გადაწყვეტილება №76200/1/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.12.2022
№ დოკუმენტი 76200/1/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№76200/1/2022

16.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 16.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------------ს 9.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №76200/1/2022).

 

დავის საგანი:

მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2022 წლის №056-20 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 9.11.2022 წლის №28065 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 195 409 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 106 474

მოგების გადასახადი - 81 599

საშემოსავლო გადასახადი - 24 875

ჯარიმა - 65 174

საურავი - 23 761

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 23 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, პირველადი დოკუმენტების, ბუღალტრული პროგრამა „სუპერფინისა“ და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული აქვს საქონელი შპს „-------------“-ისგან (საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №615 დადგენილების შესაბამისად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაა არაბთა გაერთიანებული საემიროები) და საბანკო ანგარიშსწორებით გადარიცხულია ავანსი საქონლის შესაძენად.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილების საფუძველზე, გაანგარიშდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ივნისის №15467 ბრძანება და №056-20 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 9.11.2022 წლის №28065 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 9.11.2022 წლის №28065 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისგან (შპს ------------) მიიღო გადახდილ ავანსსა და იმპორტირებულ სამედიცინო მოწყობილობას შორის სხვაობის თანხა, 137 813 აშშ დოლარის ოდენობით 2021 წლის 14 ივლისს, რომელიც არ გაითვალისწინა შემოწმებამ. შესაბამისად, ითხოვს მოგების გადასახადის ჩათვლას საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას სამედიცინო პროდუქცია მიღებული აქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. რადგან შპს -------- წარმოადგენს ------ კომპანიას და იგი თანამშრომლობს 140 ქვეყანასთან, მისივე დავალებით 21.05.2021 წელს 177 875 აშშ დოლარი გადაერიცხა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირს შპს -----------ს, რომლისგანაც 30.06.2021 წელს მიიღო 40 000 აშშ დოლარის იმპორტირებული სამედიცინო მოწყობილობა. აღნიშნული თანხით, 40 000 აშშ დოლარით, შემოწმების მიერ შემცირებული იქნა მოგების გადასახადი. შპს -----------ს მიერ 14.07.2021 წელს დაბრუნებული იქნა დარჩენილი სხვაობა (გადარიცხულ თანხასა და მიღებულ საქონლის ღირებულებას შორის) 137 813 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც გათვალისწინებული არ იქნა შემოწმების პერიოდში, მიუხედავად საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნებისა, რომ თუ მოხდა გადახდილი თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის მიღება, პირი უფლებამოსილია საქონლის ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში მოახდინოს გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ჩათვლა.

მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დარიცხული თანხების გაუქმებას საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

ამავე კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) ავანსის გადახდა. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

მომჩივანი, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტის ანალოგიურად, ამჟამად წარმოდგენილ საჩივარშიც აღნიშნავს, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისგან, შპს ----------სგან, 2021 წლის 14 ივლისს მიიღო გადახდილ ავანსსა და იმპორტირებულ სამედიცინო მოწყობილობის ღირებულებას შორის სხვაობის თანხა 137 813 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული შემოწმების მიერ. ითხოვს მოგების გადასახადის ჩათვლას საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე.

საქმეში არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხის ყოველმხრივ შესწავლა, საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.