ბრძანება N 13940

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.06.2023
№ დოკუმენტი 13940
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 13940

20.06.2023

შპს „---------“-ის (ს/ნ ------)

(ფაქტ. მის--------------------)

(იურ. მის.: ------------------)

2023 წლის 22 მაისის საჩივრის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ივნისის სხდომაზე (ოქმი №64) განიხილა შპს „----------- ---“-ის (ს/ნ --------------) 2023 წლის 22 მაისის №81178/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 13 დეკემბრის №006-827 საგადასახადო მოთხოვნასა და 2023 წლის 21 აპრილის №006-156 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს. კერძოდ, არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ოდენობას. მიუთითებს, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი თანხა შეადგენს 27 820 ლარს და არა 25 795 ლარს. ასევე, აცხადებს, რომ კომუნალურ ხარჯებზე არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და არც დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში არ მონაწილეობს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს მიეცეს უფლება უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიღება და შემდგომ დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს ჩასათვლელი თანხების გადაანგარიშება.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. მიუთითებს, რომ დეკლარაციების წარუდგენლობა გამოწვეულია არცოდნით.

მომჩივანი ასევე არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 13 დეკემბრის №006-827 საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს მის ბათილად ცნობას.

 

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 აპრილის №006-156 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივნისის №16261 ბრძანების საფუძველზე შპს „----------- ---“-ის (ს/ნ -----------) 2022 წლის 4 იანვრის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

,,1. შპს „----------- ---“-ის (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/ გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს მე-3 სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივნისის №16261 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 23 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 1 717 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 145 ლარი, ხოლო ჯარიმა 572 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 21 აპრილის №006-156 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

• გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და დღგ- ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, განსაზღვრულ ვადაში შემოწმებისთვის არ წარუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

• ქონების გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადამხდელმა შემმოწმებელს წარუდგინა კაპიტალში შეტანილი ქონების გაანგარიშების ცხრილები ცვეთის გათვალისწინებით, შესაბამისი პერიოდების მიხედვით. აღნიშნულის შესწავლის შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა 2023 წლის 21 აპრილის №006-156 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საჩივრით წარმოდგენილ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში დავალებული ჰქონდა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა, რაც არ განუხორციელებია. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი. ამასთან, მე-2 სადავო საკითხად გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.

ასევე, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების მიზნით, დავალებული ჰქონდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარდგენა, რაც არ განუხორციელებია. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები აღნიშნულ ნაწილში დარჩა უცვლელი. ამასთან, ქონების გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადამხდელის არგუმენტების მიხედვით საკითხის სრულყოფილად შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესრულდა და შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 13 დეკემბრის №006-827 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 13 დეკემბრის №006-827 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შპს „----------- ---“-ის (ს/ნ -----------) მიერ 2022 წლის 4 იანვარს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივნისის №16261 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს „----------- ---“-ის (ს/ნ -----------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 13 დეკემბრის №006-827 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------- ---“-ის (ს/ნ -----------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 აპრილის №006-156 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „----------- ---“-ის (ს/ნ -----------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 13 დეკემბრის №006-827 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1. მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივნისის №16261 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 23 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 21 აპრილის №006-156 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ამასთან,საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 13 დეკემბრის №006-827 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მომჩივანის მიერ 2022 წლის 4 იანვარს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივნისის №16261 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

გადაწყვეტილება

 

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 301( „ზ“); 302(6); 304(21);