ბრძანება N 16437

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.07.2026
№ დოკუმენტი 16437
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16437

20 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 28 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 ივლისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა შპს „----“ (ს/ნ -----) 2026 წლის 28 ივნისის №103140/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 ივნისის №041-36 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის გაანგარიშების შედეგად დარიცხულ სარგებელს. მიუთითებს, რომ შპს „-----“ 2017 წლამდე გაუნაწილებელი მოგება ჰქონდა 56 617 ლარი (რომელიც დასტურდება 2017 წლამდე წარდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციებით და 2013 წლის 18 დეკემბრის N---- ბრძანებით დანიშნული გასვლითი ალტენატიული საგადასახადო შემოწმების აქტით), აღნიშნულ მოგებაზე გადახდილია შესაბამის პერიოდში კუთვნილი მოგების გადასახადის თანხები. შესამოწმებელ პერიოდამდე აღნიშნული მოგება განაწილებული არ არის. შესაბამისად, გადამხდელი ითხოვს შემოწმების მიერ დაანგარიშებული სარგებლის თანხა, 70 771 ლარის ოდენობით ჩაითვალოს 2017 წლამდე დაგროვილი მოგების განაწილებად და აღნიშნული თანხით შემცირდეს დარიცხული სარგებლის თანხა.

ასევე, მომჩივანი მიუთითებს, რომ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში, საწარმოს გააჩნდა დამფუძნებლის მიერ შეტანილი კაპიტალი, რომელიც შეადგენდა 87 000 ლარს. აღნიშნული კაპიტალი დაფიქსირებული არის მოგების გადასახადის დეკლარაციებში, შესაბამის გრაფაში. ასევე, კაპიტალის არსებობის დასადასტურებლად, გადამხდელი მიუთითებს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებაზე, რომელიც შეადგენდა 232 213 ლარს. საქმიანობის დაწყების დღიდან შესამოწმებელ პერიოდამდე, ამ ოდენობის მოგება კომპანიას არ მიუღია, შესაბამისად, კაპიტალის შეტანის გარეშე, ამ ღირებულების სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს კომპანია ვერ შეიძენდა. ითხოვს, შემოწმებით გაანგარიშებული სარგებლის თანხიდან 87 000 ლარი ჩაითვალოს კაპიტალის შემცირებად და შემცირდეს დარიცხული სარგებელი, საშემოსავლო გადასახადის სახით. გადამხდელი ითხოვს, ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით გადაანგარიშდეს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები და გაუქმდეს საგადასახადო მოთხოვნა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 იანვრის №752 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 ნოემბრის №---- საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადამხდელის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;”

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 იანვრის №752 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 28 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 9 022 ლარით, მათ შორის, გადასახადი 6 014 ლარით, ჯარიმა 3 008 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 2 ივნისის №----კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ბრძანება (სალარო აპარატიდან შეცდომით ამობეჭდილ ჩეკთან დაკავშირებით) და განახორციელა შპს „-----“ (ს/ნ -----) დღგ-ის ნაწილში ვალდებულებების გადაანგარიშება. შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული დღგ-ის თანხა.

გადაანგარიშების მსვლელობისას გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციისას, საკითხის გავლისას, საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების გადაანგარიშების მიზნით გადამხდელის მიერ მოთხოვნილ იქნა: 1. საბაჟოზე გადახდილი მომსახურებების ღირებულებების გათვალისწინება; 2. N------ დეკლარაციის ფარგლებში საქონლის ღირებულების გათვალისწინება ინვოისის მიხედვით და არა დეკლარაციის მიხედვით (ვინაიდან დეკლარაციაში არასწორად იყო მითითებული ვალუტის კურსი); 3. გადამხდელმა ითხოვა 2022 წლამდე საანგარიშო პერიოდში შემოტანილი კაპიტალის და 2017 წლამდე გადახდილი მოგების გადასახადის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინებას. გადაანგარიშების შედეგად შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა პირველი და მეორე საკითხები, ხოლო მესამე საკითხზე გადაანგარიშება არ განხორციელებულა, ვინაიდან აღნიშნული საკითხების გათვალისწინების მიზნით შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კაპიტალის წარმომავლობის მტკიცებულებები და ასევე მოთხოვნილ იქნა მტკიცებულებები, რომ 2017 წლამდე მიღებული მოგება არ იყო განაწილებული წინა (2022 წლამდე) საანგარიშო პერიოდებში და ექვემდებარება განაწილებას შესამოწმებელ პერიოდში, რაზეც გადასახადის გადამხდელის მიერ არანაირი მტკიცებულება/დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის (გარდა წერილობითი ახსნა-განმარტებისა).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

2022 წლამდე საანგარიშო პერიოდში შეტანილ კაპიტალზე, 2017 წლამდე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლასთან და აღნიშნულის შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის გადაანგარიშების დასკვნას, სადაც აღნიშნულია, რომ ამ საკითხებზე შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კაპიტალის წარმომავლობის შესახებ მტკიცებულებები და ასევე, 2017 წლამდე მიღებულ მოგებასთან დაკავშირებით ინფორმაცია (რომ არ იყო განაწილებული წინა (2022 წლამდე) საანგარიშო პერიოდებში და ექვემდებარება განაწილებას შესამოწმებელ პერიოდში), რაზეც გადასახადის გადამხდელის მიერ არანაირი მტკიცებულება/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის (გარდა წერილობითი ახსნა-განმარტებისა).

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის გაანგარიშების შედეგად დარიცხულ სარგებელს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი ორგანოს ბრძანება (სალარო აპარატიდან შეცდომით ამობეჭდილ ჩეკთან დაკავშირებით) და განხორციელდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ის ვალდებულებების გადაანგარიშება, რის შედეგადაც შემცირდა დარიცხული დღგ-ის თანხა.

გადაანგარიშებისას შემოწმებამ გაითვალისწინა პირველი და მეორე საკითხი, ხოლო მესამეზე გადაანგარიშება არ განხორციელებულა, რადგან გადამხდელს მოეთხოვა კაპიტალის წარმომავლობის დამადასტურებელი მტკიცებულებების, ასევე იმის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომ 2017 წლამდე მიღებული მოგება წინა პერიოდებში განაწილებული არ ყოფილა და ექვემდებარება განაწილებას შესამოწმებელ პერიოდში რაზეც წერილობითი ახსნა-განმარტების გარდა, სხვა მტკიცებულება/დოკუმენტაცია არ წარმოდგენილა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:304(21);