გადაწყვეტილება №23872/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.11.2024
№ დოკუმენტი 23872/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№23872/2/2024

01 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 5.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23872/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13701 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.08.2024 წლის №225-16 საგადასახადო მოთხოვნა:

2. შემოსავლების სამსახურის 21.08.2024 წლის №19143 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 442 207,7 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 243 175

მოგების გადასახადი - 47 823

საშემოსავლო გადასახადი - 182 295

ქონების გადასახადი - 13 057

ჯარიმა - 119 324

საურავი - 79 708,7

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრისათვის 13.02.2024 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.04.2024 წლის №225-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13701 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13701 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.07.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (გადამხდელმა წარმოადგინა სატრანსპორტო საშუალების შეკეთების აქტი) შესწავლა/ანალიზი. წარმოდგენილი მტკიცებულების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ავტომობილის 2022 წლის ოქტომბერში ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები (წინა მარცხენა ფრთის და კარის სამღებრო სათუნუქე სამუშაოები). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან გადამხდელის განმარტებით ავტომობილი წარმოადგენს იშვიათ მოდელს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა სარწმუნოდ მიიჩნია გადამხდელის არგუმენტები და განახორციელა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარატამენტის 24.07.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარატამენტის 1.08.2024 წლის №225-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.08.2024 წლის №19143 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით, ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდა, რომ ავტომობილს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები. შესაბამისად, გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც 2024 წლის 11 ივნისის №13701 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ:

1. არ ეთანხმება დარიცხულ ქონების გადასახადს და აცხადებს, რომ უცნობია თუ როგორ გაიანგარიშა შემმოწმებელმა ქონების გადასახადი. შესაბამისად ითხოვს გაანგარიშების ცხრილების გადმოცემას და დამატებით დარიცხული თანხის გაუქმებას.

2. არ ეთანხმება ნაღდი ფულის დანაკლისის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის გათვალისწინებით განსაზღვრულ ნაღდი ფულის ნაშთთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ერთი თვის ვადაში სრულად დააბრუნებს თანხას კომპანიის საბანკო ანგარიშზე და ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13701 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13701 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 24.07.2024 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (გადამხდელმა წარმოადგინა სატრანსპორტო საშუალების შეკეთების აქტი) შესწავლა/ანალიზი. წარმოდგენილი მტკიცებულების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ავტომობილის 2022 წლის ოქტომბერში ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები (წინა მარცხენა ფრთის და კარის სამღებრო სათუნუქე სამუშაოები). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან გადამხდელის განმარტებით ავტომობილი წარმოადგენს იშვიათ მოდელს, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა სარწმუნოდ მიიჩნია გადამხდელის არგუმენტები და განახორციელა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირება (შემცირება). კერძოდ, დასკვნის შედეგად საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა 39 440 ლარით, მათ შორის: გადასახადი 26 293, ჯარიმა 13 147 ლარით.

რაც შეეხება, ქონების გადასახადსა და ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის გათვალისწინებით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს, საბჭო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც 11.06.2024 წლის №13701 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის. ხოლო, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, საბჭო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13701 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, სადავოდ ხდის ისეთ საკითხს და წარმოადგენს იმავე არგუმენტებს, რაც თავის დროზე 17.05.2024 წელს შემოსავლების სამსახურში საჩივრის წარდგენისას ჰქონდა და რაზეც მიღებულია შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13701 ბრძანება, რომელზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13701 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13701 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს,ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარატამენტის 24.07.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარატამენტის 1.08.2024 წლის №225-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.08.2024 წლის №19143 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13701 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

304(21)