ბრძანება № 28753

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.11.2023
№ დოკუმენტი 28753
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 28753

22 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 26 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №116) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ---------) 2023 წლის 26 ოქტომბრის №180698/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 სექტემბრის №094-67 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1.გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ ძირი თანხა შეადგენს შედარებით მცირე რაოდენობას და საჭიროა გადაანგარიშება.

2. გადამხდელი არ ეთანხმება დარიცხულ ჯარიმა/საურავებს და ითხოვს სანქციის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივლისის №18432 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---------“ (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 27 სექტემბრის №23722 ბრძანება და 28 სექტემბრის №094-67 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 81 546 ლარი, მათ შორის, გადასახადი 52 461 ლარი, ჯარიმა 26 331 ლარი, საურავი 2 754 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების საიტზე არსებული ინფორმაციისა და ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით და ბუღალტრული აღრიცხვით

დგინდება, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლები სრულად არ აქვს დეკლარირებული 2023 წლის მაისის თვის დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციით. კერძოდ, 2023 წლის მაისის თვეში საწარმოს მიერ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით (--------- და ----------) დღგ-ის ჩათვლით ბრუნვა შეადგენს 380 027 ლარს. აქედან, ნაწილი ექვემდებარება განაშთვას წინა პერიოდში მიღებული ავანსის საფუძველზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. ასევე, სსიპ ----------- გამოწერილია 118 554 ლარის ღირებულების მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (----------, -----------, ----------- და -----------), რომელიც არასრულადაა დაბეგრილი. ამ შემთხვევაშიც, თანხის ნაწილი ხელშეკრულებების გათვალისწინებით დაექვემდებარა განაშთვას წინა პერიოდში მიღებული ავანსის საფუძველზე (ავანსი დაიბეგრა წინა შემოწმების აქტით). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი შესაბამისად, შემოწმებით გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა - 291 460 ლარით. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, ვინაიდან, გადამხდელს 2023 წლის მაისის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები არ აქვს ასახული შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციაში, გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლები სრულად არ აქვს დეკლარირებული 2023 წლის მაისის თვის დღგ-ს დეკლარაციით. კერძოდ, 2023 წლის მაისის თვეში საწარმოს მიერ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროზე და სსიპ ,,-------------" გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლით ბრუნვა შეადგენს 380 027 ლარს და ასევე 118 554 ლარს, საიდანაც ნაწილი ექვემდებარება განაშთვას წინა პერიოდში მიღებული ავანსის საფუძველზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. შემოწმებით გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და პირს დაერიცხა გადასახადი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და შესაბამისად, დღგ-ში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, საჩივარში მითითებული პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები შემოწმებით განსაზღვრული სანქციის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დაკისრებული სანქცია განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ ძირი თანხა შეადგენს შედარებით მცირე რაოდენობას და საჭიროა გადაანგარიშება.

2. გადამხდელი არ ეთანხმება დარიცხულ ჯარიმა/საურავებს და ითხოვს სანქციის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლები სრულად არ აქვს დეკლარირებული 2023 წლის მაისის თვის დღგ-ს დეკლარაციით. შემოწმებით გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და პირს დაერიცხა გადასახადი.

2.გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, საჩივარში მითითებული პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები შემოწმებით განსაზღვრული სანქციის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:163(2);164(1);272(1);275(2);