებულად და მისაღები თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორის ხელფასად, რასაც ასევე არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ ოქროს შესაძლო რეალიზაციიდან მისაღები შემოსავალი არ წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ სარგებელს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის N 33108 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2023 წლის 5 აპრილის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) ოქროს საწყისი ნაშთის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის N 33108 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 13 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 17 დეკემბრის N 006-509 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა კომპანიის შიდა აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის ჩანაწერები. წინა შემოწმების მასალებში მოცემულია, რომ:

,,კომპანიის ბუღალტრული ჩანაწერებით ოქროს ნაშთი შეადგენს სულ 40 422 გრამს და გამოვლინდა დანაკლისი 500 სინჯში - 498,99 გრამი, ხოლო 985 სინჯში - 117,4 გრამი. დადგენილი რაოდენობა არ აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ 2%-იან ზღვარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მხრიდან მოხდა დანაკლისის თვითღირებულების განსაზღვრა, რაც წარმოადგენს სინჯი 500 – 45,9 ლარს გრამზე და სინჯი 985 – 87,4 ლარს გრამზე. გადამხდელს მიეთითა მოახდინოს აღნიშნული დანაკლისის რეალიზაცია აქტის გამოცემის საანგარიშო პერიოდში“.

ამასთან, ინვენტარიზაციის მასალებით დგინდება, რომ საინვენტარიზაციო კომისიას შედგენილი აქვს ოქმი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ დანართი N 16, სადაც რიგ შემთხვევაში მითითებულია სესხის ნომერი, ნივთის მთლიანი წონა და ძვირფასი ლითონის რეალური წონა.

წარმოდგენილი ინფორმაციისა და წინა შემოწმების მასალების გათვალისწინებით, არ დასტურდება გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ბუღალტრულ ჩანაწერებში დასაკუთრებული ოქროს საწყისი ნაშთი განსაზღვრული იყო არასწორად, კერძოდ, საწყის ნაშთად ასახული იყო ნივთის (ნაკეთობის) წონა, ნაცვლად ძვირფასი ლითონის რეალური წონისა. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიის ბუღალტრულ ჩანაწერებში ნაშთად ფიქსირდება დასაკუთრებული ოქრო 806 303 ლარის ოდენობით. ბუღალტრულ ჩანაწერებში არსებული ოქროს მოცულობა, რომელიც რეალურად აღარ არსებობდა, შემოწმებით ჩაითვალა მიწოდებად (აქტივების გადაცემის საანგარიშო პერიოდში, ვინაიდან ბუღალტრულად არსებული ოქროს ნაშთის არარსებობა ამავე პერიოდში დასტურდება) და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო მისაღები თანხები ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ შემოსავლად. ვინაიდან კომპანიის მიერ ლიკვიდაციის პროცესში აუქციონის წესით სრულად არ იქნა გადაცემული ოქრო სს „-----“ ბანკისთვის, აღნიშნული დაკვალიფიცირდა, როგორც ხელფასის სახით განაცემი ანგარიშვალდებულ პირზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა მიეცა ორჯერ, შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის N 31080 და 2023 წლის 27 დეკემბრის N 33108 ბრძანებებით.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე სადავო საკითხის და გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ბუღალტრულ ჩანაწერებში დასაკუთრებული ოქროს საწყისი ნაშთი განსაზღვრული იყო არასწორად, კერძოდ, საწყის ნაშთად ასახული იყო ნივთის (ნაკეთობის) წონა, ნაცვლად ძვირფასი ლითონის რეალური წონისა. შესაბამისად, ამ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის ბუღალტრული ჩანაწერებით ოქროს ნაშთში გამოვლინდა დანაკლისი. დადგენილი რაოდენობა არ აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ 2%-იან ზღვარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მხრიდან მოხდა დანაკლისის თვითღირებულების განსაზღვრა. გადამხდელს მიეთითა მოეხდინა აღნიშნული დანაკლისის რეალიზაცია აქტის გამოცემის საანგარიშო პერიოდში.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 304;