გადაწყვეტილება №28000/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 28000/2/2026
02 ნოემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ ----- )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 21.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 28000/2/2026).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 01.05.2026 წლის N 26366/2/2025 წლის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 28 ივლისის N 001-180 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 115 052,21 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 61 942.91 ლარი;
საშემოსავლო გადასახადი - 33 990,20 ლარი;
მოგების გადასახადი - 318 ლარი;
დღგ - 27 634,71 ლარი;
ჯარიმა - 29 010,70 ლარი;
საურავი - 24 098,60 ლარი;.
პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა:
მომჩივნის საქმიანობაა გენერატორების, ძრავების, კომპრესორების, ტუმბოს და ა.შ. იმპორტი და საცალო რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში ----- ტერიტორიაზე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველი იანვრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის პირველი აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. მომჩივანს სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი იმპორტირებული აქვს ----- და ----- დან. ადგილობრივ ბაზარზე უფიქსირდება მხოლოდ ერთი (1 725 ლარი დღგ-ის ჩათვლით) შეძენა.
გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. არ აქვს ჩანაწერები ექსელის ცხრილების სახით მიღებული/რეალიზებული საქონლის შესახებ, არ აქვს ნაწარმოები საქონლის მოძრაობის რაოდენობრივი აღრიცხვა. არ ფლობს ინფორმაციას სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების რაოდენობრივი ნაშთის შესახებ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის. წარმოდგენილი აქვს ცნობა ბანკებიდან ანგარიშების შესახებ, შესაბამისი ანგარიშებიდან ამონაწერები, საბაჟო დეკლარაციები და ინვოისები, ინფორმაცია სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთის შესახებ (შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის), ასევე ახსნა - განმარტება დებიტორული/კრედიტორული დავალიანების და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის არარსებობის შესახებ 31.12.2024-წლის მდგომარეობით.
გადასახადის გადამხდელს არასწორად აქვს აღრიცხული შესყიდული საქონლის თვითღირებულება. საქონელი არ აქვს ჩაშლილი დეტალურად სახეობების მიხედვით (საბაჟო დეკლარაციებზე თანდართულ ინვოისებში მითითებული დასახელებების მიხედვით). არ აქვს აღრიცხული რეალიზებული საქონელი სახეობებისა და რაოდენობის მიხედვით. ჩანაწერები ნაწარმოებია კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით. დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 21%-ს. დოკუმენტური რეალიზაცია - მთლიანი დეკლარირებული ბრუნვის 88.47%-ს.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ:
2022-2024 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებული იქნა დოკუმენტური ფასნამატი. შესყიდული საქონელი დაჯგუფებულ იქნა 12 ჯგუფად. დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატები გავრცელდა რეალიზებულ საქონელზე ჯგუფების მიხედვით. შესამოწმებელ პერიოდში 2022-2024 წლებში შესყიდულია 627 243 ლარის საქონელი (დღგ-ის გარეშე). საწყისი სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს - 86 452 ლარს. საბოლოო სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთი - 56 185 ლარს. რეალიზებული საქონლის თვითღირებულება - 657 510 ლარს.
შემოწმების შედეგად გავრცელებული საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 43.94%-ს, (მათ შორის 2022 წელს - 37.86%, 2023 წელს - 46.90%, 2024 წელს - 55.93%). აღნიშნული ფასნამატით გაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი, რამაც გაზარდა 2022-2024 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275 - ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. არაპირდაპირი მეთოდით საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებამ გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ფულადი შემოსავლის გაზრდა. პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გაანგარიშდა ნაღდი ფულის მოძრაობა.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა ჩატარებულია 2025 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით. საწარმოს, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ ერიცხება. საბანკო ანგარიშებზე რიცხული ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არის 7 028 ლარი. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში 2022-2024 წლებში ხელფასის გაცემა არ უფიქსირდება. შემოწმებით გამოვლენილი აღურიცხავი ფულის ნაშთი 135 961 ლარის ოდენობით დებიტორულ/კრედიტორული ნულოვანი ნაშთების გათვალისწინებით, მიჩნეულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. გადასახადის გადამხდელს ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის N 13433 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს:
- შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- შეისწავლოს 2025 წლის 15 აპრილის N 001-53 საგადასახადო მოთხოვნაში დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის N 13433 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 12.09.2025 წლის 25450/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განხორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის N 13433 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 17 სექტემბრის N 001-201 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 3 დეკემბრის N 26609 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 12.09.2025 წლის N 25450/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 16.02.2026 წლის დასკვნის საფუძველზეც, გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 1 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.02.2026 წლის N 001-29 საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 3 დეკემბრის N 26609 ბრძანება და საბჭოს 12.09.2025 წლის N 25450/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 23.02.2026 წლის N 001-29 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს 01.05.2026 წლის N 26366/2/2025 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა 15 კალენდარული დღის განმავლობაში დოკუმენტური ფასნამატის სრული გაშიფვრის და გამიჯვნის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რითაც შესაძლებელი იქნება შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება, რომ დოკუმენტური რეალიზაცია გამოირიცხოს ჯამური რეალიზაციიდან და მასზე არ გავრცელდეს ფასნამატი (უცვლელი დარჩეს დოკუმენტში დაფიქსირებული ფასი), ხოლო არადოკუმენტურ (საცალო) რეალიზაციასა და საწყის და საბოლოო ნაშთებს შორის სხვაობაზე გავრცელდეს დოკუმენტური ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განხორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს 01.05.2026 წლის N 26366/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.07.2026 წლის დასკვნა, რის საფუძველზეც, გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 1 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2026 წლის N 001-180 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია:
• საგადასახადო შედეგების გადაანგარიშების შესახებ გამოცემულ დასკვნაში აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით არასწორად იყო განსაზღვრული რეალიზებული საქონლის თვითღირებულება რიგი დასახელების პროდუქციაზე. ასეთი საქონლის რაოდენობა იყო სულ რამდენიმე და არაარსებითი ცვლილების გამოწვევა შეეძლო მთლიან ფასნამატზე.
• აუდიტის დეპარტამენტი საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნავდა, რომ დოკუმენტური რეალიზაცია 100%-ით არ არის გაშიფრული, კერძოდ ს/ზედნადებით რეალიზებულია 831 170 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) 420 ცალი სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილით შეძენებთან დაკავშირებულია 679 740 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) 321 ცალი სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი.
• არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის გაანგარიშებისას შესაძლებელია 100%-ით არ ხდებოდეს დოკუმენტური რეალიზაციის იდენტიფიკაცია, მაგრამ გადამხდელის მიერ წარდგენილ ცხრილში მთელი დოკუმენტური რეალიზაციის 82% დაკავშირებულია.
• აუდიტის დეპარტამენტი ასევე მიუთითებს, რომ რიგ შემთხვევებში 77 995 ლარის შეძენილი საქონელი დაკავშირებულია გადამეტებით (მაგალითად კონკრეტული იმპორტის დეკლარაციით შეძენილია 7 ცალი და რეალიზაციაში დაკავშირებულია 12 ცალი). ასევე შეძენილია საქონელი შემდეგ თვეში და გაყიდულია წინა თვეში.
• შესაძლოა მსგავსი ტექნიკური შეცდომა იყოს დაშვებული, მაგრამ დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გამომწვევი მიზეზი ისაა, რომ არსებობს იმავე თვითღირებულების იმავე დასახელების საქონელი სხვა საბაჟო დეკლარაციით და ერთის მეორეთი ჩანაცვლებით შედეგი არ შეიცვლებოდა. ასევე პერიოდის ცვლილება არის ტექნიკური შეცდომა.
• მიუხედავად ზემოაღნიშნული ტექნიკური შეცდომებისა, 77 995 ლარის მთლიანი რეალიზაციიდან ამოღებით 70%-ზე მეტი დოკუმენტური რეალიზაცია სრულიად საფუძვლიანად იძლევა არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის გადაანგარიშების საშუალებას.
• აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, საცალო რეალიზაციის შედეგად დადგენილი ციფრი 92 000 ლარიდან გაზრდილია 245 000 ლარამდე. მომჩივნისთვის ყოვლად გაუგებარია, რა ფასნამატი მიუყენა აუდიტის დეპარტამენტმა საცალო რეალიზაციას, რადგან 92 000 ლარის რპთ-ს რა საბაზრო ფასი მიუყენეს რომ მიიღეს 245 000 ლარის შემოსავალი, გამოდის საცალო რეალიზაციის რპთ-ს მიუყენეს დაახლოებით 400%-იანი ფასნამატი, რომ მიღებულიყო 245 000 ლარის შემოსავალი, რაც არარეალური და ყოვლად მიუღებელია.
• არსებულ მოცემულობაში, სადაც საწყისი ნაშთი დაფიქსირებულია 86 452 ლარი, ხოლო საბოლოო ნაშთი დაფიქსირებულია 56 185 ლარი და ნაშთებს შორის სხვაობა შეადგენს 30 267 ლარს, ხოლო საცალო რეალიზაცია შეადგენს დაახლოებით 92 000 ლარს, გაურკვეველია როგორ შეიძლება ერთობლივი შემოსავალი გამხდარიყო 245 000 ლარი, მაშინ როცა აუდიტის დეპარტამენტს, ხოლო 2022 წელს დადგენილი აქვს 37,86%, 2023 წლისთვის დადგენილი აქვს 46,9% და 2024 წელს დადგენილი აქვს 55,93% ფასნამატი. 2026 წლის 16 თებერვლის დასკვნაში აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხის შესწავლის შედეგად სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.
• აქვე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების არ გამოყენების საფუძველი. ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტს მიეცეს პირდაპირი დავალება ფასნამატის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნეს აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი მტკიცებულებები, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოხდეს ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრა და დამატებული ღირებულების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება. მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მომჩივანი ასევე მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე და დავის განმხილველ ორგანოს ყურადღება მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21-ე ნაწილის შესაბამისად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საბჭოს 01.05.2026 წლის N 26366/2/2025 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება 15 კალენდარული დღის განმავლობაში დოკუმენტური ფასნამატის სრული გაშიფვრის და გამიჯვნის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რითაც შესაძლებელი იქნება შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება, რომ დოკუმენტური რეალიზაცია გამოირიცხოს ჯამური რეალიზაციიდან და მასზე არ გავრცელდეს ფასნამატი (უცვლელი დარჩეს დოკუმენტში დაფიქსირებული ფასი), ხოლო არადოკუმენტურ (საცალო) რეალიზაციასა და საწყის და საბოლოო ნაშთებს შორის სხვაობაზე გავრცელდეს დოკუმენტური ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განხორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 22.07.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელად.
ხსენებულ დასკვნაში მითითებულია შემდეგი:
გადამხდელმა 16.07.2026 წელს წარმოადგინა ელექტრონულად, ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი. წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით რეალიზებული პროდუქცია სრულად არ არის დაკავშირებული შეძენებთან. კერძოდ, ს/ზედნადებით რეალიზებულია 831 170 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) 420 ცალი სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილით შეძენებთან დაკავშირებულია 679 740 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) 321 ცალი სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი. არ არის გაშიფრული/დაკავშირებული 151 430 ლარის 99 ცალი საქონლის რეალიზაცია. წარმოდგენილი ცხრილი შეიცავს რიგ ხარვეზებს. რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა აღემატება შეძენილს (იმპორტირებულს). საილუსტრაციოდ წარმოადგენს ერთ კონკრეტულ მაგალითს: 02.03.2022 წელს საბაჟო დეკლარაციით ----- იმპორტირებულია 7 ცალი გენერატორი თვითღირებულებით 959 ლარის ოდენობით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილით 959 ლარის თვითღირებულების გენერატორი ს/ზედნადებებით რეალიზებულია 12 ცალი. (მაშინ როდესაც შეძენილია 7 ცალი, ვერ მოხდებოდა 12 ცალის რეალიზაცია). მსგავსი უზუსტობა დაშვებულია 41 ცალი, 77 995 ლარის თვითღირებულების გენერატორის შემთხვევაში. ფიქსირდება არაერთი შემთხვევა, როდესაც ჯერ პროდუქციის რეალიზაცია არის და მერე შეძენა/იმპორტი. კერძოდ: 21.07.2023 წელს ს/ზ N ----- რეალიზებული გენერატორი დაკავშირებულია 09.10.2023 წელს იმპორტირებულთან (საბაჟო დეკლარაცია ----- ) ოქტომბერში იმპორტირებულის რეალიზაციას ივლისის თვეში ვერ განახორციელებდა. გადამხდელს იმპორტირებული აქვს 953 ცალი 627 243 ლარის სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი ძირითადად დიზელ - გენერატორები. საიდანაც განხორციელებული აქვს 420 ცალის დოკუმენტური რეალიზაცია. საბოლოო სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების რაოდენობრივი ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის არის 69 ერთეული 56 185 ლარის თვითღირებულების დიზელ გენერატორი, ძრავა, ტუმბო და გრუნტის - მიწის სატკეპნი.
აუდიტის დეპარტამენტის 07.09.2026 წლის N ----- წერილით წარმოდგენილი მოპასუხის პოზიცია იმეორებს ზემოაღნიშნული დასკვნის შინაარსს. მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ ზემოაღნიშნულ უზუსტობებს შეუძლია არსებითი გავლენის მოხდენა ფასნამატზე. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირების ცხრილი არის არასრული, შეიცავს რიგ ხარვეზს. არ იძლევა დოკუმენტური ფასნამატის სრულად გაშიფვრისა და გამიჯვნის შესაძლებლობას, შესაბამისად სათანადო საფუძვლის არ არსებობის გამო მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანმა ვერ შეასრულა საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული დავალების შესრულება - წარმოედგინა დოკუმენტური ფასნამატის სრული გაშიფვრის და გამიჯვნის მიზნით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ცხრილი იყო არასრული, შეიცავდა არსებით ხარვეზებს, რაც გამორიცხავდა დოკუმენტური ფასნამატის სრულად გაშიფვრისა და გამიჯვნის შესაძლებლობას), მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საკითხი შესწავლილია საბჭოს 01.05.2026 წლის N 26366/2/2025 გადაწყვეტილებით განსაზღვრული დავალების ფარგლებში, აუდიტის დეპარტამენტის 22.07.2026 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 01.05.2026 წლის N 26366/2/2025 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს, დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას. (აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 28 ივლისის N 001-180 საგადასახადო მოთხოვნა)
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ მომჩივანის ბუღალტრული და სასაქონლო აღრიცხვის ხარვეზების გამო საგადასახადო ორგანომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო აღურიცხავი ფულადი ნაშთი დირექტორზე გაცემულ ხელფასად იქნა მიჩნეული და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და ჯარიმები.
შემოსავლების სამსახურმა საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტებისა და ტექნიკური უზუსტობის გამოსწორების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს დამატებითი შესწავლა დაავალა.
გადაწყვეტილება:
საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული დავალების ფარგლებში, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა გამოცემულია საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: